სათაურებიხუტბა

ქორწინებისა და
ქორწილის ისლამური
ნორმები

ძვირფასო მუსლიმებო!
ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე და გარდამტეხი მომენტია ქორწინება. ქორწინება — ეს არის მამაკაცსა და ქალს შორის ალლაჰის ბრძანებით, ჩვენი შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) სუნნეთზე მიყოლით, ლეგალური შეუღლების გზით სიცოცხლის შერწყმა. ქორწინება არის ძლიერი ფარი, რომელიც იცავს თვალსა და გულს აკრძალულისგან, იცავს ღირსებასა და პატიოსნებას. (ბუხარი, ნიქაჰი, 3) ის ასევე უზრუნველყოფს სუფთა და ჯანსაღი თაობის ჩამოყალიბებას და ძლიერი საზოგადოების შენებას.

მორწმუნეებს, რომლებიც ქორწინებასთან მიმართებაში გულგრილად იქცევიან, ალლაჰი ასე მოუწოდებს ზომიერ და მოწესრიგებულ ცხოვრებას:

„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიკრძალოთ სიამენი, რომელზეც ალლაჰმა ნება მოგცათ თქვენ, მაგრამ არ გადახვიდეთ ზღვარს. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი. “ (სურა მაიდე, 87)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ქორწინების საჯარო განაცხადი — ნიშნობა და ქორწილი — სიხარულისა და ბედნიერების გაზიარების დახვეწილი გზებია. ეს არის გულების შეკავშირების, ერთობისა და ძმობის გაძლიერების, მეგობრობის განმტკიცების იშვიათი შესაძლებლობები. ისლამი არის საზომი ყველა ჩვენი საქმისთვის, მათ შორის ნიშნობისა და ქორწინების შემთხვევაშიც.

ჩვენი რელიგია აძლევს ნებართვას მამაკაცებსა და ქალებს, ნამეჰრამის დაცვით, ლეგალურ ფარგლებს შიგნით გადაიხადონ ეს ცერემონიალი. თუმცა, ისეთ ქორწილებს, სადაც არ არის დაცული ნამეჰრამი, უგულებელყოფილია და დარღვეულია შემოსვის ნორმები, მოიხმარება ალკოჰოლი, ხდება სროლები და საზეიმო მომენტები ტრაგედიად გადაიქცევა, ღამისა და დღის საათებში მაღალ ხმაზე მუსიკით ირღვევა გარშემომყოფთა სიმშვიდე, საქორწინო კონვოების მოძრაობით კი საფრთხეში ვარდება ადამიანთა სიცოცხლე და ქონება — ამგვარ ზეიმს არ აქვს ადგილი ჩვენს რელიგიაში.

ძვირფასო მუსლიმებო!
უბრალო ბეჭედი, გულითადი დუა და მცირე გასამასპინძლებელი სუფრა საკმარისია ქორწილისთვის. სამწუხაროდ, დღესდღეობით ქორწილები იქცა ფუფუნებისა და გადაჭარბებული ხარჯის სცენად — მდიდრული დარბაზებიდან დაწყებული აკრძალულ ტანსაცმელამდე, საჩუქრების აღქმა „ვალად“ და კოსმოსური ღირებულების „ოქროს ჯაჭვებით“ დამთავრებული. ეს ყველაფერი ამახინჯებს ქორწინების სულს. ჩვენი შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

خَيْرُ النِّكَاحِ أَيْسَرُهُ

„ქორწინებათა შორის საუკეთესოა ის, რომელიც ყველაზე მარტივად სრულდება.“ (ებუ დავუდი, ნიქაჰი, 30-31)

აქედან გამომდინარე, ქორწინების ეტაპები —  ხელის თხოვნა, სიტყვიერი შეთანხმება, ნიშნობა და მზითვის გამზადება — არ უნდა გადაიქცეს ოჯახებისა და ახალგაზრდებისთვის მძიმე ტვირთად. ასევე, ჩვენმა საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს ისეთ უცხო წეს-ჩვეულებებისგან, როგორიცაა „საქორწინო ბრაიდი“, „ბავშვის სქესის გამოცხადების ცერემონია“ და სხვა მსგავსი, რომლებიც არც ჩვენს რელიგიაშია და არც ჩვენს კულტურაში — ისინი ხსნიან კარს იმ აკრძალული საქმეებისკენ, რაც ალლაჰმა აკრძალა.

