სათაურებიხუტბა

ობოლი, რომელიც უზენაესმა კაცობრიობას მიაბარა

ძვირფასო მორწმუნენო!
უჰუდის ბრძოლა დასრულდა და მუსლიმები მედინაში დაბრუნდნენ. ერთი პატარა ბავშვი შუამავალთან მივიდა და მამაჩემს რა მოუვიდაო, ჰკითხა. შუამავალმა უპასუხა, „მამაშენი შეჰიდი გახდა, ღმერთმა აცხონოს“.  ბავშვმა ეს რომ გაიგონა, ტირილი დაიწყო. შუამავალმა ვეღარ გაუძლო, ატირებული ბავშვი გულში ჩაკრა და  მის დამშვიდებას შეეცადა. შემდეგ კი ასე უთხრა: „გინდა, რომ მე მამა ვიყო, ხოლო აიშე- დედა?“

ბავშვს სახე გაებადრა. დიახ, მინდაო, უპასუხა შუამავალს. შუამავალმა შეჰიდისგან დანატოვარი ძვირფასი „ამანათი“ გულში ჩაიკრა და  მას შემდეგ ობლობა და მარტოობა აღარ უგრძნობინებია.  (იხ. იბნ ჰაჯერ, „ისაბე“ 1, 302)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოება, ისლამი გვიბრძანებს ვუპატრონოთ ობლებს და ვიზრუნოთ მათზე. მათ მიმართ უკიდურესად ლმობიერები, შემწყნარებლები და მზრუნველები უნდა ვიყოთ. ობლები, ღმერთის მიერ,  ჩვენზე მობარებული, უცოდველი „ამანათები“ არიან.  ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს:

მუსლიმთა ოჯახებიდან საუკეთესო ოჯახი ისაა, რომელშიც ისეთი ობოლი ცხოვრობს, რომელსაც კარგად ექცევიან“. (იხ. იბნ მაჯე, „ედებ“ 6)

ძვირფასო მორწმუნენო!
ობლის უგულებელყოფა, მისი მარტო მიტოვება და მასზე ზრუნვისგან თავის არიდება დიდი ცოდვაა. ობლების საკუთრების ხელყოფა, მათი უფლებების დარღვევა დიდი ძალიან მძიმე ცოდვაა. უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

ამიტომ ობოლი არ დაჩაგრო

და მათხოვარს არ გაუწყრე!

                და უკვე დროა შენი ღმერთის მადლი ამცნო (ხალხს)!(დუჰა 93/9-11)

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალმა ერთხელ საჩვენებელი და შუა თითი შეაერთა და ბრძანა: „მე და ობლებზე მზრუნველი ადამიანი, სამოთხეში ასე ახლოს ვიქნებით“. (იხ. ბუჰარი, „თალაქ“ 25)

ჩვენ, მორწმუნე მუსლიმები, როგორც შუამავლის გულმხურვალე მიმდევრები, ობლებსა და მიუსაფრებზე ყოველთვის ვზრუნავდით. დღეს, უფრო მეტი გულისხმიერებით უნდა გავაგრძელოთ ეს კეთილშობილური ქცევა.  ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ობლების სახეებზე მუდმივად ღიმილი იყოს და თვალები სიხარულით უბრწყინავდეთ. უნდა ვიზრუნოთ, რომ ისინი საუკეთესო ზნეობის მატარებელ, ღირსეულ ადამიანებად აღიზარდონ. შეძლებისდაგვარად, არასოდეს მოვაკლოთ მატერიალური და სულიერი თანადგომა, რათა იმედი არ დაკარგონ. გვახსოვდეს, ობოლზე ხელის გაწოდება, ღვთის კმაყოფილების მოპოვების გზაა.

Comment here