სათაურებიხუტბა

პარასკევის ლოცვა: ყოველკვირეული შეხვედრა

ძვირფასო მორწმუნენო!
როგორც დღეს, მაშინაც ერთ-ერთი პარასკევი დღე იყო. ძვირფასი შუამავალი იმ მნიშვნელოვანი მოგზაურობის დასასრულს უახლოვდებოდა, რომელიც ჰიჯრის სახელითაა ცნობილი. ის მედინას მიუახლოვდა. როდესაც მედინას მახლობლად, რანუნად წოდებულ ადგილს მიაღწია, შუადღის ლოცვის დროც მოვიდა. ღვთის შუამავალმა იქ მის დასახვედრად მოსულ მორწმუნეებს ხუტბა წაუკითხა და პირველად პარასკევის ლოცვა აღავლინეს.

ამრიგად, პარასკევის ლოცვა ჰიჯრის მოვლენის პერიოდში დადგინდა და ეს დღე მუსლიმებისთვის დღესასწაულად გამოცხადდა. იმ დღიდან მოყოლებული, ყოველ პარასკევს, შუადღის ლოცვის დროს მუსლიმები ვიკრიბებით და ვლოცულობთ. პარასკევი განსაკუთრებული დღეა, რადგან ამ დღეს მუსლიმები ერთად ვიკრიბებით და ყოველკვირეულ რწმენის განახლებას ვზეიმობთ. ამ დღეს ყოველდღიური საქმიანობის, ამქვეყნიური შფოთვებისგან ვთავისუფლდებით და ღვთის წინაშე წარვსდგებით. ამ დღეს ღვთისადმი მიცემულ პირობას განვაახლებთ ხოლმე.

ძვირფასო მორწმუნენო!
ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა, რაც ჩვენ გვაკისრია, პარასკევის ლოცვის აღვლენაა. ხუტბას დასაწყისში წაკითხულ აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოგიხმობენ ლოცვისთვის პარასკევ დღეს, მაშინვე ისწრაფეთ ალლაჰის ხსენებისკენ და შეწყვიტეთ ვაჭრობა. ეს თქვენთვისვეა უკეთესი, რომ იცოდეთ თქვენ!(ჯუმა 62/9)

  ამ აიათში მოცემულ ბრძანებაზე გულით დამოკიდებული მუსლიმები ყოველდღიურ საქმინობას წყვეტენ და პარასკევის ლოცვისთვის ემზადებიან. მუსლიმები ამ დღეს, სუნეეთის შესაბამისად ტანს იბანენ, სუფთად იცვამენ, სასიამოვნო სუნამოებს იყენებენ და მეჩეთისკენ მიიჩქარიან. მეჩეთშიც მორწმუნეთა წესისამებრ იქცევიან და ყველა წესს ზედმიწევნით იცავენ.  

მეჩეთში მოსული მუსლიმები ხუტბას მთელი გულისყურით უსმენენ. ხუტბა პარასკევის ლოცვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ხუტბას დროს ლაპარაკი, მობილური ტელეფონით ან სხვა მსგავსი რაიმით სარგებლობა მიუღებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით შუამავლის გაფრთხილება საკმაოდ მკაფიოა: „პარასკევ დღეს, როდესაც იმამი ხუტბას კითხულობს და ამ დროს ვინმე ლაპარაკობს, მასზე „გაჩუმდი“ თქმაც კი შეცდომაა“ (იხ. იბნ მაჯე, „იქამეთ“ 93)

ძვირფასო მორწმუნენო!
საპატიო მიზეზის გარეშე პარასკევის ლოცვის გაცდენა დიდი ცოდვაა. ღვთის შუამავალი ბრძანებს: „ვინც უმნიშვნელოდ ჩათვლის გამო პარასკევის ლოცვას სამჯერ გააცდენს, მისი გულს ბეჭედი დაესმება“. (იხ. მუსლიმ, „ჯუმა“18)

ამრიგად, მოდით ამ ძვირფასი დღის მადლით ვისარგებლოთ და ღვთისადმი ლოცვა აღვავლინოთ. ამავდროულად ჩვენი ძმობა და ერთიანობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ასევე ყურადღება მივაქციოთ ბავშვებს და პარასკევის ლოცვაზე სიარულს პატარაობიდანვე მივაჩვიოთ. ხუტბას ძვირფასი შუამავლის ჰადისით დავასრულებ: „ვინც წესისამებრ მცირე განბანვას შეასრულებს, პარასკევის ლოცვაზე მოვა და ხუტბას გულისყურით მოუსმენს, იმ პარასკევიდან მომავალ პარასკევამდე არსებული ცოდვები მიეტევება“. (იხ. მუსლიმ, „ჯუმა“ 27)

<

Comment here