ძვირფასო მორწმუნენო!
ბილალი ჰაბეშს შუამავლის მუეზინობის პატივი ხვდა წილად. ერთხელ მას ასევე გამორჩეულ საჰაბესთან ებუ ზერთან კამათი მოუვიდა. ამ კამათს დროს ებუ ზერმა ბილალს „შავი ქალის შვილი“ უწოდა. ეს ამბავი შუამავალს მოახსენეს. შუამავალმაებუ ზერი ასე გააფრთხილა: „ებუ ზერ! დედა რომ შავკანიანი ჰყვს, შენ ამის გამო ბილალს ამცირებ და არცხვენ? ესე იგი, შენში ჯერ კიდევ უმეცრების ხანის კვალია შემორჩენილი“. (იხ. მუსლიმი, „ეიმან“, 38; ბუჰარი, „იმან“, 22)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი დიადი სარწმუნოების, ისლამის მიხედვით, ყოველი ადამიანი ღირებული და პატივისცემის ღირსია, განურჩევლად მისი ენის, რასის, კანის ფერის, სქესის, სექტისა თუ განწყობისა. ადამიანი ღვთის მიერ გაჩენილი ღირსეული არსებაა და ღირსეულად ცხოვრებას იმსახურებს. თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ქონება და ღირსება დასაფასებელი და ხელშეუხებელია. ჩვენ არავითარი უპირატესობა არ გვაქვს ერთმანეთზე, გარდა ღვთისმოშიშობის ხარისხისა. წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„ჰეი, ადამიანნო! უეჭველად, ერთი მამრიდან და ერთი მდედრიდან გაგაჩინეთ თქვენ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. უეჭველად, თქვენგან ყველაზე პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა!“ (ჰუჯურათ, 49/13)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ვართ ისლამური ცივილიზაციის წარმომადგენლები და ჩვენი მრწმასის მიხედვით გზეზე დაგდებული ქვის აღებაც კი რწმენის ნიშნად ითვლება. ისეთი დამოკიდებულებები და ქცევები, რომლებიც შელახავს ადამიანების პატივს და ღირსებას, მუსლიმთა რწმენას არ შეეფერება. ჩვენ იმ სარწმუნოების წარმომადგენლები ვართ, სადაც თანაგრძნობა, სამართლიანობა, სიყვარული, პატივისცემა და ერთად ცხოვრების მორალი მაღალ ხარისხშია აყვანილი. ადამიანთა უფლებების შელახვა, მარგინალიზაცია, გარიყვა, ზიზღი და დაგმობა ჩვენი ცხოვრების ვერცერთ სფეროში ფეხს ვერ მოიკიდებს. ადამიანთა დამცირება, გული სტკენა, დაჩაგრვა, აგრესია და მსგავსი ნეგატიური დამოკიდებულებების გამოვლინება ჩვენს მუსლიმურ იდენტობას არ შეესაბამება. ყურანში ვკითხულობთ:
„თუ უარყოფთ, უეჭველად, ალლაჰს არ სჭირდებით თქვენ, მაგრამ ურწმუნოებას ვერ მიიღებს თავის მსახურთაგან. ხოლო თუ მადლიერებას გამოხატავთ, მოიწონებს თქვენთვის. და არ იტვირთავს არც ერთი მტვირთავი[1] სხვის ტვირთს. მერე თქვენი ღმერთისკენაა მისაქციელი თქვენი“. (ზუმერ, 39/7)
ძვირფასო მორწმუნენო!
სამყაროს წყალობად მოვლენილი შუამავალი ასე გვმოძღვრავს:
„ერთმანეთი არ შეიძულოთ. ერთმანეთს ზურგი არ აქციოთ. ერთიმეორის მიმართ შური და ბოღმა არ იქონიოთ. ღვთისმსახურნო! იყავით ძმები!“ (იხ. ბუჰარი, „ედებ“ 57)
ამრიგად, მოდით, ერთიმეორის უფლებები დავიცვათ და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. განსხვავებულობა სიმდიდრე და მრავალფეროვნებაა, ამიტომ განსხვავებული კი არ გავრიყოთ, არამედ დავაფასოთ. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:
„რამეთუ მორწმუნენი ძმები არიან[2]. მაშ, გამოასწორეთ თქვენს ძმებს შორის არსებული და გეშინოდეთ ალლაჰისა, ეგებ შეწყალებული იქმნეთ თქვენ!“ (ჰუჯურათ, 49/10)
ვიყოთ გამაერთიანებელი და არა განხეთქილების მომხრენი. ყოველ ადამიანს, ყველა ცოცხალ არსებას განსაკუთრებული პატივისცემით მოვეპყროთ. ყველანაირად ვებრძოლოთ ისეთ სიტყვას, დამოკიდებულებასა და ქცევას, რომელიც ჩვენს ერთობასა და სოლიდარობას, სოციალურ მშვიდობასა და სიმშვიდეს ზიანს აყენებს. არ დაგვავიწყდეს, რომ სანამ ჩვენ ვინარჩუნებთ ერთობას, ერთიანობას და ძმობას, არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადავლახავთ და არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ მოვერევით.
Comment here