სათაურებიხუტბა

ჩვენი ოჯახები:
სიმშვიდისა
და ნდობის წყარო

ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთმა გააჩინა მამაკაცი და ქალი, როგორც ყველაზე ძვირფასი არსებები დედამიწაზე და თავიანთი თვისებებით შემკულნი ერთმანეთისთვის წყვილებად დაადგინა. მან მოგვანიჭა ოჯახის შექმნის სიკეთე, რათა ერთად ვატაროთ ამქვეყნიური ცხოვრების ტვირთი და ერთმანეთში სიმშვიდე ვჰპოვოთ.

ოჯახი ის განსაკუთრებული ადგილია, რომელიც  ადამიანებს მარტოობისგან იცავს და  თაობების გაგრძელებას უზრუნველყოფს. ეს არის ყველაზე ღირებული ინსტიტუტი, რომლის მიხედვითაც  ჩვენი რწმენა, პიროვნება და ცხოვრების წესი ყალიბდება. ოჯახი არის სივრცე, რომელიც ბავშვებთან ერთად იზრდება და ძლიერდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
ოჯახის შექმნის პირველი ნაბიჯი ქალისა და მამაკაცის ლეგიტიმური თანაცხოვრების დაწყებაა, რომელსაც საქორწინო აქტით ეყრება საფუძველი. ოჯახური თანაცხოვრება ერთი და იგივე იდეალებისა და გრძნობების გაზიარებაა და ეს ყველაფერი ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნის შესაბამისად უნდა მიმდინარეობდეს. ყურანი ასე გვმოძღვრავს:

„…ისინი სამოსელია თქვენი და თქვენ ხართ  სამოსელი  მათი“. (ბაყარა 2/187) ღმერთმა გაგვაჩინა და გვასწავლა, რომ ვენდოთ ერთმანეთს, დავიცვათ ერთმანეთი და ვიცხოვროთ ბედნიერად. ყველა ინდივიდი, კაცი და ქალი, ოჯახთან სიყვარულით, ერთგულებითა და ურთიერთგაგებით უნდა იყოს დაკავშირებული.  ქალმაც და მამაკაცმაც უნდა დაიცვან თავიანთი ოჯახი ყველა სახის ცოდვისგან,  ძალადობისა და უზნეობისგან და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ჰქონდეთ ღირსეული ოჯახური ცხოვრება.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ის საფრთხეები, რომლებიც ოჯახურ სიწმინდეს ხელყოფენ, დღითიდღე იზრდება და ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო ტენდენციები უფრო და უფრო ძლიერდება. ჩვენ ვართ ისეთ გარემოში, სადაც ოჯახი თავისუფლების დამაბრკოლებელ ერთ-ერთ ფაქტორადაა შერაცხული. ჩვენს დროში თან და თან პოპულარული ხდება აზრი, რომ მარტო ცხოვრება, პასუხისმგებლობის აღების გარეშე, უფრო მიმზიდველია. არადა ოჯახის შექმნა ადამიანის ბუნების ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნილებაა. შუამავალი ოჯახსა და ოჯახში ღირსეულად მოქცევას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და მრავალი სასარგებლო რჩევა დაგვიტოვა. ის ასე გვასწავლის: „თქვენს შორის საუკეთესო ისაა, ვინც ოჯახში საუკეთესოდ იქცევა“. (იხ. თირმიზი, „მენაქიბ“, 63)

ღმერთმა მოგვმადლა წყალობა გვქონოდა ისეთი საგანძური, რასაც ოჯახი ჰქვია და ის მოგვიწოდებს გავუფრთხილდეთ მას:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაიცავით ქვენი სულნი და თქვენი ოჯახი ცეცხლისგან, რომლის საწვავი ადამიანები და ქვებია, ზემოდან ანგელოზნი ძლიერნი და შეუბრალებელნი. არ ეურჩებიან ალლაჰს იმაში, რაც უბრძანა მათ და აკეთებენ იმას, რაც ებრძანათ“. (თაჰრიმ, 66/6)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ახალგაზრდები ჩვენი  თვალის ჩინი და სიმდიდრე არიან, რომლებიც გვაძლიერებენ. მათი რწმენა, ოცნებები და იდეები ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ჩვენი ვალია გავიგოთ მათ და სწორი ფორმებით ვუხელმძღვანელოთ, რადგან მათი გონება ნათელია, მაგრამ ემოციები და აზრები სავსეა მღელვარებით. ახალგაზრდობა ის პერიოდია, როცა ადამიანი გამოუცდელობისა და ცნობისმოყვარეობის გამო სხვადასხვა საფრთხის წინაშე დგება. ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც იზრდებიან მშვიდ და უსაფრთხო ოჯახურ გარემოში, რომლებსაც ენდობიან და მხარს უჭერენ მშობლები და გააჩნიათ რწმენა, დაცული იქნებიან იმ მორევისგან, რომლისკენაც შეიძლება გარემომ უბიძგოთ. როცა ისინი ქორწინების ასაკს მიაღწევენ, ოჯახი ვალდებულია დაეხმარონ მათ დაოჯახებაში, რათა თავიანთი ჰარმონიული გარემო მოიწყონ და ბედნიერება გაიზიარონ.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთმა ადამიანებს ოჯახი გვიწყალობა და ამ უდიდეს წყალობას თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენი ოჯახები იმ ციხესიმაგრედ უნდა ვაქციოთ, სადაც ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო გარყვნილი ტენდენციები ვერასოდეს შეაღწევს. დავიცვათ ჩვენი ოჯახები, რათა უზნეო იდეოლოგიის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ. ასევე ნუ დავივიწყებთ ღაზაში მიმდინარე მოვლენებს და იქ უკიდურეს განსაცდელში ჩავარდნილ ოჯახებს. ღმერთს შევევედროთ, რომ მათი ეს უბედურება მალე დასრულდეს.

ბოლოს კი ისევ წმინდა ყურანის აიათს მოვუსმინოთ:
და ვუანდერძეთ ადამიანს სიკეთე მშობლებლის მიმართ. ატარა დედამ თავისმა გაჭირვება-გაჭირვებით, მოავლინა ქვეყანას ტანჯვით, ხოლო ფეხმძიმობა და ძუძუდან მოშორება ოცდაათ თვეს გრძელდება. ბოლოს როცა მიაღწევს სრულწლოვანებას და შეიქმნება ორმოცი წლის, იტყვის: „ღმერთო ჩემო! შთამაგონე, რომ მადლიერი ვიყო იმისთვის, რაც მიბოძე მე და ჩემს მშობლებს, და რომ ვჰქმნა კეთილი საქმე, რომელსაც მოიწონებ. და მომმადლე სიკეთე ჩემს შთამომავლობაში. უეჭველად, შენ გთხოვ შენდობას და უეჭველად, მე ერთ-ერთი მუსლიმთაგანი ვარ!“ (აჰქაფი, 46/15)

Comment here