ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთიური წყალობის, მადლისა და ბარაქის მომტანი წმინდა სამთვეული უკვე კარს მოგვადგა. მომავალი ოთხშაბათიდან რეჯების მთვარე დგება. ხუთშაბათს საღამოს, პარასკევის დილამდე კი რეგაიბის ღამეს აღვნიშნავთ.
უსაზღვრო მადლიერება უზენაესს, რათა კიდევ ერთხელ დაგვასწრო ამ ძვირფას დროს და ასევე ვლოცავთ და ვესალმებით შუამავალს, რომელმაც ამ ძვირფასი დროის რიგიანად გამოყენება გვასწავლა.
ძვირფასო მორწმუნენო!
სამთვეული უზენაესის მიერ მონიჭებული წყალობის ერთ-ერთი მაგალითია. ეს არის პერიოდი, როდესაც ღვთიური წყალობა განსაკუთრებით მრავლდება. როდესაც სამთვეული დგებოდა, შუამავალი ღმერთს ასე ევედრებოდა: „ღმერთო! დალოცვილ ჰქმენ რეჯებისა და რამადანის თვეები და დაგვასწარი რამადანს!“. (იხ. თაბერანი, „ელ-მუჯემულ-ევსათ“ 4, 189)
ძვირფასო მორწმუნენო!
ამ გამორჩეული პერიოდის პირველი სიმბოლო რეგაიბის ღამეა. მორწმუნეთათვის რეგაიბის ღამე მნიშვნელოვნად ხელსაყრელი დროა. ამ ღამეს განსაკუთრებით საჭიროა დავფიქრდეთ ჩვენი გაჩენის მიზანზე და ასევე დავინახოთ ყველა ის წყალობა, რაც ღმერთმა მოგვმადლა. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმის შესახებ, თუ საიდან მოვედით და საით უნდა წავიდეთ. სიცოცხლეს, როგორც უდიდეს წყალობას, სად და რა გარემოებაში ვხარჯავთ. ჩვენ გარდაცვალებამდე საკუთარი თავი უნდა განვიკითხოთ და საიქიო განკითხვისთვის მოვემზადოთ. ჩვენ ასევე უარი უნდა ვთქვათ ყველა იმ ფუჭ საქმიანობაზე, რომლებიც სრულებით უსარგებლოა, როგორც ამიერ, ისე იმიერ სოფელში. აუცილებლად უარი უნდა ვთქვათ ყველა იმ მავნე ჩვევებზე, რომლებიც ცოდვილობისკენ მიგვერეკება. ჩვენ უნდა შევიმოსოთ საუკეთესო ზნეობით. მოვინანიოთ ყველა ის შეცდომა და ცოდვა, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ჩაგვიდენია. სრული მორჩილება და ერთგულება უნდა გამოვიჩინოთ უზენაესის წინაშე და მის ყოვლადმოწყალებას გულწრფელად მივეკედლოთ. ყოველწამიერი მზადება განკითხვის დღისთვის ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს, რადგან იმ დღეს ყველა იმ ნამოქმედარის გამო პასუხის გაცემა მოგვიწევს, რაც კი ამქვეყნად გაგვიკეთებია.
ძვირფასო მორწმუნენო!
ეს ძვირფასი პერიოდი, რომელიც სამთვეულის სახელითაა ცნობილი, ჩვენთვის საუკეთესო შემთხვევაა, რათა ღვთის წყალობით ცოდვები მოვინანიოთ და მისი წყალობა დავიმსახუროთ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ღვთისადმი მორჩილება მხოლოდ გარკვეული დროით არ არის განსაზღვრული. ეს ჩვენი ყოველწამიერი მდგომარეობა უნდა იყოს. წელიწადის ნებისმიერი დრო, ნებისმიერი საათი და წუთი ძვირფასია. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ღვთის წინაშე დავდგეთ და ღვთისმსახურება აღვავლინოთ. ჰადისის მიხედვით შუამავალი ღვთიურ ბრძანებას გვაცნობს:
„ადამის შვილო! საკუთარი თავი მუდმივად ჩემდამი მორჩილებას მიუძღვენი, რათა შენი გული სიმდიდრით აღვავსო და შენი მოთხოვნილებები დავაკმაყოფილო“. (იხ. იბნ ჰანბელი, 2, 359)
ძვირფასო მორმწუნენო!
ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერება მხოლოდ მათი ხვედრია, ვისაც სწამს ღვთისა და თავის ყოველწამიერ ქმედებას ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნით განსაზღვრავს. ხუტბას დასასრულს კი წმინდა აიათს შემოგთავაზებთ:
„ვფიცავ, ღესვრს[1]!
უეჭველად, ადამიანი წაგებულია!
გარდა მათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, და ერთმანეთს ჭეშმარიტებასა და მოთმინებას ამცნობენ!“ (ასრ 103/1-3)
[1] ესაა დრო, ან სამხრობის ან აბსოლუტური დრო
Comment here