ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აიათში უზენაესი გამჩენი ბრძანებს:
„მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. უეჭველად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის!“ (რუმი, 30/21)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „ქორწინება სუნნეთია. ვინც ჩემი სუნას მიხედვით არ მოიქცევა, ჩემიანი არ არის“. (იხ. იბნ მაჯე, „ნიქაჰ“ 1)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოება ლეგიტიმური ქორწინებისა და ოჯახის შექმნისკენ მოგვიწოდებს. ის გვასწავლის, რომ ოჯახური ცხოვრება სიყვარულს, წესიერებას, შემწყნარებლობას, პატივისცემასა და ნდობას უნდა ეფუძნებოდეს. ისლამი ასევე კატეგორიულად კრძალავს უკანონო კავშირებსა და ურთიერთობებს. ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც ლეგიტიმურობის მიღმაა, ისლამის მიხედვით მიუღებელია.
ძვირფასო მორწმუნენო
ოჯახი პატიოსანი, ბედნიერი და სანდო ცხოვრების საფუძველია. ოჯახის შექმნის გზით ვენი ადამიანური მოთხოვნილებების რეალიზებას ვახდენთ და ამავდროულად შთამომავლობას ვტოვებთ. ჯანსაღი საზოგადოების ბურჯი ჯანსაღი ოჯახია. ოჯახი ის ადგილია, სადაც ამქვეყნიური განსაცდელისა და სასოწარკვეთილების დროს თავს ვაფარებთ და ძალებს ვიკრებთ. ოჯახი დიდი სკოლაა, სადაც იმ ღირებულებებს ვსწავლობთ, რომლებიც ადამიანს ადამიანად აქცევს. ოჯახი ის გზამკვლევია, რომელიც ადამიანებს სწორად ცხოვრებას კარნახობს. ასევე, ოჯახი ის ფარია, რომელიც ადამიანებს ცოდვისა და ცოდვილობისგან იცავს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ციფრული სამყარო თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება. ბუნებრივი ამ ახალი შესაძლებლობებით ყველანი ვსარგებლობთ. ამავდროულად ვხედავთ, რომ ციფრულმა სამყარომ ადამიანთა ვნებებს ახალი შესაძლებლობები და გასაქანი მისცა. ეს ყველაფერი კი, სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახების სიმტკიცესა და სიწმინდეზეც უარყოფითად აისახება. ზოგჯერ ციფრული სამყაროს ბრჭყვიალა ფერები გვიზიდავს და ადამიანური ღირებულებები გვავიწყდება. გვავიწყდება ადამიანური ურთიერთობები და დისტანციურ ურთიერთობებში ვრჩებით. შედეგად ადამიანები რეალურ ცხოვრებას წყდებიან და ვირტუელურ სამყაროში იკეტებიან. სოციალური ქსელები ყველაზე მიმზიდველი მეგობარი ხდება და ადამიანთა ყოველდღიურობას ინტერნეტ-ამბები განსაზღვრავს. შედეგად პირდაპირი ურთიერთობები მივიწყებულია და ოჯახის წევრებიც კი ვირტუალურ ურთიერთბაში არიან. ამ გზით ციფრული სამყარო ჯანსაღი ურთიერთობებისა და სიყვარულის გარეშე გვტოვებს. მეუღლეებს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის, მეგობრებს შორის მანძილი კი იზრდება.
ძვირფასო მორწმუნენო!
ოჯახი ჩვენი არჩევანი კი არა, ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ოჯახის შექმნა შუამავალ ადამიდან მოყოლებული ყველა რელიგიაში მისაღები და სასურველი მოვლენაა. არ არებობს სხვა სოციალური ურთიერთობის ფორმა,რომელიც ოჯახს ჩაანაცვლებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამედროვე ეპოქაში რეალურ სამყაროს ალტერნატივა ციფრული სამყარო ხდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვალდებული ვართ საკუთარი თავი და ოჯახები დავიცვათ იმ მავნე ზეგავლენებისგან, რომლებიც ციფრულ სამყაროს მოაქვს. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რომლებიც ტექნოლოგიურმა წინსვლამ მოგვიტანა და მათ შორის ციფრული სამყაროთიც, მაგრამ აქ მთავარია შევინარჩუნოთ ზომიერება და ციფრული სამყაროს ნეგატიურ გავლენას ადამიანური ღირებულებები არ შევწიროთ. ჩვენ უნდა შევძლოთ თავის დაცვა და ციფრული სამყაროს მონობა ავირიდოთ. როგორც შუამავალი გვასწავლის, როგორც ოჯახურ, ისე ყოველდღიურ ურთიერთობებში სულიერი ღირებულებები წინა პლანზე უნდა დავაყენოთ და ამ გზით დავიცვათ როგორც ოჯახის ინსტიტუტი, ისე საზოგადოების სიჯანსაღე. გვახსოვდეს, წმინდა ღირებულებების სწავლება ოჯახიდან იწყება. ძლიერი ოჯახის შენარჩუნება კი ეროვნული და სულიერი ღირებულებების დაცვითაა შესაძლებელი.
Comment here