სათაურებიხუტბა

სარწმუნოება
გულწრფელობაა,
მისი ბოროტად
გამოყენება ღალატია

ძვირფასო მორწმუნენო

„იგი უკვდავია! არ არის ღვთაება, გარდა მისა. მაშ, შეევედრეთ ალლაჰს წრფელი რწმენით. ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს! „ (მუმინ, 40/65)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ღვთის წიაღ მხოლოდ ის საქმენია მიღებული, რომლბიც გულწრფელად და ღვთის კმაყოფილების მიზნითაა გაკეთებული“.
(ნესაი, „ჯიჰად“, 24)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოების არსი გულწრფელობაა. გულწრფელობა ნიშნავს, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთი და იგივეა. ამასთანავე გულწრფელობა გულისხმობს, რომ რაც შინაგანად ვართ, გარეგნულადაც იგივეს ვამჟღავნებთ. გულწრფელობაა, როდესაც ყოველი ჩვენი სიტყვა და ქცევა ღვთის კმაყოფილებას ისახავს მიზნად. გულწრფელობაა, როდესაც ყველა ჩვენი ღვთისმსახურება გულიდან მომდინარეობს და ყოველგვარი თვალთმაქცობისგან დაცულია.

ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანთა ქცევებს გულწრფელობა ნამდვილ ფასს სძენს. სიკეთე თავისი არსით მნიშვნელობას მაშინ იძენს, როცა ის გულწრფელადაა გაკეთებული. ცოდნაც მაშინაა ღირებული, თუ ის გულწრფელობითაა გაჯერებული. ვისაც გათავისებული აქვს შუამავლის ნათქვამი, რომ სარწმუნოება გულწრფელობაა, ის ამ მიზნით მოქმედებს და ამ მიზნის შესაბამისად ცხოვრობს. ასეთი ადამიანები მიცემულ სიტყვას არ ღალატობენ და პირობას არასოდეს არღვევენ. გულწრფელი მორწმუნე ყოველთვის სამართლიანობის მხარესაა და სხვათა უფლებებს არასოდეს ხელყოფენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი მავნებლური ქმედება, რომელიც ღვთის კმაყოფილებისგან გვაშორებს, სარწმუნოების ბოროტად გამოყენებაა. ეს არის ადამიანთა რწმენის, მათი ნდობისა და რელიგიური გრძნობების გამოყენებით სარგებლობის მიღება. ადამიანთა სულიერი და მატერიალური დაკნინების ხარჯზე ძალაუფლების მოპოვება და მისი შენარჩუნებისთვის უსამართლოდ წარმოებული ბრძოლა, ღვთის, ყურანის, შუამავლისა და ადამიანების მიმართ ღალატია.

ძვირფასო მორწმუნენო!
ვინც სარწმუნოებას ბოროტად იყენებს, მისი მიზანი ღვთის კმაყოფილების მოპოვება ვერასოდეს იქნება. ასეთი ადამიანები სარწმუნოებას ადამიანებს უკავშირებენ. ასეთი ადამიანები აცხადებენ, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მათ იციან და სხვები მათზე უნდა იყონ დამოკიდებული. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:

„მათ სენი აქვთ გულებში. ამ სიცრუის სანაცვლოდ ალლაჰი მათ გაუმწვავებს სენს, რის გამოც უაღრესად მწარე სასჯელი მოელით.“

„როდესაც აფრთხილებენ: ნუ თესავთ არეულობას დედამიწაზე! ისინი პასუხობენ: ჩვენ მხოლოდ მშვიდობისმთესველნი ვართ.“ (ბაყარა, 2/ 11-12)
ასეთი ადამიანები გულწრფელი მორწმუნეების ნდობასა და სისუსტეებს სათავისოდ იყენებენ და ამით რელიგიურ და ეროვნულ ღირებულებებს აკნინებენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი რელიგიური გრძნობები და ნდობა რომ ბოროტად არ იქნას გამოყენებული, ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რელიგიური ცოდნა სანდო წყაროებიდან მივიღოთ. სარწმუნოება ყურანიდან და შუამავლის სუნნეთიდან უნდა შევისწავლოთ, რათა სწორად ცხოვრება შევძლოთ. ყველა ჩვენი სიტყვა და საქმე, ჩვენი ურთიერთობები, დამოკიდებულებები, საოჯახო და საქმიანი ცხოვრება ჯანსაღ საფუძველს უნდა დავაყრდნოთ. დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ბავშვების სწორად აღზრდას. ისინი ჩვენი მომავალი არიან და მათ სულიერ და ფიზიკურ განვითარებას დიდი ყურადღება სჭირდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ჩვენი შვილები საზოგადოებისთვის სასარგებლო, მორწმუნე ინდივიდებად ჩამოყალიბდნენ.

ამასთანავე, პატივი მივაგოთ წარსულიდან დღემდე ყველა ღირსეულ მებრძოლს, რომლებმაც ჩვენი სულიერი და ეროვნული ღირებულებების დაცვისათვის თავი გაწირეს.

ძვირფასო მორწმუნენო!
მომავალ ოთხშაბათს მთელი ისლამური სამყარო ჰიჯრით ახალი წლის დადგომას აღნიშნავს. დალოცვილი იყოს ეს წელი ჩვენი ქვეყნისა და მთელი ისლამური სამყაროსთვის.

Comment here