სათაურებიხუტბა

პარასკევი: კვირის
დღესასწაული

ძვირფასო მორწმუნენო!
ყოველი კვირის პარასკევ დღეს მუსლიმები ეზნის ხმაზე სალოცავში მიიჩქარიან. ძვირფასო ძმებო! დალოცვილ იყოს ჯუმა! ღვთის წყალობა და ბარაქა არ მოგკლებოდეთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს პარასკევია. დღეს, როგორც შუამავალი ბრძანებს, კვირის ყველაზე მადლიანი დღეა. დღეს კვირის დღესასწაულია. ამ დღეს მლოცველები ღვთის წინაშე დადებულ პირობას განაახლებენ. დღეს ჩვენი ძმობის, ერთობისა და ერთიანობის განმტკიცების დღეა. 

ძვირფასო მორწმუნენო!
ხუტბას დასაწყისში წავიკითხე აიათი,რომლის მიხედვითაც უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოგიხმობენ ლოცვისთვის პარასკევ დღეს, მაშინვე ისწრაფეთ ალლაჰის ხსენებისკენ და შეწყვიტეთ ვაჭრობა. ეს თქვენთვისვეა უკეთესი, რომ იცოდეთ თქვენ!“  (ჯუმა, 62/9)

როგორც აიათიდან ჩანს, პარასკევ დღეს, ჯუმის ეზნის დროს ყველა მორწმუნე, რომელსაც ჯუმის ლოცვა ევალება, ვალდებულია საქმიანობა მიატოვოს და მეჩეთში წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ დროისთვის მიღებული შემოსავალი ალალი არ იქნება. დიახ, დღეს მუსლიმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა ჯუმის ლოცვაა, ამიტომ ყველა სხვა საქმე უნდა მივატოვოთ და ჯუმის ლოცვის დროს მეჩეთებს მივაშუროთ. სულიერი და ფიზიკური განწმენდისათვის ამ დღეს განსაკუთრებული მზადყოფნით უნდა შევხვდეთ. სალოცავში ყოფნისას მლოცველები არ უნდა შევაწუხოთ და მათთან ძმობა და ერთიანობა უფრო უნდა განვამტკიცოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰადისის მიხედვით შუამავალი ასეთ სასიხარულო ამბავს გვეუბნება: „ჯუმის ლოცვის დროს არსებობს ისეთი მომენტი, რომ თუ ადამიანი ღმერთს რამეს შეევედრება, ღმერთი ვედრებას შეუსრულებს“. (იხ. თირმიზი, „ჯუმა“, 2)

ერთ-ერთი სხვა ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვაფრთხილებს: „ვინც მნიშვნელობის არმინიჭების გამო პარასკევის ლოცვას სამჯერ გააცდენს, მის გულს ბეჭედი დაესმევა“. (იხ. იბნ მაჯე, „იქამეთ“ 93). დიახ, რაოდენ დიდია ის ჯილდო, რომელიც პირველ ჰადისში იყო გადმოცემული და რაოდენ დიდია ის სასჯელი, რომელიც მეორე ჰადისშია მოცემული. შესაბამისად, ჭეშმარიტი მორწმუნე პარასკევის ლოცვას უმიზეზოდ არ გააცდენს.   

ძვირფასო მორწმუნენო!
პარასკევის ლოცვის ერთ-ერთი აიცილებელი ნაწილი ხუტბაა. ხუტბა ლოცვის მსგავსად ღვთისმსახურებაა. ხუტბას თავისი წესები გააჩნია. მლოცველებმა ხუტბას მთელი გულისყურით უნდა უსმინონ. ხუტბას მომენის დროს ლაპარაკი, ტელეფონის გამოყენება და მსგავსი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია. შუამავალი ასე გვასწავლის: „პარასკევ დღეს, ხუტბას მოსმენისას ვინმემ რომ დაილაპარაკოს და მას უთხრა გაჩუმდიო, ესეც კი შეცდომა იქნება“. (იხ. მუსლიმი, „ჯუმა“, 11)

ძვირფასო მორწმუნენო!
პარასკევი დღის ლოცვას დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, რათა მისი მადლი და სიკეთე არ გამოვტოვოთ. ყოველდღიურად შესრულებული ხუთი დროის ლოცვები პარასკევის ლოცვით უნდა დავაგვირგვინოთ. ერთმანეთს ყოველთვის შევახსენოთ პარასკევის ლოცვის მნიშვნელობა და ლოცვისკენ მოვუწოდოთ. ყურადღება მივაქციოთ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს და თავაზიანი ფორმით ლოცვაზე მივიპატიჟოთ. ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი ღვთისმსახურება სრული წესების დაცვით შევასრულოთ. გავითვალისწინოთ სამუშაო ან საგაკვეთილო საათები და განრიგი ისე გავწეროთ, რომ მორწმუნეებს საშუალება მივცეთ, პარასკევის ლოცვა შეასრულონ. ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მიმართ პატივისცემაა.

Comment here