სათაურებიხუტბა

უკვდავი ცხოვრება-საიქიო

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ დღეს, როდესაც ბედნიერების ხანა იდგა, ერთი კაცი შუამავლის მეჩეთში შევიდა და შუამავალს ხმამაღლა მიმართა: „ღვთის შუამავალო, წარღვნა როდის მოხდება?“ იქ მყოფმა შუმავლის მეგობრებმა მომხვდურს ანიშნეს, რომ გაჩუმებულიყო, მაგრამ ის იგივე შეკითხვას ისევ ისე ხმამაღლა იმეორებდა. შუამავალი ჯერ ლოცვას წარუძღვა და ლოცვის დასრულების შემდეგ იკითხა, ის კაცი სად არის, წარღვნის მოსვლა რომ აინტერესებდაო. მე ვარ ის კაციო, უპასუხა მან. „კარგი, მაგრამ შენ წარღვნისთვის რამე გაქვს მომზადებული?- ჰკითხა შუამავალმა. კაცი ჩაფიქრდა და უპასუხა: „მე ბევრი კარგი საქმე არ მაქვს გაკეთებული, მაგრამ ღვთისა და შუამავლის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული გამაჩნია“. ამის თაობაზე შუამავალმა ასეთი რამ ბრძანა: ადამიანი მასთანაა ვინც უყვარს. შენც მათთან ერთად იქნები, ვინც გიყვარს. (იხ. თირმიზი, „ზუჰდ“ 50) ამრიგად, შუამავლმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ უფრო მნიშვნელოვანია ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საიქიო ცხოვრების სამზადისზე, ვიდრე წარღვნის მოსვლაზე.

ძვირფასო მორწმუნენო!
წუთისოფელი ადამიანისთვის საგამოცდო ადგილია, სადაც ის დროებით იმყოფება. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი თავის ნამოქმედარს დასთესს და საიქიოში მოიმკის. რაც შეეხება საიქიოს, ის უკვდავი ცხოვრებისთვის განკუთვნილი სამყაროა. საიქიო ის ადგილია, სადაც ყველა იმ ნამოქმედარზე მივიღებთ საზღაურს, რომლებიც ამქვეყნიურ ცხოვრებაში გვიკეთებია.

ძვირფასო მორწმუნენო!
საიქიოს რწმენა ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს დამოკიდებულებებს მნიშვნელობას და შინაარსს სძენს. ის ჩვენი გაჩენის მიზანს გვაცნობს და მის სწორად გააზრებაში გვეხმარება. საიქიოს რწმენა ღვთისადმი რწმენას, ღვთისმსახურებასა და ღვთისადმი მორჩლებას უფრო აძლიერებს. საიქიოს რწმენის მეოხებით ყველა სულიერის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით ვიმსჭვალებით.

ძვირფასო მორწმუნენო!
საიქიოს რწმენის მქონე ადამიანი დარწმუნებულია, რომ ღმერთი მის ყოველ ნაბიჯს, მის ყოველ ქმედებას ხედავს. შესაბამისად, ის ყოველ თავის ქმედებაში ზომიერი და გაწონასწორებული. მორწმუნე ადამიანი მიმტევებელია. ამასთანავე, საიქიოს რწმენა ადამიანს ეხმარება იყოს მომთმენი და უფრო იოლად გაუძლოს ყველანაირ განსაცდელს. მორწმუნე ადამიანი იმედს არასოდეს კარგავს. ის ღმერთზეა მინდობილი, იღწვის და შედეგს მისგან ელოდება. მორწმუნე ყოველ მის ქმედებაში მხოლოდ და მხოლოდ ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზანს დებს. მან იცის, რომ ნებისმიერი ქმედება, რასაც ის ამქვეყნიურ ცხოვრებაში განახორციელებს, აუცილებლად განკითხვას დაექვემდებარება. ყურანში ნაბრძანებია:

და ის, ვინც იოტისოდენა სიკეთე მაინც ჰქმნა, იხილავს იმას (ჯილდოს მიიღებს)!

და ისიც, ვინც იოტისოდენა ავი ჰქმნა, იხილავს იმას (სამაგიერო მიეზღვება)!  (ზილზალ 99/ 7-8)

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით ღვთის შუამავალი ბრძანებს: „მე ამქვეყნიურ ცხოვრებაში იმ მგზავრს ვგავარ, რომელიც ხის ჩრდილში შეისვენებს და შემდეგ ისევ გზას გააგრძელებს“. (იხ. თირმიზი, „ზუჰდ“ 44) დიახ, თითოეული ჩვენგანი საიქიოს მგზავრია. ჩვენ, რომგორც ამქვეყნის სტუმრები, მცირე ხნით შემოვივლით ამქვეყანაზე და შემდეგ სამარადისო სამყოფელის გზას დავადგებით. იქ მისულები კი ამქვეყნად გატარებული ცხოვრების ყოველი დეტალის გამო განვიკითხებით. იქ გადმოგვეცემა ჩვენი ცხოვრების წიგნი და გაიმართება აბსოლუტურად სამართლიანი სამსჯავრო. ყველა ადამიანი თავისი კეთილი საქმეების გამო დაჯილდოვდება და ასევე პასუხს აგებს ყველა იმ ქმედებისთვის, რაც ცოდვის და ბოროტების სახით ჩაუდენია. რა ბედნიერია ადამიანი, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებაში მუდმივად ცდილობს საიქიო სამზადისზე იზრუნოს. რა ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც განკითხვის დღეს ცხოვრების წიგნი მარჯვენა მხრიდან გადაეცემა.

ხუტბას უზენაესი გამჩენის აიათით დავასრულებ:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავნი; და დაე, შეხედოს სულმა რა წაიმძღვარა ხვალისთვის. გეშინოდეთ ალაჰის, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ!“ (ჰაშრ, 59/18)

Comment here