სათაურებიხუტბა

სიძნელეები ერთიანობით გადაილახება

ძვირფასო მორწმუნენო!
გასულ კვირას კიდევ ერთი ბუნებრივი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდით. ტყე ჩვენი დედამიწის ფილტვებია და ვიცით, რომ ესოდენ ძვირფას სიმდიდრეს ხანძარი გვინადგურებს. ჩვენს ტყეებში გაჩენილი ხანძრის უმეტესი ნაწილი უკვე ჩამქრალია. ზოგიერთ რეგიონში კი ხანძრის კერები ისევ არსებობს და მათი ჩაქრობის ოპერაცია ისევ მიმდინარეობს. უზენაესს ვთხოვთ დაგვიფაროს ასეთი კატასტროფებისაგან და გვაკმაროს ის უბედურება, რაც გამოვიარეთ. 

ძვირფასო მორწმუნენო!
დიახ, დღეს ჩვენ ძალიან დამწუხრებული ვართ. ჩვენ დაგვეღუპა თანამემამულენი, გაგვინადგურდა ტყეები და ასევე განადგურდა მრავალი ცხოველი. ამ ძნელბედობის ჟამს კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საერთო ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებით, ძმური მხარდაჭერითა და ურყევი რწმენით ყველა განსაცდელს გავუძლებთ და ყველა გამოცდას გავივლით. ისტორია გვაჩვენებს, რომ ღვთის დახმარებითა და ხალხის ერთიანობით ყველა სიძნელე გადავლახეთ. დღესაც სახელმწიფო და ხალხი ერთად მოქმედებს და ასე ერთიანობით გადაულახავი დაბრკოლებები აღარ იარსებებს.  სადაც ერთიანობაა, იქ წარმატებაა.  უზენაესი გამჩენი ასე გვახარებს:

რამეთუ, უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება;

უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება! (ინშირაჰი 94/5-6)

ძვირფასო მუსლიმებო!
დღეს გაერთიანების დღეა და არა დაყოფის. დღეს ერთიანობის, ძმობის, თანადგომისა და ურთიერთსიყვარულის დღეა. დღეს ჩვენი საერთო ტკივილის, საერთო განსაცდელის გაზიარების დღეა. ჩვენ ჭირშიც და ლხინშიც ერთად უნდა ვიყოთ. ძვირფასი შუამავალი ასე გვმოძღვრავს:

„მორწმუნენი ურთიერთსიყვარულსა და თანადგომაში ერთი სხეულის მსგავსი არიან. როდესაც სხეულის ერთი ორგანო ავადდება, სხვა ორგანოები უძილობითა და მაღალი სიცხით ტკივილს იზიარებენ“. (იხ. მუსლიმ, „ბირ“ 66)
ძვირფასო მორწმუნენო!
გავიხსენოთ ჰზ. იბრაჰიმის ამბავი. როდესაც ის ცეცხლში ჩააგდეს, ცეცხლის ჩასაქრობად ჭიანჭველაც კი გაეშურა. ამრიგად, დღეს თითოეულ ჩვენგანს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია. უპირველეს ყოვლისა საღი აზრი და მოთმინება უნდა  შევინარჩუნოთ. ხანძრის, ქარიშხლის, ღვარცოფის, მიწისძვრის და ეპიდემიის მსგავსი უბედურებები კაცობრიობისთვის დიდი განსაცდელია და ამ დროს დიდი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს. ეს ჩვენი საერთო ეროვნული ბრძოლაა. უნდა გვახსოვდეს, რომ მცირე შეცდომამ, შესაძლებელია, დიდი ნეგატიური შედეგები მოიტანოს.

ხუტბას დასასრულს უზენაეს გამჩენს ვთხოვ სამოთხით დააჯილდოვოს ყველა ის გარდაცვლილი, რომლებიც ამ ხანძრის ან სხვა სახის ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაიღუპნენ და ასევე ღმერთს ვთხოვ შეეწიოს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობს.   

Comment here