ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს ჩვენ რამადანის დღესასწაულს ვზეიმობთ, როდესაც სიხარული, მშვიდობა და ძმობა თავის პიკს აღწევს. უსასრულო დიდება და მადლიერება უზენაეს გამჩენს, რომელმაც რამადანის შემდეგ ამ დღესასწაულის დილასაც მოგვასწრო. წყალობის, ბარაქისა და შენდობის თვე მიილია და დადგა რამადანის ბაირამი. ვლოცავთ და ვესალმებით ჩვენს შუამავალს, რომელმაც ამ დღეების ფასი გვასწავლა. გილოცავთ რამადანის დღესასწაულს.
ძვირფასო მორწმუნეებო!
დღესასწაულები არის დღეები, როდესაც ადამიანებს შორის სიყვარული და პატივისცემა, სიკეთე და სილამაზე, თანაგრძნობა და წყალობა, ერთგულება და მეგობრობა პიკს აღწევს. ასე რომ, დღეს, მოდით, პატივი მივაგოთ მშობლებს და მათი გული გავახაროთ, რათა მივიღოთ მათი დალოცვა. გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული მეუღლის მიმართ, რომელთანაც ცხოვრების ტვირთს ვიზიარებთ და ჩვენი მომღიმარი სახით ერთგულება და სიყვარული ვაჩვენოთ. მოვინახულოთ ახლობლები, ნათესავები, მეგობრები და მეზობლები. ვეცადოთ, რომ ყველგან სიხარული, სიკეთე, სილამაზე და თანაგრძნობა მივიტანოთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
rდღესასწაულები გაზიარების, დახმარებისა და სოლიდარობის დღეებია. მოდით, ამ დღესასწაულის სიხარული პირველ რიგში ობლებს გავუზიაროთ და ვაგრძნობინოთ. ხელი გავუწოდოთ ყველა გაჭირვებულს, დაჩაგრულს, უნარშეზღუდულს, უსახლკაროს, მოკლედ, ყველა იმ მორწმუნე ძმას, რომელაც დახმარება სჭირდება. მოდით, ეს სადღესასწაულო განწყობა ჩვენი ოჯახებიდან გადავიტანოთ ჩვენს შენობებში, უბნებში, ქალაქებში, ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ვილოცოთ, რომ მსოფლიოში ყველა ჩვენს დაჩაგრულ და დამწუხრებულ და-ძმებს თავისუფალი და ბადნიერი დღესასწაული ჰქონდეს. მოდით, ამ განწყობით ჩვენი დღესასწაული ნამდვილ დღესასწაულად ვაქციოთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
დღესასწაულები ერთობით, სიხარულითა და სიყვარულით გამოიხატება. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:
„რამეთუ მორწმუნენი ძმები არიან. მაშ, გამოასწორეთ თქვენს ძმებს შორის არსებული და გეშინოდეთ ალლაჰისა, ეგებ შეწყალებული იქმნეთ თქვენ!“ (ჰუჯურათ, 49/10)
ასე რომ, მოდით, დღესვე დავასრულოთ ყოველგვარი წყენა და სიბრაზე, რომლებსაც შესაძლოა რომელიმე მორწმუნე ძმის მიმართ ვგრძნობდეთ. ყველას ვაპატიოთ წყენა და შევრიგდეთ. ასევე უნდა ვეცადოთ, რომ დამდურებულები შევარიგოთ და ამ პროცესში დადებითი როლი შევასრულოთ. მოდით, ავაშენოთ ძმათა საზოგადოება. მოდით, ჩვენი მაგალითი სხვებისთვისაც მისაბაძი იყოს.
ძვირფასო მორწმუნენო!
დღესასწაულები მონანიებისა და ცოდვებისგან განწმენდის დღეებია. ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„უეჭველად, ნეტარ იქმნა, ვინც განიწმინდა!
და (განწმენდილმა სულმა) სახელი ღმერთისა მისი ახსენა და ლოცვა აღავლინა!“ (ალა, 87/14-15)
„და ჩვენ სიკეთე დაგვიწერე სააქაოშიც და საიქიოშიც. უეჭველად, ჩვენ მოვიქეცით შენდამი მონანიებით! უთხრა: „სასჯელს ჩემსას ვაწევ, ვინებებ ვისაც, ხოლო წყალობა ჩემი გარემოიცავს ყველაფერს“. (არაფ, 7/156)
მოდით, ისევ და ისევ შევეფაროთ ჩვენი ყოვლისშემძლე გამჩენის უსაზღვრო შემწყნარებლობას და წყალობას. მოდი ვეძიოთ ჩვენი მომავალი, მშვიდობა და იმედი ისლამის წყალობითა და სიბრძნით დატვირთულ გზავნილებში. მოვიშოროთ ყოველგვარი ბოროტება, შური, რისხვა და ფუჭი საქმეები. მოდით, ლოცვითა და თაყვანისცემით გამჩენს მივეკედლოთ და მთელ დედამიწაზე მშვიდობა და კეთილდღეობა შევევედროთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
rჩვენ ამ სადღესასწაულო დღეს მხარდამხარ ვდგებით და ბაირამის ლოცვას აღვავლენთ. წარმოვთქვამთ თექბირებსა და სალავათს. ლოცვა რომ დასრულდება, მაშნვე ნუ წამოვდგებით და ერთმანეთს ნუ დავშორდებით. ერთმანეთს მივულოცოთ, სიხარული გავუზიაროთ, გავუღიმოთ, პატივისცემა და სიყვარული გამოვხატოთ და ვაგრძნობინოთ, რომ ერთმანეთისთვის ძვირფასნი ვართ.
ძვირფასო მორწმუნენო!
ამ გრძნობითა და განწყობით ჩვენს ქვეყანასა და მთელ ისლამურ სამყაროს ვულოცავ ამ ძვირფას დღესასწაულს და უზენაეს გამჩენს ვთხოვ, ეს დღე ჩვენი ერთიანობის, თანადგომის, ურთიერთსიყვარულისა და მეგობრობის საწინდარი იყოს. დაე, მთელ მსოფლიოში მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს! გილოცავთ ბაირამს!
Comment here