ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„ჰეი, ადამიანნო! უეჭველად, ერთი მამრიდან და ერთი მდედრიდან გაგაჩინეთ თქვენ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. უეჭველად, თქვენგან ყველაზე პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა!“ (ჰუჯურათ, 49/13)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „თქვენს შორის საუკეთესო ისაა, ვინც ოჯახს კარგად ექცევა“… (იხ. თირმიზი, „მენაქიბ“, 63)
ძვირფასო მორწმუნენო!
ორშაბათს, 15 მაისს, ოჯახის საერთაშორისო დღეა. ოჯახი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულება, რომელიც იცავს ქალისა და მამაკაცის პატივსა და ღირსებას და უზრუნველყოფს მათ ლეგიტიმურ გარემოში ცხოვრებას. ოჯახი არის ერთ-ერთი უდიდესი წყალობა, რომლითაც ღმერთმა თავისი მსახურები დააჯილდოვა. ოჯახი ადამიანის სულს სიმშვიდეს ანიჭებს და გულს ბედნიერებითა და სიმშვიდით ავსებს. ოჯახი არის ძლიერი ციხე, უსაფრთხო თავშესაფარი, რომელიც კაცობრიობის არსებობის გაგრძელებას და თაობების შენარჩუნებას უზრუნველყოფს..
ოჯახი იქმნება კანონიერი საქორწინო ხელშეკრულებით ქალსა და მამაკაცს შორის მოწმეების თანდასწრებით. როდესაც ოჯახში ქალი შედის, ის ხდება დედა; როდესაც ქალი დედა ხდება, სამოთხე ფეხქვეშ ეეგება. დედა მოწყალების, თანაგრძნობისა და თავგანწირვის სიმბოლოა. ეს არის სიყვარულისა და მზრუნველობის წყარო. როდესაც მამაკაცი აყალიბებს ოჯახურ კერას, ის მამა ხდება. მამა ნიშნავს სამართლიანობას, მშვიდობას და ნდობას. ეს არის ოჯახის საყრდენი, მისი სიმშიდისა და უსაფრთხოების გარანტი.
ძვირფასო მორწმუნენო
ისლამის მიხედვით, ქორწინების გარეშე ურთიერთობა მრუშობაა. მრუშობა ერთ-ერთი მთავარი ცოდვაა, რომელსაც ჩვენი რელიგია კრძალავს. სამწუხაროდ, მრუშობის გამო ბევრი ადამიანი დიდ ცოდვაში ჩავარდნილა, ბევრი ოჯახი დანგრეულა და ბევრი იმედები გაცრუებულა. მოდით ყურანის აიათი მოვისმინოთ:
„და არ მიუახლოვდეთ მრუშობას! უეჭველად, იგი ზნედაცემულობა და ცუდი გზაა“. (ისრა 17/32)
ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, ოჯახის სტრუქტურა, რომელიც საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს, დღითიდღე დესტრუქციულ ზემოქმედებას ექვემდებარება. წახალისებულია ქორწინების გარეშე პარტნიორობა. შემაშფოთებელია, რომ სოციალური მედიის და ზოგიერთი სატელევიზიო სერიალისა და გადაცემის შეუსაბამო შინაარსი საფრთხეს უქმნის ოჯახის სტრუქტურას. ასეთ დროს ჩვენი მოვალეობაა, მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ ოჯახში სიმშვიდისა და ნდობის დასამყარებლად.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი უზენაესი რელიგიის, ისლამის მოვლინების ერთ-ერთი მიზანია სიყვარულსა და პატივისცემაზე, ერთგულებასა და ნდობაზე დაფუძნებული ძლიერი ოჯახის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა. ამ კონტექსტში ისლამი ოჯახის თითოეულ წევრს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ანიჭებს.
მეუღლეების პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე სიყვარული, პატივისცემა და მზრუნველობაა. ეს არის ერთმანეთის მხარდაჭერა სიმდიდრესა და გასაჭირში, სიხარულსა და მწუხარებაში. მშობლების პასუხისმგებლობაა ასწავლონ შვილებს ჩვენი ეროვნული და მორალური ფასეულობები. ეს არის მათთვის თავისუფალი დროის გამოყოფა, სიყვარულის გამოხატვა, უსაფრთხო და მშვიდობიანი ოჯახური გარემოს შეთავაზება, კარგი მომავლის მომზადება. ბავშვების პასუხისმგებლობაა მშობლების უფლებების პატივისცემა. მათთან პატივისცემით მოპყრობა და მათ ამაგის დაფასება.
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესმა გამჩენმა დედაკაცი დედაკაცად, მამაკაცი კი მამაკაცად გააჩინა. ისინი პატივსაცემი არსებები არიან, რომლებიც ყოველმხრივ დაფასებას იმსახურებენ. ყველა გარყვნილი გაგება, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის წმინდა ბუნების უგულებელყოფას, ღვთაებრივი წესების იგნორირება და ადამიანის ბუნების წინააღმდეგ წასვლაა. ბუნების წინააღმდეგ მიმართული ქცევები თავისუფლების ხელოვნური ფასადის მიღმა ვერასოდეს გამართლდება. გაუგებრობები და პრეფერენციები, რომლებიც შეუთავსებელია ჩვენი რელიგიის ხედვასთან მამაკაცებისა და ქალების შესახებ, ანგრევს ოჯახის სტრუქტურას, აფუჭებს თაობების მომავალს და საზოგადოება კატასტროფამდე მიჰყავს.
ძვირფასო მორწმუნენო!
როცა ჩვენი ოჯახური სტრუქტურა შეირყევა, შეუძლებელია ერმა არსებობა განაგრძოს. ერთადერთი თავშესაფარი, რომელიც გაგვაძლიერებს და გვიცავს ყოველგვარი მავნე დინებისგან, ოჯახია. მოდით, დავაფასოთ ჩვენი ოჯახი, ჩვენი სამოთხე დედამიწაზე. ვიყოთ ფხიზლად ყველა სახის მავნე ტენდენციების წინაშე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ოჯახურ ტრადიციებს. მოდით, გულწრფელად დავიცვათ ჩვენი რელიგიის მიერ ნაბრძანები პრინციპები ოჯახურ ცხოვრებაში, ისევე როგორც ყველა სფეროში. ვეცადოთ, რომ ჩვენს ოჯახში სიკეთე და მადლი, მზრუნველობა და სიყვარული, მოკრძალება და უბიწოება იყოს გაბატონებული.
ხუტბას ბოლოს კი ისევ ყურანის წმინდა აიათს მოვუსმინოთ:
„რომელნიც ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! გვიბოძე ჩვენ სიხარული ჩვენი ცოლ-შვილის სახით და დაგვადგინე ჩვენ ღვთისმოშიშთათვის წინამძღვრად!“ (ფურყანი, 25/74)
Comment here