სათაურებიხუტბა

რამადანის ბაირამი:
ერთობის, ერთიანობისა
და ძმობის დღეები

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ კიდევ ერთი რამადანის თვე უკან მოვიტოვეთ. ამ თვეში ვიმარხულეთ, აღვასრულეთ ლოცვები, ვიკითხეთ ყურანი, გავეცით მოწყალება და ღვთისადმი თაყვანისცემის სიტკბოებას ვეზიარეთ. მართალია, ერთის მხრივ რამადანის დასრულების წუხილს განვიცდით, მაგრამ მეორეს მხრივ დიდ სიხარულს განვიცდით, რადგან რამადანის ბაირამს ვეგებებით. უსაზღვრო მადლიერებას ვწირავთ უზენაეს გამჩენს, რათა მან კიდევ ერთხელ მოგვმადლა წყალობა და ამ ძვირფას დღეს დავესწარით. ვლოცავთ და ვესალმებით ძვირფას შუამავალს, მის წმინდა ოჯახსა და თანამებრძოლთ. მოგესალმებით, ამ წმინდა სალოცავში მხარდამხარ მდგომ მლოცველებს და ბაირამის დადგომას გილოცავთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ბაირამი ის დღესასწაულია, რომლის დროსაც ყველა მუსლიმი საერთო სიხარულს იზიარებს, მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რასობრივი განსხვავებულობისა, რადგან მათი რწმენა და იდეალები ერთი და იგივეა. ეს არის დრო, როდესაც ისლამის ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებული მუსლიმები თავიანთ ერთობასა და ერთიანობას უფრო მეტად განამტკიცებენ. ბაირამი ის დროა, როდესაც ჩვენი მორალური და ფინანსური დახმარებით გაჭირვებულებს მდგომარეობას ვუმსუბუქებთ და მათ სახეზე ღიმილის მიზეზი ვხდებით.   

ძვირფასი მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:

მტკიცედ ჩაეჭიდეთ ყველანი ალლაჰის (რწმენის) თოკს, და არ დაიყოთ. გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთე (წყალობა) თქვენდამი“… (ალი იმრანი, 3/103)

მოდით, მივყვეთ ღვთიურ ბრძანებას და ეს დღესასწაული შინაარსიანად გამოვიყენოთ. ძვირფასი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „მორწმუნენი შენობის აგურები არიან, რომლებიც ერთმანეთ ამაგრებენ“. (იხ. ბუჰარი, „სალათ“, 88)

მოდით, მივყვეთ შუამავლის სწავლებას და მოყვასს გვერდით დავუდგეთ. დავიცვათ მათი უფლებები და თანადგომა არ მოვაკლოთ. ამით ბაირამი ნამდვილი დღესასწაული იქნება.

მოდით ხელები აღვაპყროთ და თექბირებით, სალათუსსელამითა და ვედრებით ჩვენი გულები გავაერთიანოთ, რათა ეს ბაირამი ნამდვილ დღესასწაულად ვიგრძნოთ. ოჯახის წევრები გავახაროთ, მეზობლებსა და მეგობრებს პატივი ვცეთ, რათა ეს ბაირამი ნამდვილი დღესასწაული იყოს.

ობოლს მოვეფეროთ, თავზე ხელი გადავუსვათ და საჩუქრებით გავახაროთ. მშობლებს პატივი ვცეთ, მათი გული მოვიგოთ და დალოცვა დავიმსახუროთ. ავადმყოფები მოვინახულოთ და მათი შვებისათვის ვედრებას ნუ დავიშურებთ. ამ ყველაფრით ეს ბაირამი ნამდვილი დღესასწაული იქნება.

წყენა დავივიწყოთ და რისხვა დავიოკოთ. მივუტევოთ ერთმანეთს და ძმურად გადავეხვიოთ. ასე ხომ ეს ბაირამი ნამდვილი დღესასწაული იქნება. გულში შურს, ბოღმას და სიძულვილს ადგილს ნუ დავუთმობთ. მათ მაგივრად სიყვარული და პატივისცემა გავაძლიეროთ. ეს ჩვენს ბაირამს ნამდვილ დღესასწაულად აქცევს.

წმინდა ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, აი ეგენი არიან სამოთხის ბინადარნი, და იქ დარჩებიან სამუდამოდ“. (ბაყარა, 2/82)

თუ ჩვენ ღვთიურ ბრძანებას მივყვებით და ისე ვიცხოვრებთ, რომ ეს გზა მის კმაყოფილებამდე მიგვიყვანს, ჩვენი ბაირამი მართლა დღესასწაული იქნება.

ძვირფასო მორწმუნენო!
ამ ბაირამის დილას, ჩვენ ყველანი, ერთის მხრივ დიდ სიხარულს განვიცდით, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენი გულები დამწუხრებულია. ღაზას სექტორში მცხოვრები ჩვენი ძმები ბაირამის სიხარულს მოკლებულნი არიან. უფრო მეტიც, ისინი მთელი მსოფლიოს თვალწინ შიმშილის, ძალადობისა და ტანჯვის ქვეშ არიან და გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. უმწეო, უდანაშაულო ბავშვები მშობლების თვალწინ ბომბების ქვეშ იღუპებიან.

ჩვენი მოვალეობაა ჩვენი ძმების ტკივილის შესამსუბუქებლად და მათი იმედების გასაცოცხლებლად, ხელიხელჩაკიდებულებმა ვიზრუნოთ. ჩვენ უნდა დავგმოთ ყოველგვარი ძალადობა და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს ყოფა შევუმსუბუქოთ.  არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ყველა ჩვენგანის ადამიანური, მორალური და რელიგიური პასუხისმგებლობა.

უზენაეს გამჩენს ვევედრებით, ეს ბაირამი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, მთელი ისლამური სამყაროსი და კაცობრიობისათვის მშვიდობის, კეთილდღეობისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.

 

Comment here