სათაურებიხუტბა

სიტყვიერი დამოწმება: რწმენის საფუძველი

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთხელ შუმავალი მუაზ ბ. ჯებელთან ერთად გზაში მიდიოდა. შუამავალმა მუაზს დაუძახა. მიბრძანეთ, შუამავალო, უპასუხა მუაზმა. შუამავალმა ბრძანა:

ვინც გულწრფელად დაადასტურებს, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ალლაჰისა და მუჰამმედი მისი შუამავალია, ღმერთი მისთვის ჯოჯოხეთს აკრძალავს“.(იხ. ბუჰარი, „ილიმ“ 49)

ძვირფასო მორწმუნენო!
ეს სიტყვები ჭეშმარიტი რწმენის დასტურს წარმოადგენს. მათი წარმოთქმის შედეგად ადამიანი მორწმუნე მსახურის სტატუსს ეზიარება.

اَشْهَدُ اَنْ لاَ اِلٰهَ اِلاَّ اللّٰهُ وَاَشْهَدُ اَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ
„მე ვადასტურებ, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ალლაჰისა და ასევე ვადასტურებ, რომ მუჰამმედი მისი მონა და შუამავალია“.  ვინც ამ სიტყვებს გულით დაადასტურებს და ენით წარმოთქვამს, ის მორწმუნეთა რიგებში ჩაირიცხება. ამ სიტყვების წარმოთქმით ადამიანი მუსლიმი ხდება. ის უკვე ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერებისკენ მიმავალი მგზავრია.

ძვირფასო მორწმუნენო!
როდესაც შაჰადას პირველ ნაწილს წარმოვთქვამთ, ამით ვაღიარებთ, რომ მხოლოდ ერთ ღმერთს ვეთაყვანებით. რაც შეეხება შაჰადას მეორე ნაწილს, მორწმუნე აღიარებს, რომ მუჰამმედი ღვთის მონა და შუამავალია.

ძვირფასო მორწმუნენო!
შაჰადა, ანუ სიტყვიერი დადასტურება რწმენის საფუძველი და ისლამის პირველი პირობაა. ის ღმერთსა და ადამიანებს შორის დადებული შეთანხმებაა. ეს არის პირობა, რომ ღვთის კმაყოფილების მოპოვებისათვის გავირჯებით და ყურანის გზით ვიცხოვრებთ.

შაჰადას წარმოთქმის გზით ასევე ვადასტურებთ, რომ განუხრელად დავიცავთ შუამავლის სუნას. ეს არის აღიარება, რომ შაჰადას ეს ნაწილი რწმენის პირობის ნაწილია. ამით ჩვენ ვადასტურებთ, რომ ღვთის კმაყოფილების მოპოვების გზა შუამავლისადმი მორჩილებაზე გადის.

შაჰადა, ამავდროულად, ჩვენი მტკიცედ დგომის განაცხადია. ეს არის განაცხადი, რომელიც ისლამის გზაზე მტკიცედ დგომას განაპირობებს. ეს არის განაცხადი, რომ მუსლიმი ჭეშმარიტების გზას არ გადაუხვევს. ეს არის მტკიცედ დგომა ყველა იმ ღირებულების დასაცავად, რომლებიც ისლამმა გვასწავლა.

ძვირფასო მორწმუნენო!
შაჰადა ყოვლად ძვირფასი ვედრება და ხსენებაა. როგორც შუამავლის მიმდევრები, შაჰადას საშუალებით სამყაროს გამჩენს მივეკედლებით. შაჰადას საშუალებით ეშმაკისა და ცდუნებების ტყვეობისგან ვთავისუფლდებით და ჭეშმარიტი თავისუფლებით ვტკბებით. ამ გზაზე დგომით ყოველგვარი უბედურებისა და გზასაცდენილობისგან დაცულნი ვართ. როდესაც ერთი ღმერთის რწმენას ვაღიარებთ, ეს არის გადარჩენისა და ცხონების გზა. ამ სიტყვებით სამოთხის კარები იხსნება.

დღევანდელი ხუტბა წმინდა აიათით მინდა დავასრულო:
ღმერთო ჩვენო! უეჭველად, გვესმოდა ხმობა მხმობელისა რწმენისაკენ: იწამეთ ღმერთი თქვენიო! და ჩვენც ვიწამეთ. ღმერთო ჩვენო! მოგვიტევე ჩვენ ცოდვანი ჩვენი და დაგვიფარე რაც უღირსი გვიკეთებია და კეთილშობილებთან ერთად განგვასვენე! (ალი იმრანი, 3/193)
 

ძვირფასო ძმებო!
ბოლოს მინდა თქვენი ყურადღება ერთ საკითხზე გავამახვილო. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი და უფრო სწრაფად გავრცელებადი შტამი დაფიქსირდა. გამომდინარე აქედან, უფრო მეტი გულისხმიერება გამოვიჩინოთ და ჯანდაცვის რეკომენდაციები განუხრელად დავიცვათ. ამით გავუფრთხილდებით, როგორც საკუთარ, ისე სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.  

Comment here