
ძვირფასო მუსლიმებო!
ადამიანი სამყაროში ყველაზე ძვირფასი ქმნილებაა. იგი ღირსია პატივისცემისა და სიყვარულის. ქალი, კაცი, ბავშვი, ახალგაზრდა თუ მოხუცი — ყოველი ადამიანის სიცოცხლე ხელშეუხებელია და პატივისცემას იმსახურებს. ამიტომ, ვინც არ უნდა იყოს მოძალადე, ვისაც არ უნდა შეეხოს ძალადობა და რაც არ უნდა იყოს საბაბი, ძალადობის არცერთი სახე დასაშვები არ არის. არც ოჯახში, არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში და არც ციფრულ სივრცეში — სიტყვით, ქცევით თუ მოქმედებით — არავის შეიძლება ზიანი მიადგეს, არავის ღირსება და პატივისცემა შეილახოს. ჩვენი საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) ასე აღწერს მუსლიმს: „მუსლიმი ისაა, რომლის ხელიდან და ენიდან ადამიანები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.“ (თირმიზი, იმანი, 12; იბნი ჰანბელი, VI, 22)
ძვირფასო მორწმუნეებო!
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ძალადობა თითქოს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თანატოლთა ბულინგი ყოველდღიურად იზრდება; ადამიანები ერთმანეთთან ჩხუბს სოციალურ ქსელებში „გმირობად“ მიიჩნევენ; ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და გზებზე სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოება უგულებელყოფილია. ალკოჰოლი, აზარტული თამაშები, ნარკოტიკები, ბოროტებისკენ მიმავალი ციფრული თამაშები და ტელევიზიებში გავრცელებული ცუდი მაგალითები სამწუხაროდ ძალადობის გავრცელებას ყოველდღიურად ამძაფრებს.
ჩვენთვის სამაგალითო შუამავალის (ს.ა.ს.) ცხოვრებაში ძალადობის ნატამალსაც ვერ ვნახავთ. მან გვამცნო: „სასჯელის ყველაზე მძიმე სახეს იხილავენ ისინი, ვინც დედამიწაზე ადამიანებს უსამართლოდ ექცეოდნენ.“ (იბნი ჰანბელი, IV, 90) ამით გაგვაფრთხილა, რომ ძალადობა და უსამართლობა არასოდეს დარჩება უპასუხოდ.

ძვირფასო მუსლიმებო!
ძალადობის წამალი მოწყალებით აღზრდაა. ბავშვები, რომლებიც ღვთის ამანათები არიან, რწმენას, სიკეთეს, მოწყალებას, სიყვარულსა და პატივისცემას პირველ რიგში ოჯახში სწავლობენ. ამიტომ, ყოველი დედა და მამა ვალდებულია: (ესთეღ’უზუბილლაჰი) „მოუწოდე შენი ღმერთის გზისკენ სიბრძნით და კეთილი შეგონებით…“ (ნაჰლი, 16/125) ამ აიათის შესაბამისად აღზარდოს შვილები, მოეფეროს მათ, ასწავლოს ღვთისადმი წრფელი მსახურება და საზოგადოებისათვის სასარგებლო ადამიანად ჩამოყალიბება.
ბავშვისთვის ცოდნისა და სიბრძნის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება არის მასწავლებელი. შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ვინც ცოდნას ასწავლის, მას იმდენივე ჯილდო მიეცემა, რამდენსაც მისი მოსწავლეები იმ ცოდნით კეთილ საქმეს გააკეთებენ.“ (იბნი მაჯე, სუნნეთი, 20) ამიტომ, ყოველი მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს თავისი ზნეობით, ქცევით, სითბოთი და მოწყალებით მაგალითს აძლევს, საზოგადოებაში სათნოების და ღირსების გარანტიაა.
ძვირფასო მორწმუნეეებო!
ძალადობის ყოველგვარი ფორმა ჩვენი ცხოვრებიდან ამოვიღოთ. გულებში სიყვარული დავამკვიდროთ, ოჯახებსა და სკოლებში მოწყალება გავავრცელოთ. გულში გაჩენილი რისხვის ნაპერწკლები მოწყალების წვეთით ჩავაქროთ. შვილების გულებში სიყვარული, პატივისცემა, ურთიერთ გაგება და გაზიარება ჩავთესოთ.
არ დაგვავიწყდეს: ბავშვის გონებაში ჩაწერილი კარგი სიტყვა, გულში ჩასახული მოწყალება და სიყვარული — ეს არის ხვალინდელი მშვიდობიანი სამყაროსთვის დარგული ნერგი.
ამასთან, მოწყალების აღზრდაში ჩვენთვის გზამკვლევი მშობლები, მასწავლებლები, წინამძღოლები და ყურანის მასწავლებლები მადლიერებით უნდა გავიხსენოთ. ხუტბას ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ს.) შემდეგი შეგონებით დავასრულებ: „ვინც ადამიანებს მოწყალებით არ ექცევა, მას ალლაჰიც მოწყალებით არ გადმოხედავს.“ (ბუხარი, თევჰიდი, 2)





Comment here