სათაურები

უგრძნობი თაობის საფრთხე

მოდის თაობა, რომელიც ცხოვრებისეული რეალობისგან შორსაა და უგრძნობი, ეგოისტური დამოკიდებულებებით გამოირჩევა. მათ არ ესმით მშობლების ცრემლის, როდესაც ისინი დაღუპულ გმირებს დასტირიან. მათ არც ის ესმით, რატომ ტირიან მათი მშობლები სხვისი შვილების გამო.

ისინი სრულიად გულგრილნი არიან მიმდინარე მოვლენების მიმართ. არ ანაღვლებთ ომი, ნაწამები ბავშვები, ათასობით დაღუპული ადამიანი. ისინი ამ ყველაფერს, როგორც მულტფილმს, ისე უყურებენ და მათი გულები ვერაფერს გრძნობს.   

მათი ცხოვრების ძირითადი ფოკუსი გართობაზეა ორიენტირებული. ყველა დანარჩენ დროს, როდესაც გართობას ვერ ახერხებენ, წამებად აღიქვამენ.

ისინი ვერ აცნობიერებენ იმ ამაგს, რომელიც მათთვის იქნა გაწეული. არ იციან არაფრის ფასი. მათ ჰგონიათ, რომ ყველა და ყველაფერი იმისთვისაა გაჩენილი, რომ მათ ემსახუროს.

ისინი ადამიანებს იმის მიხედვით აფასებენ, თუ რამდენად შეუძლიათ მათი სურვილის ასრულება და რამდენად შეუძიათ მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა. რადგანაც მთელი მათი ცხოვრება გართობაზეა ორიენტირებული, ისინი ბოლომდე დამოკიდებული არიან გართობის უმარტივეს საშუალებებზე; ტელეფონზე, ინტერნეტზე, სოციალურ ქსელებზე და აზარტულ თამაშებზე.

მათ არ ანაღვლებთ წარსული. წინაპრების ღვაწლის მიმართ სრულებით გულგრულნი არიან. ისინი არად დაგიდევენ წინაპრების მიერ დაღვრილ სისხლს, რის ფასადაც სამშობლო გააჩნიათ და მზად არიან ნებისმიერ ფასად გაყიდონ. ისინი სულიერებისა და ღირებულებებისგან დაცლილი არიან. მათთვის ბოლო მოდელის ტელეფონი უფრო ძვირფასი და საინტერესოა, ვიდრე სამშობლო.    

ეს ყველაფერი ძალიან დიდი შეშფოთების საფუძველს იძლევა. ნეტა, ისინი  როგორი მშობლები იქნებიან 20 წლის შემდეგ?! როცა საკუთარ თავს და საზოგადოებას არ არგიან, შვილებისთვის როგორ მშობლობას გასწევენ?! ქვეყანა როგორ უნდა მართონ, როგორ უნდა დაიცვან, როგორ უნდა განავითარონ?!

ნეტა, ეს ყველაფერი რატომ ხდება?!

პასუხი შემდეგია: ჩვენ შვილებს ოქროს გალიებში ვზრდით და მათ არ აციან, რა არის ფრენა. შესაბამისად, მათ არ იციან არც ფრენის სირთულე და არც ფრენის ბედნიერება. ჩვენ შვილებს ცხოვრებისეული რეალობის მიღმა ვზრდით. 

მათ არ იციან, რა არის შიმშილი, გაჭირვება და სარჩოს მოპოვების მადლი. ჩვენ იმის შანსსაც კი არ ვაძლევთ, რომ მოშივდეთ. ჩვენ გადაჭარბებულად ვზრუნევთ მათზე. იმდენად, რომ ჭამაც კი შემაწუხებლად ეჩვენებათ და ამისათვის მოტივაციის გაღვიძება სჭირდებათ. მათ არ იციან წყურვილი. ისინი მწყურვალედ ხომ არასოდეს დარჩენილან. გასასეირნებლად რომ მიგვყავს, იქაც კი წყალი მიგვაქვს, რომ არ მოსწყურდეთ. სანამ ბავშვი იტყვის მწყურიაო, ჩვენ მანამდე ვაწვდით.

