სათაურებიხუტბა

საქველმოქმედო ფონდი: თანაგრძნობისა და
შემწყნარებლობის ინსტიტუტი

 

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთხელ ძვირფასმა შუამავლმა თავის მეგობრებს ასე მიმართა:

„როდესაც ადამიანი მოკვდება, სამი რამის გარდა, მისი ყველა საქმის მადლი წყდება: სიკეთე, რომლის სარგებლიანობა ისევ გრძელდება, ცოდნა, რომელიც სხვებს გადაეცემა და ვრცელდება და შვილი, რომელიც რჩება და მისთვის ღმერთს ევედრება“. (იხ. მუსლიმ, „ვასიეთ“ 14)

ამ ჰადისში ნახსენები სიკეთე, რომლის სასარგებლო შედეგები განგრძობადია, შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ის საქველმოქმედო ფონდებია, რომლებიც ისლამური ცივილიზაციის სიმბოლოს წარმოადგენს.

ძვირფასო მუსლიმებო!
ისლამურ წიაღში ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ფონდები წარმოადგენს  იმ ორგანიზებულ სისტემებს, რომლებიც მთელი ცოცხალი სამყაროს მიმართ თანაგრძნობას, მხარდაჭერასა და თანადგომას გამოხატავენ. აქ საუბარია არა მარტო ადამიანებზე, არამედ მთელ სულიერ სამყაროზე და მოგეხსენებათ, ამ ფონდების საქმიანობა ვრცელდება ყველა სახის მოწყვლად ჯგუფზე.  მათი საქმიანობა არის მცდელობა იმისა, რომ სუსტი, უპოვარი და განსაცდელში ჩავარდნილი არსებები გადარჩნენ და მათ სათანადო დახმარების ხელი გაეწოდოთ. ერთხელ, როდესაც ჰზ. ომარი შუამავალს ეახლა და უთხრა, რომ თავისი ხურმის ბაღის გაცემა სურდა, შუამავალმა ურჩია: „ძირითადი ფონდში შესწირე, ნაყოფი კი მოწყალებად დაარიგე“. (იხ. მუსლიმ, „ვასიეთ“ 15)

ძვირფასო მორწმუნენო!
საქველმოქმედო ფონდების მუშაობას დიდი ისტორიული გამოცდილება გააჩნია. მუსლიმი საზოგადოება თავისი სიმდიდრიდან გარკვეულ ნაწილს ამ ფონდებს სწირავდა და ეს ფონდები აფინანსებდნენ მეჩეთების, ბიბლიოთეკების, სასწავლებელების, საავადმყოფოების, ხიდებისა და გზების მშენებლობას. ამ ფონდების საქმიანობების შედეგად უსახლკაროები სახლების პატრონები ხდებოდნენ, უპოვარნი ლუკმა-პურს შოულობდნენ, ვალში ჩავარდნილები ვალებს ისტუმრებდნენ, ავადმყოფები მკურნალების ხარჯებს იღებდნენ და ა.შ. „ძმობას საზღვრები არ გააჩნია“, ეს არის სლოგანი, რომელიც ამ ფონდების საქმიანობას ზუსტად მიესადაგება. ამ ფონდების სიკეთე სწვდება როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებსაც.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

ქონება და შვილები მშვენებაა მიწიერი ცხოვრების, მაგრამ წარუვალი სიქველენი უკეთეს საზღაურიანია შენი ღმერთის წინაშე და მათზე ჯობს იმედის დამყარება!“ (ქეჰფი 18/46)

გამომდინარე აქედან, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენს მიერ გაღებული სიკეთე ჩვენი ცხოვრების „ქმედებათა წიგნს“ ღიას დატოვებს. ამ განწყობითა და შემართებით ხელი შევუწყოთ საქველმოქმედო ფონდების შექმნასა და ფუნქციონირებას. ფონდების საქმიანობის საფუძველი შემწყნარებლობა და სიკეთეა. შემწყნარებლობა ღვთის მიერ მოწონებული საქმეა, რომელიც მის წიაღ დაფასდება.

ძმებო!
სიმართლისა და სამართლიანობის უხეშად უგულებელყოფის გზით პალეტინაში ისევ მიმდინარეობს უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობა და მათი მიწების მითვისება. მოდით, ამ მადლიან დროს, ყველამ ერთად ღმერთს შევევედროთ :

გამჩენო! შენ უმწეოთა მფარველი, ჩაგრულთა მფარველი ხარ. შეგვიწყალე ჩვენ.
შენ ჩვენი გამჩენი ხარ. შეგვეწიე, რათა მოძალადემ ვერ გაიმარჯვოს.
ამ ძვირფასი დღეების მადლით, მოძალადეთა ოკუპაციისგან გადაარჩინე მესჯიდი აყსა, რომელიც მუსლიმთა პირველი ყიბლეა.
გამჩენო! დაიცავი მესჯიდი აყსა, რომელიც მირაჯის პირველი საფეხურია და შეეწიე ყველა მუსლიმს, რომელიც მის დაცვას ცდილობს.
ღმერთო! შენ უშველე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც იძულებული გახდნენ მიეტოვებინათ მშობლიური მიწები და უსახლკარონი დარჩნენ.
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ყოველგვარი განსაცდელისა და უბედურებისაგან.

Comment here