ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! წინ ნუ გაასწრებთ ალლაჰს და მის შუამავალს და გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმომსმენია, ყოვლისმცოდნეა. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ აუწევთ ხმას შუამავლის ხმაზე მაღლა და არ მიმართოთ მას ისევე ხმამაღლა, როგორც მიმართავთ ერთმანეთს. რომ არ შეიქმნას თქვენი საქმენი ამაოდ და ვერც კი იგრძნოთ თქვენ“. (ჰუჯურათი, 49/1-2)
ეს აიათები გვეუბნება, რომ ალლაჰისა და მისი შუამავლის მიერ მიღებულ დებულებები უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე ჩვენი მოსაზრებები და გადაწყვეტილებები. აიათები გვახსენებს, რომ ჩვენი დამოკიდებულებები, სურვილები და ქცევები ალლაჰისა და მისი შუამავლის მიერ დაწესებულ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს. შუამავლის სუნა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში უნდა გადავიტანოთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენთვის შუამავლის მაგალითი მხოლოდ რწმენისა და თაყვანისცემის პრინციპებითარ შემოიფარგლება. ის საზოგადოებრივ ურთიერთობებშიც ჩვენი საუკეთესო მაგალითია. მან გვასწავლა თავაზიანობისა და ეთიკის წესები, რომლებიც ღვთის ბრძანების შესაბამისად ყურანშია მოცემული.
შუამავალი ყოველ სასიკეთო საქმეს ღმერთის სახელით იწყებდა და დასრულების შემდეგ მადლობას სწირავდა. ის ყოველთვის ტკბილად ესალმებოდა ოჯახს, შვილებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს, ყველას, ვისაც იცნობდა და არ იცნობდა და ამბობდა, რომ მისალმება ურთიერთსიყვარულის გზაა. ისეთი ფორმით მისალმება, როგორიც შუამავალმა გვასწავლა, ღვთისმსახურებად ითვლება. მისალმება ადამიანთა შორის თანაგრძნობის, მოწყალების, მშვიდობისა და სიყვარულის გაძლიერებას იწვევს.
ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ვისაც სწამს ღვთისა და განკითხვის დღისა, სასიკეთო ილაპარაკოს, ან გაჩუმდეს. (იხ. ბუჰარი, „ედებ“ 3) მას ყოველთვის სურდა, რომ სიკეთე და თანაგრძნობა გამოგვეხატა. ის ხმამაღლა არ ლაპარაკობდა, რათა ხალხი არ შეეწუხებინა. საუბრისას თანამოსაუბრეს სიტყვას არასოდეს აწყვეტინებდა. არასოდეს დაუდია პირობა, რომელსაც ვერ შეასრულებდა და ყველა პირობა დროულად შეასრულა. ის კატეგორიულად კრძალავს თვალთვალს, სხვისი საუბრების მოსმენას და ადამიანების პირადი საქმეების გამოძიებას. შეგახსნებთ კიდევ ერთ ჰადისს: „მორწმუნე გულთბილი ადამიანია. ვინც ადამიანებს ვერ ეგუება და ვერც მას ეგუებიან, სიკეთეს ვერ მოიტანს“. (იხ. იბნ ჰანბელი, 2, 400)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი რელიგიის, ისლამის მიხედვით, არსებობს სტუმრად წასვლის ეთიკა. სასურველია მასპინძელს წინასწარ ვაცნობოთ ჩვენი სტუმრობის შესახებ და თუ ნება დავრთო სახლში მაშინ ვეწვიოთ. ასევე საუბრის დროს ხმის ამაღლება და ყვირილი მიუღებელია. ოჯახის წევრებს, უფროსებსა და უმცროსებს თბილად უნდა მოვექცეთ. ასევე კარგად უნდა მოვექცეთ მეზობლებსა და ურთიერთობაში შემოსულ სხვა ადამიანებს. არ უნდა დავარღვიოთ მათი უფლებები. ისლამი კატეგორიულად კრძალავს ტყუილს, ცილისწამებას, ჭორაობას და მსგავს ქმედებებს. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ამგვარ ქცევებს, როგორც რეალურ ურთერთობებში, ისე ვირტუალურ სფეროშიც.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ შუამავლის სწავლება და ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში მისი დანერგვა უზრუნველვყოთ. ეს მაგალითი უნდა იყოს ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის. თუ ასე ვიცხოვრებთ, ჩვენს ირგვლივ მშვიდობა და ბედნიერება იქნება, ხოლო საიქიოში ღმერთი სამოთხით დაგვაჯილდოვებს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ახლა გამარჯვების კვირაში შევდივართ. ღვთის წყალობა არ მოჰკლებოდეს ყველა მოწამეობრივად გარდაცვლილ გმირებს. ამასთანავე მინდა შეგახსენოთ, რომ ზაფხულის ეს პერიოდი განსაკუთრებული სიცხეებით გამოირჩევა. მაქსიმალურად გამოვიჩინოთ გულისხმიერება და სიფრთხილე, რათა ხანძარი არ გავაჩინოთ. ასევე სხვებსაც მოვუწოდოთ სიფრთხილისკენ. ხანძრის შემთხვევაში სწრაფად ვაცნობოთ შესაბამის ორგანოებს. უზენაეს გამჩენს ვევედრებით დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო ყოველგვარი უბედურებისა და კატასტროფებისაგან.
Comment here