სათაურებიხუტბა

ყურანის სულიერ ატმოსფეროს ვეზიაროთ

ძვირფასო მუსლიმებო!
მედინაში ჩვეულებრივი, სიმშვიდით აღსავსე დღე იყო. შუამავალმა აბდულლაჰ ბ. მესუდი იხმო და ასე უთხრა: „აბდულლაჰ, ყურანი წამიკითხე“.  აბდულლაჰი დაიბნა და შუამავალს მოკრძალებით შეჰკადრა: „შუამავალო, ყურანი შენ მოგევლინა და მე როგორ უნდა წაგიკითხო?!“  შუამავალმა უთხრა: „დიახ, მე ყურანის მოსმენა ძალიან მიყვარს“.  აბდულლაჰმა ნისას სურას კითხვა დაიწყო.  როდესაც აბდულლაჰმა ნისას სურას ეს აიათი წაიკითხა, შუამავალს ცრემლი მოერია და აბდულლაჰს სთხოვა, საკმარისიაო.

„და როგორღა იქნება, როცა ჩვენ მივიყვანეთ ყოველი თემიდან თითო მოწმე და შენც მოწმედ მოგიყვანეთ ამათზე?“ (ნისა 4/41)

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანი ღვთიური წიგნი,  საუკეთესო სიტყვა და უდიდესი ჭეშმარიტებაა. ის სწორი გზის მაჩვენებელი გზამკვლევი და ჩვენი შვების წყაროა. ყურანის ერთ-ერთ აიათში ღმერთი ბრძანებს:

„ჰეი, ხალხო[1]! თქვენთან  ნამდვილად მოვიდა შეგონება[2] თქვენი ღმერთისგან განკურნებად იმისა, რაც გიზით გულებში, ჭეშმარიტ გზად და წყალობად მორწმუნეთათვის!“(იუნუსი 10/57)

 დიახ, ყურანი ის ჭეშმარიტი სიტყვაა, რომელიც ადამიანებს ურწმუნოებისა და უმეცრების მორევისგან იხსნის და სწორ გზაზე დააყენებს. ყურანი შვებაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ჭეშმარიტებას ელტვიან. ყურანი ღვთისგან მოვლენილი უდიდესი  წყალობაა. ის ყველაზე ძვირფასი განძია, რაც შუამავალმა თავის მიმდევრებს დაუტოვა.

ძვირფასო მორწმუნენო!

ყურანის წაკითხვა, მისი გაგება და მის მიერ ნაკარნახევი ცხოვრების წესით ცხოვრება ჩვენი ცხოვრების ძირითად მიზანს უნდა წარმოადგენდეს. ჩვენი შვილებიც, რომლებიც ჩვენი თვალის სინათლე არიან, ყურანის მოძღვრების მიხედვით უნდა აღვზარდოთ და ყველანაირად ხელი შევუწყოთ, რომ ისინიც ამ  ძვირფას სიბრძნეს ეზიარონ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შვილების  მიმართ მზრუნველობა, მათი სწორად აღზრდა და ბედნიერი მომავლისათვის მომზადება, ყურანისა და სუნას გზითაა შესაძლებელი. როდესაც ჩვენი შვილების ცნობიერებაში ჭეშმარიტი რწმენა დაისადგურებს, როდესაც ისინი ყურანისა და სუნას გზით ივლიან, როცა საუკეთესო ზნეობის ადამიანებად ჩამოყალიბდებიან და ერისა და კაცობრიობისათვისათვის სასარგებლო პიროვნებები იქნებიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოვალეობა კარგად შევასრულეთ. შუამავალი ბრძანებს: „ვერცერთი მშობელი თავის შვილს კარგ აღზრდაზე უკეთეს საჩუქარს ვერ დაუტოვებს“. (იხ. თირმიზი, „ბირ“ 33)

ძვირფასო მორწმუნენო!
მოგეხსენებათ, ყოველ ზაფხულს ბავშვებისთვის ყურანის შემსწავლელი კურსები იხსნება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ამ კურსების ფუნქციონირებას ხელი შევუწყოთ და ბავშვების ჩართულობა უზრუნველვყოთ.

მოდით, ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი შვილები ღვთიური მადლით გასხივოსნებულ პროცესში ჩავრთოთ და მათი სულიერი სიმშვიდის, ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვებაში დავეხმაროთ. ამ გზით მათი გული და გონება ყურანის ნათელით აივსება და მათ უცოდველ გულებში ყურანისა და სუნას მოძღვრება დამკვიდრდება.


[1] ო, მექას მკვიდრნო
[2] წმინდა წიგნი ყურანი, რომელშიც ნათლად არის განმარტებული, რა არის თქვენთვის საზიანო და რა არის სასარგებლო და რა არის აკრძალული და რა არის ნებადართული

Comment here