სათაურებიხუტბა

ქორწილებში შუამავლის მიერ დაწესებული ნორმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალმა თავისი საყვარელი ქალიშვილი ფატიმა ჰზ. ალიზე დააქორწინა. ჰზ. ფატიმას მზითევი ერთ ნაჭერ ხავერდს, წყლის ჭურჭელს და ერთ ბალიშს შეადგენდა. მზითვის მსგავსად მიჰრიც და ქორწილიც ძალიან მოკრძალებული იყო. ესოდენ მოკრძალებული ქორწილის მნახველები ამბობდნენ, რომ მათ ასეთი ლამაზი ქორწილი ჯერ არ ენახათ. (იხ. იბნ მაჯე, „ნიქაჰ“ 24)

ძვირფასო მორწმუნენო!
ქორწინება ღვთის ბრძანება და შუამავალის სუნნეთია. ეს არის იმ მნიშვნელოვანი გზის დასაწყისი, რომელიც ამქვეყნად ბედნიერებასა და ბარაქას მოგვიტანს, ხოლო საიქიოში სამოთხით დაგვაჯილდოვებს. როგორც ძვირფასი შუამავალი ბრძანებს: ქორწინება სარწმუნოების ნახევრის აღსრულებას წარმოადგენს. (იხ. ბეიჰაქი, „შუაბულ იმან“ 4, 382)

ქორწინების პირველი ნაბიჯი ნიშნობაა, ხოლო შემდეგ ახლობლებისა და მეგობრების თანდასწრებით, კარგი სურვილებითა და დალოცვის თანხლებით ქორწილს ვიხდით. ქორწილი არის საჯარო განაცხადი იმის შესახებ, რომ ახალი ოჯახი შეიქმნა. ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს სიხარულს უზიარებენ. ქორწილში მყოფი ადამიანები ახალშეუღლებულ წყვილს ბედნიერებას, სიკეთეს და ყველანაირ ღვთიურ წყალობას უსურვებენ და ღვთის წინაშე ვედრებას აღავლენენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის, რომ ნიშნობა, ქორწილის სამზადისი და თავად ქორწილი მაქსიმალურად გავაიოლოთ. როგორც ყველა სხვა საქმეში, ქორწილებშიც მოჩვენებითობას, ზღვარსგადასულობას, ზედმეტობას უნდა მოვერიდოთ. ჰადისის მიხედვით ძვირფასი შუამავალი ბრძანებს:

„საუკეთესო ქორწინება ისაა, სადაც სირთლე და ხალხმრავლობა ნაკლებია“. (იხ. იბნ ჰანბელი, 6, 83)

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, დღეისათვის შეინიშნება ტენდენცია, რომ დაქორწინების მსურველი ახალგაზრდები ქორწინებასთან დაკავშირებული ხარჯების გამო უფრო და უფრო მეტ პრობლემებს აწყდებიან და ამის გამო დაქორწინებისგან თავს იკავებენ. ქორწილის შემდეგ, საკმარისზე მეტი დანახარჯების გამო, ოჯახები დიდი ხნით ვალში რჩებიან და ფინანსურ კრიზისს განიცდიან. ეს უარყოფითად მოქმედებს ახალდაქორწინებული წყვილის ოჯახურ მდგომარეობაზე. ფინანსური პრობლემები იწვევს კონფლიქტებს და ოჯახები კრიზისისკენ მიდიან. ამის საპასუხოდ, მოდით გავიხსენოთ შუამავალის მოწოდება: „გაუადვიეთ, ნუ გაურთულებთ! გაახარეთ, ნუ შეაძულებთ!“ (იხ. ბუჰარი, „ილიმ“ 11)

ძვირფასო მორწმუნენო!
როგორც ყველა სხვა საქმეში, ქორწინების საკითხშიც ღვთის ბრძანებები, მის მიერ დადგენილი ნორმები და შუამავლის სუნნეთი გავითვალისწინოთ. მოდით, გავაიოლოთ ქორწინება, რადგან საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ოჯახური ბედნიერებისათვის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ქორიწლის გამართვისას თავი ავარიდოთ ზედმეტ დანახარჯებს და ამით სასარგებლო მაგალითი ვიყოთ სხვებისათვის. ვიყოთ ზომიერი და მოკრძალებული. ასევე აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ალალსა და არამს. ხუტბას კი წმინდა აიათით დავასრულებ: „ მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. უეჭველად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის! (რუმ 30/21)

 

 

Comment here