მივაქციოთ ყურადღება, რომ შუამავალი (ს.ა.ს.) ადამიანის ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევდა ბიჭების სუნნეთს. თუმცა დღესდღეობით სუნნეთის ღონისძიებებიც კი იქცა ფუფუნებისა და გამოფენების ასპარეზად — გადაჭარბებული ტანსაცმლითა და ფუფუნების დონემდე აყვანილი ხარჯებით.

ძვირფასო მუსლიმებო!
არ დავივიწყოთ: რაც უფრო შორდება ქორწინება სიმარტივეს და მიემართება პომპეზურობისკენ, მით უფრო მძიმე ტვირთად იქცევა. ამან შესაძლოა ახალგაზრდობა დააფრთხოს ქორწინებისგან ან საერთოდ ჩაიქნიოს ხელი. როდესაც ქორწილებში ღირებულება კარგავს ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებას, და მის ნაცვლად დგება „რა იტყვის ხალხი“ მენტალიტეტი — იქ წყალობა იქცევა ტვირთად, სიყვარული — სიძულვილად, ბარაქა — ვალად.

„არაფერი არ დარჩეს მოუგვარებელი!“ ლოზუნგით, ადათებისა და ტრადიციების სახელით გაწეული ხარჯები, კრედიტებისა და სესხების სახით, ოჯახებსა და ახალგაზრდებს მძიმე სირთულეში აგდებს.

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი გამჩენის ბრძანება შემდეგია:

وَاَنْكِحُوا الْاَيَامٰى مِنْكُمْ

„დააქორწინეთ თქვენგან ისინი, ვინც დასაქორწინებელია…“ (სურა ნური, 32)

ამ აიათის თანახმად, ახალგაზრდების დაქორწინება — ეს პასუხისმგებლობაა ოჯახების, საზოგადოების და ყველა შესაბამისი ინსტიტუციის. განსაკუთრებით იმ ეპოქაში, როდესაც ქორწინების ასაკი იზრდება და შობადობა მცირდება, ჩვენი ვალია ახალგაზრდების ქორწინებისკენ წახალისება, მისი გამარტივება, მათთვის მატერიალური და სულიერი მხარდაჭერის გაწევა.

ჩვენი ვალია დავემორჩილოთ შემდეგ აიათს:

اِنَّ الْمُبَذِّر۪ينَ كَانُٓوا اِخْوَانَ الشَّيَاط۪ينِۜ

„უეჭველად, მფლანგველები ეშმაკის ძმები არიან…“ (სურა ისრა, 27)

სიფრთხილე გამოვიჩინოთ ყველა საქმეში, მათ შორის ქორწილებში, გადაჭარბებასა და ზღვარგადასულობას მოვერიდოთ. ასევე, არ დავივიწყოთ შუამავალის (ს.ა.ს.) გაფრთხილება:

مَنْ كَانَ يُؤْمِنُ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ فَلَا يَقْعُدَنَّ عَلَى مَائِدَةٍ يُدَارُ عَلَيْهَا بِالْخَمْرِ 

„ვისაც ალლაჰისა და უკანასკნელი დღის სწამს, არ მიუჯდეს ისეთ სუფრას, სადაც ალკოჰოლი დევს.“ (იბნი ჰანბელი, I, 20)

ამიტომ, არ უნდა ჰქონდეს ადგილი ჩვენს ქორწილებში ალკოჰოლის არც ერთ ფორმას. და რაც მთავარია, არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ალკოჰოლით გამართულ ღონისძიებებში. და ვეცადოთ, რომ გვეშინოდეს მხოლოდ ალლაჰის და არა ხალხის ყვედრების, როგორც აიათშია ნათქვამი:

وَلَا يَخَافُونَ لَوْمَةَ لَٓائِمٍۜ

„…არ შეუშინდებიან გაკიცხვას გამკიცხველისას…“ (სურა მაიდე, 54)

ჩვენი ვალია, რომ ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის ქორწილებშიც, ვიკმაროთ ნებადართულით და არ მივმართოთ აკრძალულს.

ხუტბას დავასრულებ შუამავალის (ს.ა.ს.) შემდეგი სიტყვებით:

„ქორწინება ჩემი სუნნეთია. ვინც არ მისდევს ჩემს სუნნეთს, ის ჩემგან არ არის. იქორწინეთ და გამრავლდით! რადგან აღდგომის დღეს მე სიამაყით წარმოვადგენ თქვენს სიმრავლეს სხვა თემებთან მიმართებაში.“ (იბნი მაჯე, ნიქაჰი, 1)

Comment here