ბავშვებს არასოდეს სცივათ. აცივდება თუ არა, სახლიდან გარეთ არ ვუშვებთ. სკოლაშიც მანქანებით დაგვყავს და არ დავუშვებთ, რომ სიცივე გამოსცადონ.

ბავშვები არ სველდებიან. წვიმაში სახლიდან მანქანამდე მანძილს ისე არ გავატარებთ, რომ ქოლგა არ დავაფაროთ. მათ თმის ღერს წვიმის წვეთი ვერ მიეკარება. ამიტომაა, რომ ბავშვებმა არ იციან, რა არის დასველება.  

ბავშვებმა არ იციან დაღლა. სულ ახლო მანძილზეც მანქანით ვატარებთ, რათა არ დაიღალნენ. პარკში რომ ირბინონ, ჩვენ მაშინვე ნერვიულობას ვიწყებთ, გაოფლიანების შედეგად არ გაგვიცივდნენო. ისინი იზრდებიან ისე, რომ არ იციან, რა არის დაღლა.

მათ არ იციან უქონლობა, სიდუხჭირე და გაჭირვება. რასაც მოისურვებენ, მაშინვე მივართმევთ. ამიტომაა, რომ მათ არ იციან იმ ყველაფრის ფასი, რაც გააჩნიათ. 

მათ არ იციან დანით ხელის გაჭრით გამოწვეული ტკივილი. სულ ვუფრთხილდებით, რომ არაფერი დაიზიანონ და ამიტომ ხელში რაიმე ხელსაწყოს დაჭერის უფლებას არ ვაძლევთ.

ისინი ცხოვრებას ვერ გრძნობენ. მათ არ იციან შიმშილი, ამიტომ მშივრების მიმართ თანაგრძნობა არ გააჩნიათ. მათ არ იციან სიცივე, ამიტომ უსახლკაროების მიმართ სრულ გულგრილობას იჩენენ.

მათ არ იციან გაჭირვება, ამიტომ პურის გაძვირებაზე საერთოდ არ რეაგირებენ.

ისინი თბილ სახლებში ცხოვრობენ, ამიტომ ლტოლვილებისა და უსახლკაროების მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა არ შეუძლიათ. მათ არც ომები და ომში დაღუპულები ანაღვლებთ.

მათ არც პურის, არც ტანსაცმლის, არც მშვიდობისა და მშობლების ფასი იციან.

თუ ამ ყველაფერს არ გამოვასწორებთ, მომავალი კარგს არაფერს გვიქადის. ეს პრობლემა სახელმწიფო დონეზე უნდა იქნას გააზრებული და გამოსწორებისათვის შესაბამისი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს. ამ მიმართულებით სერიოზული გეგმები უნდა დაისახოს. პროცესში უნდა ჩაერთოს განათლების სისტემა და საგაკვეთილო პროგრამები შესაბამისად უნდა დაიგეგმოს. ამ მხრივ სკოლის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

***

განათლების მკვლევარები პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ოფიციალურ უწყებებს აკისრებენ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განათლების პოლიტიკას სახელმწიფო ინსტიტუტები განსაზღვრავენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების ჩართულობაც არანაკლები მნიშვნელობის მატარებელია. საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი საგანმანათლებლო პოლიტიკა პრაქტიკაში ვერ განხორციელდება. თუ აღნიშნულ პრობლემას საზოგადოება არ გაითავისებს და გამოსწორების პროცესში აქტიურად არ ჩაერთვება,   კაბინეტებში მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ დროისა და ფინანსების ხარჯვა იქნება.  

სახელმწიფომ ეს გამოწვევა ხელსაყრელ შემთხვევად უნდა განიხილოს და საგანმანათლებლო პოლიტიკა სიღრმისეულად შეცვალოს.

მწერლის უკანასკნელი წერილები

იუსუფ ქარაჯა

 

Comment here