სათაურებიხუტბა

წყალობის მახარობელი სურა:
ინშირაჰი

ძვირფასო მორწმუნენო!
ეს იყო ალლაჰის შუამავლის ქადაგების პირველი წლები. პოლითეისტების მიერ მექაში მუსლიმების მიმართ ზეწოლა და სისასტიკე გაიზარდა და მორწმუნეებისთვის ცხოვრება აუტანელი გახდა. ასეთ რთულ დროს ყოვლისშემძლე ალლაჰმა გამოგზავნა სურა ინშირაჰი, რომელიც შეიცავს ბევრ სასიხარულო ამბავს და სიბრძნეს მორწმუნეთათვის. ჩვენმა შუამავალმა (ს.ა.ვ.) სიხარული და შვება იგრძნო, როდესაც ეს სურა მოევლინა და სასიხარულო გზავნილი ხალხსაც აცნობა, რომ ღმერთი ყოველი განსაცდელის შემდეგ აუცილებლად  სიმსუბუქესა და სიმშვიდეს მოგვანიჭებს.

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს მინდა მივმართო ყველა ჩვენს და-ძმებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში აუტანელი ჩაგვრისა და სისასტიკის ქვეშ არიან, განსაკუთრებით კი პალესტინაში და სურა ინშირაჰის გზავნილები შევახსენო, რომლებიც მორწმუნეთა გულებს ამშვიდებს იმედს უსახავს.

(ო, მუჰამმედ) განა არ გაგვიხსნია და არ გაგვიფართოებია შენთვის მკერდი შენი? და არ ჩამოგხსენით ტვირთი, რომელსაც შენ წელში მოეღუნე? და განვადიდეთ შენთვის ხსენებაი შენი, (ინშირაჰ, 94/1-4)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ გვჯერა, რომ ალლაჰი ყოვლისშემძლეა. ის გვმფარველობს თავისი წყალობითა და თანაგრძნობით. სწორედ ის მოგვიხსნის მკერდში არსებულ სიმძიმეს და სიმშვიდეს მისცემს ჩვენს გულებს. ყოვლისშემძლე ღმერთი გვიხსნის ყველა უბედურებისა და განსაცდელისგან.

ძვირფასო მორწმუნენო!
ინშირაჰის სურა კიდევ ერთ რამეს გვახსენებს:

„რამეთუ, უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება; უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება!“ (ინშირაჰ, 94/5-6)

დიახ, ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი სევდის შემდეგ იქნება სიხარული, ყოველი უბედურების შემდეგ კი შვება დაისადგურებს.  ყოვლისშემძლე ღმერთს არასოდეს დაუტოვებია შუამავლები და მორწმუნეები მარტო. არასოდეს დაუტოვებია ისინი მჩაგვრელთა და მტრების წინაშე განწირულად. მან იხსნა შუამავალი ნოე წარღვნის დროს. მან შუამავალი მოსე ფარაონის ჩაგვრას გადაარჩინა. მან იხსნა შუამავალი აბრაამი ნემრუდის ცეცხლისგან.

და ბოლოს, მან იხსნა ჩვენი შუამავალი (ს.ა.ვ.) ურწმუნოთა მხრიდან წამებისა და ტანჯვისგან და გაუხსნა მას მრავალი წარმატების კარი.

ძვირფასო მორწმუნენო!
აღნიშნული სურას შემდგომ აიათებში ვკითხულობთ:

და როცა მოიცლი, წამოდექი და იშრომე და შენი ღმერთისკენ გაესწრაფე!“ (ინშირაჰ, 94/7-8)

როგორც აიათებშია ნათქვამი, სიზარმაცე და უყურადღებობა არ შეგვეფერება. მორწმუნე არ შეიძლება იყოს უპასუხისმგებლო, უყურადღებო ან თვითკმაყოფილი. ის იბრძვის იცხოვროს, იცოცხლოს და გაავრცელოს სიმართლე, ჭეშმარიტება, სამართლიანობა და წყალობა, სანამ სიკეთე არ გაბატონდება დედამიწაზე. მორწმუნე ყველაფერს აკეთებს ალლაჰის თანხმობით. ის რწმენისგან მიღებული ძალით იმედს არ კარგავს სირთულეების წინაშე.

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს პალესტინაში. კერძოდ ღაზას სექტორში, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სისასტიკე ხდება. სასტიკად ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს, მათ შორის ჩვილებს, ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს. უმოწყალოდ იბომბება სახლები, მეჩეთები, სკოლები და საავადმყოფოებიც კი. კაცობრიობის წინააღმდეგ დიდი დანაშაული ხდება მთელი მსოფლიოს თვალწინ. მაშინ, როცა ათასობით უდანაშაულო ადამიანი ერთდროულად კვდება, სამყარო, რომელმაც დაკარგა წყალობა და სინდისი, მხოლოდ უყურებს ამ გენოციდს და მის შეჩერებას არ ცდილობს. ჩაგრულთა რასა, ენა და რელიგია მხედველობაში არ მიიღება. ჩვენ მოვუწოდებთ მთელ კაცობრიობას, გვერდში დაუდგეს ჩაგრულს მჩაგვრელის წინააღმდეგ.

ძვირფასო მორწმუნენო!
გასაჭირი, რომელსაც დღეს მუსლიმები განიცდიან, აუცილებლად დასრულდება და მჩაგვრელებს მწარე სასჯელი ელოდებათ როგორც ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ისე შემდგომში. მორწმუნეები აუცილებლად გაიმარჯვებენ ალლაჰის დახმარებით. რთული დრო, რომელსაც ჩვენ გავდივართ, არის ახალი გამარჯვების საწინდარი. ჩვენ, როგორც მუსულმანები, უნდა ვიმოქმედოთ ერთიანობით და სოლიდარობით. ჩვენი ძმობა და სიყვარული მუდმივი უნდა გავხადოთ. მოწყალე ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, ხოლო მტრის წინააღმდეგ გონიერება და სიმამაცე გამოვიჩინოთ. ნუ დავკარგავთ ღვთის წყალობის იმედს. შევასრულოთ ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი უფლის, ჩვენი ძმების და კაცობრიობის წინაშე. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი გამჩენი შეგვიმსუბუქებს სირთულეებს და ამ განსაცდელს წყალობად აქცევს.

ხუტბას ბოლოს კი შემდეგ აიათს მოვუსმინოთ:
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი ალლაჰისთვის შეეწევით, ალლაჰიც შეგეწევათ და ფეხთა თქვენსა განამტკიცებს“. (მუჰამმედ, 47/7)

 

Comment here