
ძვირფასო მორწმუნეებო!
ჩვენი დიადი რელიგიის – ისლამის – ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ სიყვარულით არიან განწყობილი, ერთმანეთს ეხმარებიან, სიკეთეში ეჯიბრებიან და ამით უმაღლეს ზნეობრივ ერთობას ქმნიან. ისლამი ამ გზას ჩვენთვის მკაფიოდ განმარტავს: კეთილშობილება – სიყვარული და ძმობა-საძირკვლად ქცეული სიკეთე, რომელიც ადამიანს ათავისუფლებს სიხარბისგან, ეგოიზმისგან, შურისგან და სხვა სავალალო თვისებებისგან.
ძვირფასო მორწმუნეებო
კეთილშობილება ნიშნავს ადამიანების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მხოლოდ ღვთის კმაყოფილების მოპოვების ძიებაში; იმდენადვე, ან უფრო მეტადაც კი ვიფიქროთ სხვებზე, ვიდრე საკუთარ თავზე.
კეთილშობილება არის სითბოთი, წყალობითა და მოთმინებით მშობლების, მეუღლისა და შვილების თვალებში სიხარულით ჩახედვა.
კეთილშობილება არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება; უსინათლოთა თვალი, უენოთა ენა, სმენადაკარგულთა სმენა, უნარშეზღუდულთა ხელად ან ფეხად დადგომა.
კეთილშობილება ნიშნავს საზოგადოებისა და მთელ კაცობრიობის სიკეთისთვის ხან გავიღოთ ჩვენი ფინანსები, ხან დავთმოთ საკუთარი სიმშვიდე და კომფორტი. ეს არის მეზობლის, ნათესავისა და ასევე ჩაგრული ძმების გვერდით დგომა – მატერიალური თუ სულიერი მხარდაჭერის გაწევა. და როცა საჭიროა – რელიგიის, ქვეყნისა და ჩვენი სიწმინდეების დასაცავად სიცოცხლის გაღებაც კი.
ძვირფასო მუსლიმებო!
თავდადების საუკეთესო მაგალითები ჩვენმა შუამავალმა (ს.ა.ს.) და საჰაბეებმა (რ.ა.ე.) გვიჩვენეს. მათ მძიმე გამოცდებს გაუძლეს, სხვა ადამიანების გულებში ისლამის სიყვარული რომ დაენერგათ, მთელი ძალით იღვაწეს და მუდამ ალლაჰს ევედრებოდნენ მათთვის სიკეთეს. ისინი იყვნენ ცოცხალი განსახიერება შემდეგი აიათისა: „და სიამოვნებით აპურებენ უპოვრებს, ობლებს და ტყვეებს. ჩვენ მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების სურვილით გაპურებთ თქვენ, ჩვენ არ გვსურს თქვენგან საზღაური და არც მადლობა.“ (ინსანი, 76/8,9)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ჩვენი შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ვერ შეიქმნებით ჭეშმარიტი მორწმუნეები, ვიდრე თქვენს ძმას არ ისურვებთ იმას, რასაც საკუთარი თავისთვის ისურვებდით“. (ბუხარი, იმანი, 7)
და მაინც, დღეს ჩვენ უამრავი, ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა უარყოფითი ქცევის მომსწრე ვართ, რომელთა მოგვარებაც ჩვენი მორალური ღირებულებებით შეიძლება. რაოდენ სამწუხაროა, როცა ერთ მხრივ ადამიანები ერთმანეთს სტუმარმასპინძლობაში ეჯიბრებიან, მაგრამ მეორე მხრიდან – გზაზე ერთმანეთს არ უთმობენ; სასწრაფოსა და სახანძროს მოძრაობას უშლიან ხელს, საგანგებო ზოლს იკავებენ; შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ავტოსადგომებს იყენებენ! ეს არის დამაფიქრებელი სურათი, რომ ისინი, ვინც ფეხის წვერებზე დადიან და ჩურჩულებენ შვილების დაძინებისას, აწუხებენ მეზობლებსა და ავადმყოფებს ტელევიზორის ან მუსიკის მაქსიმალურ ხმაზე ჩართვით. ეს ტრაგიკული სიტუაციაა, როდესაც ისინი, ვინც საგულდაგულოდ მალავენ თავიანთ პროდუქტებში არსებულ ნაკლოვანებებს, ცვლიან ვადაგასულ პროდუქტებზე ეტიკეტებს და ჰალალისა და ჰარამის შეგრძნებას არაფრად თვლიან. არანაკლებ სამწუხაროა, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანი საკუთარ კომფორტს წინ აყენებს და ავადმყოფს, ორსულს ან მოხუცს ადგილს არ უთმობს…
ძვირფასო მუსლიმებო!
კეთილშობილების ჭეშმარიტი მოთხოვნაა, რომ ყურანის მოწოდება – „შეეწიეთ ერთმანეთს სიკეთესა და ღვთისმოშიშებაში“ (მაიდე, 5/2) – გულისყურით შევისმინოთ: სადაც კი მოწყვლადი ჯგუფია, მის გვერდით დავდგეთ; ერთმანეთს ცხოვრება გავუადვილოთ; ერთმანეთისთვის ცხოვრება ღირებული გახადოთ; ვიქცეთ ობლის ვედრების მიზეზად და გაჭირვებულის ღიმილის წყაროდ.
ხუტბა კი შუამავალის (ს.ა.ს.) შემდეგი სიტყვებით მინდა დავასრულო: „ვიდრე ადამიანი თავისი ძმის სამსახურში და დახმარებაშია, ალლაჰიც მისი შემწე და დამხმარე იქნება.“ (ებუ დავუდი, ედები, 60)





Comment here