რეზო აზიზ მიქელაძე

ყურანის ძვირფასო მასწავლებლებო!

არდადეგების პერიოდში ყურანის მოსწავლეების მიმართ დიდი ღვაწლი გასწიეთ. ყურანის – ღვთის სიტყვის კითხვა, ლოცვის აღსრულება, ლოცვის სურები და ვედრებები შეასწავლეთ. თქვენ ასწავლეთ გამჩენის შეცნობა, სხვაგვარად ცოდნას არანაირი ფასი არ აქვს. დიდი შოთა ხომ შეგვაგონებს: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.“ თქვენი ამაგი შეუფასებელია. თითოეული ასობგერის შესწავლაში ხომ 10 მადლი დაიმსახურეთ. ამასთან ერთად, როცა ისინი იკითხავენ, ანალოგიურ მადლს ისევ მოიგებთ. ამას „სადაყაი ჯარიე“ (ულევი სიქველე) ჰქვია, რომელიც დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
თქვენ ზაფხულის არდადეგების პერიოდში უდიდესი შრომა ჩადეთ, მაგრამ თუ ახალ დარგულ ნერგს არ მორწყავ, ჯერ გაყვითლდება, შემდეგ კი დაჭკნება და გახმება. სულ მალე ყურანის კითხვას, ლოცვის აღსრულებას დაივიწყებენ. ამგვარად ის ულევი მადლიც, სამწუხაროდ, შეწყდება… ამიტომ ძალიან გთხოვთ, ზაფხულის სწავლების დასრულების შემდეგ ბავშვებთან ურთიერთობა არ გაწყვიტოთ და სულ ცოტა შაბათ-კვირას რამოდენიმე საათით განაგრძოთ სწავლება, რათა რელიგიური საბაზისო ცოდნა მაინც მიიღონ ჩვენმა შვილებმა. შეეცადეთ ბავშვებს ისე აუხსნათ, რომ არ გახდეს მათთვის მოსაწყენი. თვეში ან ორ თვეში ერთხელ გამოცდა ჩაუტარეთ, წარმატებული მოსწავლეები წიგნებით, კალმებით დაასაჩუქრეთ. ამ ეპოქაში სამლოცველოში მოსვლაც კი უდიდესი მიღწევაა. დღეს თითქმის ყველა ბავშვი იყენებს სოციალურ ქსელებს, შევქმნათ შიდა ჯგუფი, რათა ბავშვებთან გვქონდეს მუდმივი ურთიერთობა. ამ ყველაფერთან ერთად შევეცადოთ ბავშვები შევაჩვიოთ დღეში ერთხელ მაინც „ჯემა’ეთით“ ლოცვას. სამლოცველოებში აუცილებლად მოვაწყოთ საბავშვო წიგნების კუთხე, საბავშვო მოთხრობებით, ჟურნალ-გაზეთებით. ბავშვებს ვათხოვოთ წიგნები, მაგრამ წიგნის გაცემამდე ამ წიგნის მნიშვნელობაზე ყურადღება გავამახვილოთ, ასე შევძლევთ ბავშვის დაინტერესებასა და მოტივირებას.
ხანდახან რაღაცით გავუმასპინძლდეთ და ავუხსნათ ალალი პროდუქტისა და ჯანსაღი კვების მნიშვნელობა. ლმობიერად მოვექცეთ, რათა მათ გულებში მოწყალებამ დაისადგუროს, შუამავალი (ს.ა.ს.) ხომ ბრძანებს: „ჩვენიანად არ ჩაითვლება ის, ვინც უმცროსებს ლმობიერად არ მოექცევა და უფროსებს არ დააფასებს!“ ისინი წავახალისოთ მოკლე მოთხრობებისა და ზღაპრების წერაში. ამრიგად შევძლებთ ყველა ხელსაყრელი მომენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სუფთა ცხოვრებით შეძლონ ცხოვრება, როგორც მორწმუნე ადამიანს შეეფერება. დღეის შემდეგ უფრო მეტი მოთმინება და ჯაფის გაწევაა საჭირო, რათა ჩვენი ახალგაზრდობა ჩამოყალიბდეს ზრდილი, გულკეთილი, გულწრფელი, სპეტაკი, გონიერი, ძლიერი და მიმტევებელი. ასე შევძლებთ პატარა „ნერგების“ ყოველგვარი სიავისა და ცოდვისგან დაცვას.
გამჩენმა ადამიანი საუკეთესო და სპეტაკ არსებად დაადგინა დედამიწაზე, ამიტომ ღვთის მიერ ადამიანისთვის დადგენილი ბუნება არ უნდა დავამახინჯოთ, აღვზარდოთ „ნერგები“ სპეტაკნი, რათა უშველებელ ჭადრებად მოევლინონ ქვეყანას, კუთხესა და კუნჭულს.
ძვირფასო ყურანის მასწავლებლებო, აუცილებლად გავაგრძელოთ სამლოცველოებში ბავშვების აღზრდის პროცესი, რათა თქვენი ღვაწლი არ წაიშალოს და ის ჯილდო-მადლი მარადიული იყოს. სამლოცველოები უცოდველი არსებებით – ბავშვებით გაივსოს, თქვენი ღვაწლის საზღაური კი, „ინშალლაჰ“ (ღვთის ნებით), „ფირდევსი“ ყოფილიყოს!
ღმერთო ჩემო, მიაწვდინე ყურანის კითხვის მადლი ღვთის შუამავლის (ს.ა.ს.) სულს, მისი ოჯახისა და თანამედროვეების სულებს. ასევე ჩვენი მშობლების, ძმების, დების, შვილების, ნათესავების, ახლობლებისა და მეგობრების, მასწავლებლების, ყველა იმ ადამიანის, ვისაც ჩვენზე რაიმე სახის ამაგი აქვს, სიკეთის მქმნელთა, ყველა მორწმუნე ძმისა და დის, გარდაცვლილნი არიან თუ ცოცხალნი, ყველა ზემოთ მოხსენებულის სულებს მიაწვდინე.
აამიინ!

Comment here