სათაურებიხუტბა

საიქიო: მუდმივი
სასუფეველი

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენ ყველანი ამ ქვეყანაზე დროებით მოვლენილი მგზავრები ვართ. ყველანი სიცოცხლის იმ პერიოდს გავდივართ, რაც გამჩენს დაუწესებია და შემდეგ კი საიქიოში გადავსახლდებით. საიქიოში იმას მოვიმკით, რასაც ამქვეყნად დავთესთ. საიქიოს რწმენა რწმენის ექვსი პირობიდან ერთ-ერთია.

ძვირფასო მორწმუნენო!

წარღვნა აუცილებლად განხორციელდება და ამქვეყნიური ცხოვრება, თავისი ყველანაირი მიმზიდველობით, დასრულდება. ამის შემდეგ ყველა ადამიანი განკითხვისთვის გამჩენის წინაშე წარსდგება და ამქვეყნიური ნამოქმედარისთვის განიკითხება. ჩვენი ცხოვრების წიგნი იქ იქნება წარმოდგენილი და ყველაფერი განხილვასა და შეფასებას დაექვემდებარება. ყურანში ვკითხულობთ: „წაიკითხე შენი წიგნი! დღეს ანგარიშგებად შენს წინააღმდეგ კმარა შენი სული!“ (ისრა, 17/14)

ამქვეყნად ცხოვრებისას ვინც მორწმუნე იყო, ასრულებდა ღვთისმსახურებას და სიკეთეს აკეთებდა ღვთის წყალობას დაიმსახურებს და სამოთხეში შევა. ვინც ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში ღვთის კანონებს უგულებელყოფდა და ბოროტებას სჩადიოდა, სასჯელის სახით ჯოჯოხეთში წავა.

ძვირფასო მორწმუნენო!

საიქიოს რწმენამ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მიმართულება უნდა განსაზღვროს. მან უნდა შეგვძინოს ის პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც მორწმუნეს შეეფერება. მისი გავლენით უნდა გავერიდოთ ბოროტებას და სიკეთისკენ მივილტვოდეთ. საიქიოს რწმენა და მასზე ფიქრი, ჩვენს სიტყვას, აზროვებასა და ქცევებს სწორ მიმართულებას უნდა აძლევდეს. ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე გვასწავლის:

„ვისაც სწამს ღვთისა და განკითხვის დღისა, მეზობელს ზიანი არ მიაყენოს. ვისაც სწამს ღვთისა და განკითხვის დღისა, სტუმარს პატივი სცეს. ვისაც სწამს ღვთისა და განკითხვის დღისა, ან სასარგებლო რამე თქვას, ან გაჩუმდეს“. (იხ. ბუჰარი, „ედებ“, 3)

ძვირფასო მორწმუნენო!

მორწმუნე ადამიანი სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებს. მისთვის სიცოცხლე და სიკვდილი, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა, სიმდიდრე და სიღარიბე, სიხარული და მწუხარება ღვთიური გამოცდის ერთ-ერთი ნაწილია. ყოველი გამოცდილება, რასაც ის ცხოვრებისგან მიიღებს და ყოველი მოვლენა, რაც მის თვალსაწიერში მოხვდება, მისთვის სიკეთისა და სათნოების საშუალებაა. ის ყოველთვის მადლიერია იმ უსაზღვრო წყალობათა გამო, რასაც ღმერთი სწყალობს, უბედურების ჟამს კი მოთმინებას იჩენს. ამრიგად, საბოლოო ჯამში მისთვის ყველაფერი სასიკეთოა.

ძვირფასო მორწმუნენო!

როგორც უკვე მოგახსენეთ, რასაც ამქვეყნად დავთესავთ, საიქიოში იმასვე მოვიმკით. რასაც სიკეთის სახით გავაკეთებთ, საიქიოში სიკეთითვე დაგვიბრუნდება. ამიტომ, ამქვეყნიურმა სიამემ, გამდიდრების სურვილმა და სხვა სახის ცდუნებებმა საიქიო არ უნდა დაგვავიწყოს. ყურანში ვკითხულ;ობთ: „ჰეი, ხალხო! უეჭველად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. მაშ, არ შეგაცდინოთ ამქვეყნიურმა ცხოვრებამ და დაე, არ გაცდუნოთ მაცდუნებელმა ალლაჰის თაობაზე!“ (ფატირი, 35/5)

უნდა უკუვაგდოთ ყველა ის მავნე ჩვევა და ცოდვები, რომლებმაც შესაძლოა საიქიოში ჩვენი შერცხვენა და სასჯელი გამოიწვიოს. არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ ამქვეყნად გაკეთებული ყოველი საქმისათვის საიქიოში პასუხის გაცემა მოგვიწევს.

ხუტბას ბოლოს კი შემდეგ აიათს მოვუსმინოთ:

„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავნი; და დაე, შეხედოს სულმა რა წაიმძღვარა ხვალისთვის. გეშინოდეთ ალლაჰის, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ!“ (ჰაშრი, 59/18)

Comment here