სათაურებიხუტბა

რამადანი
მობრძანდება!
მზად ვართ?

ძვირფასო მორწმუნენო!

მომავალ კვირას პირველ თარავს ვილოცავთ და თერთმეტი თვის სულთანს, რამადანს მივეგებებით. იმავე ღამეს საჰურზე გავიღვიძებთ და მარხვას დავიწყებთ. უსასრულო დიდება ჩვენს ყოვლისშემძლე უფალს, რომელმაც მოგვმადლა წყალობა და ამ წმინდა თვეს მოგვასწრო. ვლოცავთ და ვესალმებით  ჩვენს ძვირფას შუამავალს, რომელმაც რამადანის მარხვა გვასწავლა.  დალოცვილ იყოს რამადანი.

ძვირფასო მორწმუნენო!

რამადანი ყურანის თვეა. ღმერთმა ჩვენი წმინდა წიგნი შუამავალს პირველად ამ თვეში მოუვლინა. სწორედ რამადანის თვეში დაიწყო იმ ღვთური გზავნილის მოვლინება, რომელმაც დრო, სივრცე და კაცობრიობა ნათელით შემოსა. უზენაესი გამჩენი ბაყარას სურაში ასე ბრძანებს:

რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისთვის და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზისა და განმასხვავებლად ჭეშმარიტებისა  ბათილისგან. და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე, იმარხულოს მასში“. (ბაყარა, 2/185)

ამრიგად, ჩვენი ვალია, ვიკითხოთ ყურანი, გავიგოთ და მისით ვიცხოვროთ.

ამავე დროს, საკუთარ თავს ვკითხოთ: ყურანის მიერ მოტანილი ღირებულებები სრულად გავითავისეთ? ვართ კი ისეთი ადამიანები და მორწმუნენი, რომელსაც ყურანი გვასწავლის?

ძვირფასო მორწმუნენო!

რამადანი მარხვის თვეა. მარხვა ის უბადლო ღვთისმსახურებაა, რომელიც ჩვენს სხეულებს სიჯანსაღეს, ხოლო სულს ამაღლებას მოუტანს. მარხვა ბოროტებისა და ცოდვების წინააღმდეგ დამცავი ფარია. ძვირფასი შუამავალი ასე გვასწავლის: „როდესაც მარხულობთ, ცუდი სიტყვა არ თქვათ, არ იჩხუბოთ. თუ რომელიმე თქვენგანს ვინმე დაუპირისპირდება და ცუდ სიტყვას აკადრებს, მან მხოლოდ „მე ვმარხულობო“, უპასუხოს“.

ამრიგად, მარხვა გვავალდებულებს, რომ ყოველმხრივ თავშეკავება და მოთმინება უნდა ვისწავლოთ.

ამ დროს, დავფიქრდეთ, მზად ვართ უკუვაგდოთ ყველა ის მავნე ჩვევა და ნეგატიური გრ

ძნობები, რომლებიც მორწმუნე მუსლიმს არ შეეფერება?!

ძვირფასო მორწმუნენო!

რამადანი ის თვეა, როდესაც ურთიერთდახმარება და ქველმოქმედება ზენიტს აღწევს. ეს არის დრო, როდესაც ზექათის, მოწყალებისა და სხვა სახის ქველმოქმედების გზით ამქვეყნიურ, დროებით წყალობას, საიქიო, მუდმივ წყალობად გადავაქცევთ ხოლმე. რამადანის თვე  გაჭირვებულებსა და ობლებზე დახმარების ხელის გაწოდებას გვასწავლის და მათი ტვირთის შემსუბუქებისკენ მოგვიწოდებს. ყურანი კი ამგვარი სიკეთისთვის უხვ წყალობას გვპირდება:

„უეჭველად, ჩემი ღმერთი უზრდის ან უზღუდავს სარჩოს თავის მსახურთაგან იმას, ინებებს ვისაც. და რასაც დახარჯავთ, იგი მის ადგილს შეავსობს. და იგია საუკეთესო სარჩოს მომმადლებელი!“ (სებე, 34/39)

ძვირფასო მორწმუნენო!

რამადანი არის თვე, როდესაც ჩვენი ძმობა ძლიერდება და ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა უფრო მტკიცე ხდება. თუმცა, სამწუხაროა, რომ ამ დღეებში, როცა რამადანის სიხარულს ვგრძნობთ, იერუსალიმი კვლავ სევდიანია, ღაზა ისევ სისხლი იხრჩობა, აღმოსავლეთ თურქისტანში კი ჩაგვრა გრძელდება. ბევრ მუსლიმი მთელ მსოფლიოში საჰურისა და იფთრის სიხარულს მოკლებულია. ამ ძვირფას დროს, მოვიმდომოთ და მთელი ჩვენი მატერიალური და სულიერი რესურსი მათ დასახმარებლად გამოვიყენოთ.

მზად ვართ იმისათვის, რომ დაჩაგრულს მხარში ამოვუდგეთ და მჩაგვრელს წინ აღვუდგეთ?!

ძვირფასო მორწმუნენო!

რამადანი ის თვეა, რომელსაც  ჩვენს სახლებში სიმშვიდე, ჩვენს მეჩეთებში სიხარული და ჩვენს გულებში მშვიდობა მოაქვს. რამადანი ყოველწლიურად მოდის, რათა გვასწავლოს, როგორ ვიყოთ ჩვენი უფლის კარგი მსახური, შუამავლის ღირსეული მიმდევარი და კაცობრიობისთვის სასარგებლო პიროვნება. ის მოდის იმისთვის, რომ მარხვით მიგვიყვანოს ღვთისმოსაობამდე და  ცოდვებისაგან სინანულით განგვწმინდოს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ურთიერთქიშპი და ერთმანეთთან მეგობრობის ხიდები ვაშენოთ. რამადანი მოდის იმისთვის, რომ მოვიგოთ ჩვენი მშობლების, მეუღლეებისა და შვილების, ნათესავების და მეზობლების გული და მივიღოთ მათი დალოცვა. რამადანის თვეში დავდივართ მეჩეთებში და ოჯახის წევრებს, მომავალ თაობას ღვთისმსახურებას ვაჩვევთ. მოდით ჩვენი გულები, სახლები, უბნები და ქალაქები ამ დალოცვილი სტუმრისთვის მოვამზადოთ. ისე მივიღოთ და გავატაროთ ეს მადლიანი თვე, რომ ის ჩვენთვის ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზეზი გახდეს.

ხუტბას ბოლოს კი შუამავლის ჰადისს შემოგთავაზებთ: „ღმერთმა რამადანის თვეში მარხვა გიბრძანათ. რამადანის ღმეების ღვთისმსახურებაში გატარება კი ჩემი სუნნეთია. ვინც რწმენით და მადლის მხოლოდ ხვთისგან მოლოდინით რამადანში იმარხულებს და ღამით თარავს ილოცავს, ისეთივე უცოდველი გახდება, როგორც ახალშობილი“. (იხ. ნესაი, „სიამ“, 40)

Comment here