Rezo aziz mikeladze

ოჯახი

ყურანიდან ვიცით, რომ ადამიანის თავგადასავალი იწყება ერთი წყვილითა და ოჯახით – ადამითა (ა.ს.) და ევათი (ა.ს.). ისინი ერთი და იგივე ტალახისგან შეიქმნენ და ერთნაირი ბრძანება მიიღეს. გამჩენმა ასწავლა მათ მეწყვილეობა. ისინი ერთმანეთს წყალობის მთაზე შეხვდნენ და სწორედ მაშინ შეიქმნა პირველი ოჯახი. მას შემდეგ დედამიწაზე არსებობა დაიწყო დედ-მამისა და შვილების ინსტიტუტმა. ყველა ოჯახი ცხოვრების კვალს ატარებს თავისი სიამტკბილობითა თუ სიმწრით. არა მარტო ჩვენი ცხოვრების ისტორია, არამედ ადამიანთა მოდგმის ისტორიაც ღირებულია. ამიტომ, ყურანი წარმოგვიდგენს სხვადასხვა დროის ოჯახის ქრონოლოგიურ ტაბულას, გარემოსა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. ადამის (ა.ს.) ოჯახი ნიმუშია სინანულის, ნუჰისა (ა.ს.) და ლუტის (ა.ს.) ოჯახები – ურწმუნოების, უარყოფის, იბრაჰიმის (ა.ს.) ოჯახი – მორჩილების, სასოების, იაყუბის (ა.ს.) ოჯახი – მონატრების, მუსას (ა.ს.) ოჯახი – გადასახლების, იმრანის (ა.ს.) სახლეული კი, უბადლო ბედნიერებისა და სიმშვიდის. ოდითგან ვაწყდებით ისეთ ოჯახებს, სადაც სევდა, ტკივილი, ტანჯვა და იმედგაცრუება სუფევდა, თუმცა მათ სიცოცხლის ძალა მოთმინებამ, სასოებამ, ერთგულებამ და რწმენამ მოჰგვარა. ოჯახი ჰგავს ჭადარს, რომელიც პატარა ყლორტიდან იზრდება და რომლის ტოტებიც ცას ებჯინება, ხოლო ფესვები მიწაში ღრმად არის გადგმული. ოჯახის ყველა წევრი, ადამის (ა.ს.) ოჯახიდან დაწყებული დღემდე განსაკუთრებულია. ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს სიყვარული, თანაგრძნობა, ნდობა, პატივისცემა და სამართლიანობა. სწორედ ამ ფასეულობებს შეუძლია ოთხი კედელი ბედნიერების კერად გადააქციოს.

Comment here