სათაურებიხუტბა

საიქიო უფრო სასარგებლოა და მუდმივი

ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთის შუამავალი თავის მიმდევარ მეგობრებთან ერთად გასვენებას ესწრებოდა. იქ მიმდინარე პროცესმა მასზე ძალიან იმოქმედა. თვალზე ცრემლები მოადგა. მისმა ცრემლებმა მიწაც კი დაასველა. მას თავისი მიმდევრებისთვის ყველაზე მეტად საიქიო ბედნიერება სურდა. შუამავალმა იქ მყოფებს უთხრა: „ძმებო! სიკვდილისთვის მზადებაში იყავით!“ (იხ. (იბნ მაჯე, „ზუჰდ“ 19)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ყველას მომავალთან დაკავშირებული ულევი შფოთვები გვაწუხებს და ამ დროს ზოგჯერ ჩვენი ამქვეყნად გაჩენის ჭეშმარიტი მიზანი გვავიწყდება და სიკვდილი თითქმის არც გვახსენდება. ჩვენს ირგვლივ ან მედიაში გავრცელებული ამბებიდან ვგებულობთ, რომ ყოველდღე ვიღაც კვდება, მაგრამ ჩვენ ამას სრული გულგრილობით ვხვდებით. ამ პანდემიის პირობებში კი ყოველდღიურად ათობით ადამიანი გვაკლდება, მაგრამ ამასაც კი შევეჩვიეთ და ჩვენში სათანადო განცდებს აღარ იწვევს. არადა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სიკვდილი და შემდგომ აღდგომა სრული ჭეშმარიტებაა. ამ ცხოვრებაში ჩვენ მხოლოდ გამვლელები, წუთისოფლის სტუმრები ვართ. ჩვენ ამქვეყნად გამოცდის მიზნით ვართ გაჩენილი და ერთ დღეს აუცილებლად დადგება ის მომენტი, როდესაც ამქვეყნიურ ცხოვრებას უნდა გამოვეთხოვოთ და მუდმივ სამყოფელში გადავსახლდეთ. საიქიოში კი ამქვეყნად გაკეთებული ყოველი ქმედებისთვის უეჭველად განვიკითხებით. იქ კი ან უსასრულო ბედნიერება მოგვენიჭება და სამოთხეში დავიმკვიდრებთ ადგილს, ან კიდევ სასტიკ სასჯელს დავექვემდებარებით.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენს ცხოვრებას ჩვენი რწმენა განსაზღვრავს. რწმენის ერთ-ერთი პირობა კი საიქიოს რწმენაა. ადამიანმა, რომელსაც საიქიოს რწმენა გააჩნია, იცის, რომ საიქიო ბედნიერების გასაღები მის ამქვეყნიურ ცხოვრებაშია. ის ცდილობს ისე იცხოვროს, რომ ღვთის კმაყოფილება მოიპოვოს და განკითხვის დღეს ღვთიური წყალობის იმედით წარსდგეს. მორწმუნე ადამიანი ცდილობს სიკეთით იცხოვროს, რადგან იცის, რომ სიკეთე მის ამქვეყნიურ ცხოვრებას ბარაქას მატებს. მორწმუნე ცდილობს ისლამით შთაგონებული საუკეთესო ზნეობა გაითავისოს და ამ ზნეობის მიერ ნაკარნახევი ცხოვრების წესით იცხოვროს. მისთვის ღვთისმოსაობა სიმშვიდისა და ბედნიერების მომტანია. მორწმუნე ცდილობს განერიდოს ყველა იმ საქმეს, რომელიც ღვთის გზაზე დგომისგან მის გადაცდომას გამოიწვევს. მორწმუნე მუდმივად ღმერთს ევედრება და ამით თავის მორჩილებას გამოხატავს.   

ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით მუდმივად გვახსოვდეს, რომ საიქიო ცხოვრება უსასრულოა და მისთვის ზრუნვა უფრო გონივრულია. ყურანში ასევე ნაბრძანებია:

„ჰეი, ადამიანო! რაა შენი შემცდენი შენისა ღმერთისა გულუხვისა წინაშე“, (ინფითარ 82/6)
„წაიკითხე შენი წიგნი! დღეს ანგარიშგებად შენს წინააღმდეგ კმარა შენი სული!“ (ისრა 17/14)

„მაშინ ვისაც ებოძება თავისი წიგნი მისივე მარჯვენაში, იტყვის: აჰა, წაიკითხეთ ჩემი წიგნი!
უეჭველად, მე ვუწყოდი, რომ გადავეყრებოდი ჩემს ანგარიშსწორებას“. (ჰაყყეთი 69/19-20)

„და ვინც ისურვა საიქიო, იღვაწა მისთვის სათანადოდ, და იგი მორწმუნეა, ამრიგად, გარჯა მათი იქნება დაფასებული!“ (ისრა 17/19)

Comment here