სათაურებიხუტბა

მუჰარრემის თვე
და ქარბელა

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰიჯრის წელიწადი მუჰარრემის თვით იწყება. ჩვენ ამჟამად ჰიჯრით 1444 წელს ვითვლით. როგორც ძვირფასი შუამავალი გვასწავლის, მუჰარრემის თვე წყალობითა და სიბრძნით აღსავსე თვეა. შუამავალი ბრძანებს: „რამადანის შემდეგ, ყველაზე მადლიანი მარხვა, ღვთის თვეში, მუჰარრემში შესრულებული მარხვაა“. (მუსლიმ, „სიამ“, 202) ამრიგად, ეს თვე სულიერი წყალობით აღსავსე თვეა. მუჰარრემის თვის მეათე დღე აშურაა. შუამავალი გვირჩევს, რომ ამ დღეს, წინა დღისა და შემდეგი დღის ჩათვლით, სამი დღე ვიმარხულოთ. (იხ. იბნ ჰანბელი, 1, 240).

ძვირფასო მორწმუნენო!
მუჰარრემის თვე ამავდროულად ქარბელას ტრაგედიასთანაა დაკავშირებული. ეს არის მონატრება, რომელიც უდაბნოში ერთი წვეთი წყლის მონატრებას გავს. ეს არის დრო, როდესაც ჰზ. ჰუსეინს და მასთან დაკავშირებულ ტრაგედიას ვიხსენებთ. ამ დღეს ჰზ. ჰუსეინი და მისი მხლებლები სასიკვდილოდ გაიმეტეს.

ამ სამწუხარო მოვლენამ ყველა ის ადამიანი სიღმისეულად შეძრა და გული ატკინა, რომლებსაც ღვთისა და შუამავალის სწამდათ. იმ დღიდან მოყოლებული, ყოველი მუსლიმი მწუხარებით იხსენებს ამ მძიმე ტრაგედიას. ჰზ. ჰუსეინი ყველა მორწმუნეს გულით უყვარს და შესაბამისად, მისი და მისი ახლობლების მიმართ ჩადენილი ამ ტრაგიკული ისტორიის მიმართ გულგრილობა გაუმართლებელია.

დღეს ამ ტრაგიკული მოვლენის სწორად შეფასებაა საჭირო და ჩვენ ყველამ ამ მოვლენისგან შესაბამისი მაგალითი უნდა ავიღოთ. ჩვენი ვალია სწორად შევაფასოთ ეს მოვლენა და ისტორიული ტრაგედიისგან ახალი ტრაგედიები კი არ შევქმნათ, არამედ გავერთიანდეთ და ეს  ერთიანობა შევინარჩუნოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ქარბელაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გვასწავლა, ჩვენი ერთობა, ერთიანობა და ძმობაა. წმინდა ყურანის მიხედვით უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

და არ იყოთ იმათი მსგავსნი, რომელნიც დაიყვნენ და დაობდნენ მას შემდეგ, რაც ცხადი  მტკიცებანი მოევლინათ. და სწორედ მათთვისაა (გამზადებული)  მძვინვარე სასჯელი.(ალი იმრანი, 3/105)

 თუ ამ გზავნილს ცხოვრებისეულ პრაქტიკაში არ გავითვალისწინებთ და ერთიმეორეს გულით არ შევიყვარებთ, მსგავსი ტრაგიკული მოვლენები არ დასრულდება. დღეს, სამწუხაროდ, მუსლიმებით დასახლებულ ქვეყნებში ისევ და ისევ ქარბელას ტრაგედია ტრიალებს. ყოველდღე ვგებულობთ სამწუხარო ინფორმაციას, ყოველდღე იღვრება უდანაშაულოთა სისხლი.

აქედან გამომდინარე, მოდით, ერთი რწმენით, ერთი ტკივილითა და მონატრებით სავსე გულები გავაერთიანოთ. გვახსოვდეს ჰზ. ჰუსეინი. ერთმანეთს გული გადავუშალოთ და სიყვარულით ხელიხელჩაკიდებულებმა ვიცხოვროთ.  

ძვირფასო მორწმუნენო!
კიდევ ერთ გაკვეთილი, რაც ქარბელას ტრაგედიიდან გამომდინარე უნდა ვისწავლოთ, არის მტკიცე ცოდნა იმისა, რომ იმამ ჰუსეინისა და მისი მეგობრების გზა, რისთვისაც მათ თავი გაწირეს, ძვირფასი შუამავლის გზაა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ისლამის კანონები იმამ ჰუსეინის მსგავსად სწორად გავიგოთ და განუხრელად დავიცვათ. ეს გზა ჭეშმარიტების, სამართლიანობის, სიყვარულისა და შემწყნარებლობისკენ სწრაფვა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. როგორც დიდი სწავლული გვასწავლის, ჩვენ მიწასავით თავმდაბალი უნდა ვიყოთ და ვინმეს ავი თთვალით არ უნდა შევხედოთ. უნდა მოვერიდოთ ამქვეყნიური სიამტკბილობის მახეში გაბმას და უსამართლობის წინააღმდეგ მტკიცეთ უნდა ვიდგეთ.

Comment here