სათაურებიხუტბა

ჩემს ოჯახში წყალობა და სიმშვიდე სუფევს

 

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი წმინდა აიათში ბრძანებს:

„მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. უეჭველად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის!“ (რუმი 30/21)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს: „შემწყნარებელს გამჩენიც შეიწყნარებს. თქვენ დედამიწის მკვიდრნი შეიწყნარეთ, რათა ცაში მყოფებმა თქვენ შეგიწყნარონ.“ (იხ. ებუ დავუდ, „ედებ“ 58)

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესმა გამჩენმა ადამიანი გაჩენილთა შორის უმაღლეს საფეხურზე დააყენა და ამასთანავე მას უწყალობა ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც ოჯახი ეწოდება. ოჯახი ის წყალობაა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას სიმშვიდეს, ბედნიერებას და შვებას ჰგვრის. ოჯახი ღვთის მიერაა დაცული და იქ სიყვარული, თანადგომა და ბედნიერება უნდა სუფევდეს. ოჯახი ის ტკბილი ბუდეა, სადაც ყველა ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობა. ოჯახი საზოგადოების ბურჯია. გამომდინარე აქედან, ჯანსაღი ოჯახის შექმნა, ამავდროულად, ჯანსაღი საზოგადოების შენებაცაა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ოჯახის შექმნასთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება. იყო ოჯახი ნიშნავს ყველანი ერთი გრძნობითა და აზრით მოქმედებდეს. ოჯახი ღვთის კმაყოფილების მოპოვების გზაზე ხელიხელჩაკიდებული თანაცხოვრებაა. ეს არის ცხოვრება, რომლის არსშიც დევს იმედი, რომ არამარტო ამქვეყნად, საიქიოშიც ერთად ვიქნებით.

იყო ოჯახი ნიშნავს ყველა იმ ღირებულების განუხრელად დაცვას, რაც ოჯახურ სიმტკიცეს შეინარჩუნებს. ოჯახში ერთიანობისა და ოჯახური სიმტკიცის შენარჩუნებისათვის კი შემწყნარებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენ ყველა არსება გამჩენის ხათრით უნდა დავაფასოთ. ყველა არსების მიმართ ლმობიერება უნდა გამოვიჩინოთ. ლმობიერება, თანაგრძნობა, კეთილგანწყობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა ის ფაქტორები, რომლებიც ოჯახს და ზოგადად ურთიერთბებს ინარჩუნებს.

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს შუამავლის ძვირფასი რჩევების განსაკუთრებულ საჭიროებას ვგრძნობთ. მოდით, მოვუსმინოთ ამ რჩევებს და გავითვალისწინოთ. შუამავალი ბრძანებს: „თქვენს შორის ყველაზე სასარგებლო ისაა, ვინც ოჯახის წინაშე სასარგებლოა. თქვენს შორის კი ოჯახის წინაშე ყველაზე სასარგებლო, თავად გახლავართ“. (იხ. თირმიზი, „მენაქიბ“ 63)

ამრიგად, ოჯახი ღვთის ნებითა და შუამავლის სუნნეთის მიხედვით იქმნება და შესაბამისად ოჯახური სიწმინდისა და სიმშვიდის დაცვისათვის ჩვენი სულიერი ღირებულებები უნდა დავიცვათ. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ ოჯახში სიყვარული, თანადგომა, თანაგრძნობა, სიმშიდე და სამართლიანობა შევინარჩუნოთ. ჩვენ უნდა გავიფრთხილდეთ ოჯახის წევრებს და ვიზრუნოთ მათზე, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და მოხუცებზე. ოჯახური ბედნიერების გზას  რომ მივაკვლიოთ შუამავალის სუნნეთს უნდა მივყვეთ. ოჯახიდან დაწყებული მთელი საზოგადოების სიჯანსაღესა და სიმყარეზე უნდა ვიზრუნოთ. 

Comment here