სათაურებიხუტბა

ღვთისადმი
ლოცვა-ვედრებით
ჩვენი გულები
სიმშვიდეს ჰპოვებს

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:

რომელნიც ალაჰს ახსენებენ ფეხზე მდგომარე, მჯდომარე თუ მწოლიარე, და ფიქრობენ ცათა და ქვეყნის გაჩენაზე, (ამბობენ): „ღმერთო ჩვენო! შენ ეს ამაოდ (ტყუილად) არ გაგიჩენია! დიდება შენდა! დაგვიფარე ჩვენ ცეცხლის სასჯელისგან. (ალი იმრანი, 3/191)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „მათი მდგომარეობა, ვინც თავის გამჩენს ახსენებს და ვინც არ ახსენებს, ცოცხალისა და მკვდრის მდგომარეობას გავს“. (იხ. ბუჰარი, „დეავათ“, 66)

ძვირფასო მორწმუნენო!
ლოცვა, ვედრება და ხსნება გამჩენისადმი ჩვენი მონობისა და ერთგულების გამოხატულებაა. ეს არის სულიერი სიმრავლის კარიბჭე. ეს არის ჩვენი გულების სიმშვიდის წყარო. ჩვენი გულები მისით იკვებება და ყოველგვარი დარდის განსაქარვებლად უებარი მკურნალია.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უზენაესი გამჩენი ხედავს, ისმენს და გვიცავს ნებისმიერ დროსა და ადგილას. ჩვენ ვიღებთ ჩვენი უფლის წყალობას, როდესაც ლოცვა-ვედრება აღვავლენთ. სწორედ ღვთისმსახურებაა ის გზა, რომელიც ამქვეყნიური შფოთვებისა და მოჩვენებითი წუხილებისგან გვიცავს.

ძვირფასო მორწმუნენო!
მორწმუნე მუსლიმი ყოველთვის ღმერთის ხსენებაშია და გული საამისოდ მუდმივად ღია აქვს:

„მაშ, გამიხსენეთ მე, (რათა) გაგიხსენოთ თქვენ, იყავით ჩემდამი მადლიერნი და არ იყოთ უმადურნი!“ (ბაყარა 2/152) შუამავალი ყურანის სწავლების მიხედვით ცხოვრობდა. ამიტომ ის ყოველი საქმის წინ ღმერთს სახელს ახსენებდა. ტანსაცმლის ჩაცმისას, სახლიდან გარეთ გასვლისას, მოკლედ ყოველ საქმეს ღვთის სახელის ხსენებით იწყებდა. ჭამის დაწყებამდე ღმერთს ახსენებდა, ხოლო დასრულებისას ასევე ღმერთს მადლობას სწირავდა. დაძინებამდე და გაღვიძების შემდეგაც ღმერთს ახსენებდა.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:

„რომელთაც ირწმუნეს, ალლაჰის ხსენებით იჯერეს გულნი მათნი. დიახ, მხოლოდ ალლაჰის ხსენებით ჰპოვებს გულნი სიმშვიდეს!“ (რად 13/28)

„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაიხსენეთ ალლაჰი მრავალგზის!

და ადიდეთ დილით და საღამოს!

იგია, რომელიც გლოცავთ თქვენ და მისი ანგელოზებიც, რათა გამოგიყვანონ სიბნელეებიდან სინათლეში. და სწორედ იგია მწყალობელი მორწმუნეთა!“ (აჰზაბ, 33/41-42)

ძვირფასო მორწმუნენო!
ზიქრი არის მცდელობა, შევინარჩუნოთ ღმერთის რწმენა და ამ გზით ღვთის კმაყოფილება მოვიპოვოთ. ეს არის ჩვენი სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესება, სიკეთისა და სიქველის გზაზე დგომა, სიმშვიდისა და ბედნიერების მიღწევის საუკეთესო მცდელობა. მორწმუნე, რომელიც აცნობიერებს ზიქრის ნამდვილ მნიშვნელობას, ცხოვრობს ყურანისა და სუნას შესაბამისად. ის იცავს მორწმუნეთა ძმობის კანონს. ის ცდილობს საზოგადოებაში ერთიანობისა და სოლიდარობის განმტკიცებას. მორწმუნე, რომელიც მუდმივად ღმერთს ახსენებს, მორწმუნეობრივ  მგრძნობელობას არ კარგავს.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ!  არ მოგაცდინოთ თქვენ თქვენმა ქონებამ და შვილებმა ალაჰის მოხსენიებისაგან, რამეთუ ვინც იქმს ამას, სწორედ ისინი არიან წაწყმედილნი“. (მუნაფიყუნი, 63/9)

ამრიგად, ჩვენი ვალია მუდმივად გვახსოვდეს უზენაესი გამჩენი და ყოველთვის ვახსენოთ იგი. გაჭირვება და დალხინება ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენებია. ჩვენ დალხინების დრო მადლიერება, გაჭირვებისას კი მოთმინება უნდა გამოვხატოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ყოველთვის უზენაესი გამჩენის იმედი უნდა გვქონდეს და მის უზენაეს მფარველობას უნდა მივეკედლოთ. შეცდომები და შეცოდებანი უნდა ვაღიაროთ და გულწრფელად მოვინანიოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ გამჩენი მოწყალე, მწყალობელი და მიმტევებელია. ხშირად უნდა ვიკითხოთ ყურანი, გავიგოთ და მისით ვიცხოვროთ.

ხუტბას ბოლოს კი მოვისმინოთ ვედრება, რომელსაც შუამავალი გვასწავლის: „ღმერთო! შემეწიე, რათა ვიყო შენდამი მადლიერი, ვილოცო და ღვთსმსახურება აღვავლინო!“. (იხ. იბნ ჰანბელი, 2, 299)

Comment here