ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„ჰეი, ადამის შვილნო! ჩვენ მოგივლინეთ თქვენ სამოსი თქვენთა სარცხვინებელთა დასაფარად და შესალამაზებლად, და ღვთისმოშიშობის სამოსელი, სწორედ ესაა უკეთესი. აი, ესაა ალლაჰის აიათები, ეგების გულისხმაჰყონ მათ!“ (ეღრაფი, 7/26)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „კაცობრიობამ ყველა შუამავლისგან ერთი შეგონება ისწავლა: „თუ არ გრცხვენია, აკეთე ის, რაც გსურს“. (იხ. ბუჰარი, „ედებ“, 78)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოება, ისლამი, ცხოვრების ყველა ასპექტში; ჭამა იქნება თუ სმა, სიტყვა თუ ქცევა, ჩაცმა თუ გართობა, გარკვეულ სტანდარტებს აწესებს და მორწმუნე მუსლიმი ვალდებულია ეს სტანდარტები დაიცვას. ეს ყველაფერი ყურანშია მოცემული, ხოლო შუამავალმა პირადი პრაქტიკით გვაჩვენა, თუ როგორ დაგვეცვა ეს სტანდარტები. ამ სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა ღვთისმოსაობაა.
ღვთისმოსაობა გულწრფელი მსახურებაა. ამ დროს ადამიანი მთელი გულით ცდილობს ისე მოიქცეს, როგორც მორწმუნეს შეეფერება. ამ დროს მორწმუნე სიკეთისკენაა მიდრეკილი და ბოროტებისგან შორს დგას. ის ცხოვრობს იმის გაცნობიერებით, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და ჩვენს ყოველ ნაბიჯს თვალყურს ადევნებს. მას სწამს სიკვდილის, საიქიოში აღდგომის, განკითხვის, სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობისა და ამ ცნობიერებით ცხოვრობს.
ძვირფასო მორწმუნენო!
როდესაც ადამიანის გულში ღვთისმოსაობა დაისადგურებს, ის სიკეთით აივსება. იქ აღარ დარჩება ისეთი ნეგატიური გრძნობების ადგილი, როგორიცაა თვალთმაქცობა, ამპარტავნება, სიამაყე, შური და ბოღმა. ღვთისმოსავი ადამიანის სიტყვაც და საქმეც ლამაზია. ის აღ ამბობს ტყუილს, არ ჭორაობს და ცილს არავის დასწამებს. ღვთისმოსავი ადამიანი ყოველთვის სიმართლის მხარეს დგას და ურთიერთობებში სიკეთესა და სიყვარულს თესავს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთისმოსავი ადამიანი ჩაცმა-დახურვისას განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. ის საკუთარი სხეულის და საზოგადოების მიმართ პატივისცემას გამოხატავს. ყოველ ადამიანს, ქალსაც და მამაკაცსაც გარკვეული წესების დაცვით ჩაცმა ევალებათ. როდესაც ქალი სახლიდან გარეთ გადის, სახის, ხელებისა და ტერფების გარდა მთელი სხეული დაფარული უნდა ჰქონდეს. მამაკაცებმა კი ჭიპიდან მუხლებამდე სხეულის ნაწილი უნდა დაიფარონ. ასევე მიუღებელია ძალიან ვიწრო ტანსაცმლის ჩაცმა, რადგან ამ დროს სხეულის ნაწილების მკვეთრად გამოხატულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ღვთის ბრძანებაა. სარწმუნოების წესისამებრ ჩაცმა მორწმუნის ვალდებულებაა.
ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთისმოსაობა დაცულია, როდესაც ეს აისახება ჩვენს ცხოვრებისეულ აქტივობებზე, როგორიცაა ნიშნობა, ქორწილი და სხვა მსგავსი ცერემონიალები. ღვთისმოსაობის დაცვის გზით ჩვენი ოჯახები მშვიდობით, ბედნიერებითა და სიყვარულით ივსება. ისლამი რელიგიურ ფარგლებში ქორწილებში გართობის საშუალებას იძლევა. თუმცა, საქორწილო წვეულება, სადაც ხალხს ხმამაღალი ხმები აწუხებს, მოიხმარენ ალკოჰოლს, ირღვევა კონფიდენციალურობის წესები, იკეტება გზები და იმართება რბოლები, რომელმაც შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება გამოიწვიოს, ჩვაენი რელიგიისთვის მიუღებელია. ამგვარი ცერემონიალების დროს გადაჭარბებული ხარჯებიც მიუღებელია, რადგან ხშირად ახალგაზრდა წყვილს ფინანსური პრობლემები ექმნება. ხშირად, ამ ხარჯების გამო ახალგაზრდები ქორწინებას აგვიანებენ ან საერთოდ არ ქორწინდებიან. შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ყველაზე სასარგებლო ის ქორწილია, სადაც ცოტა ხალხია“. (იხ. იბნ ჰანბელი, 6, 83)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ უნდა ვისწრაფოთ, რომ ღვთისმოსაობის ცნობიერება ჩვენი ცხოვრების ყოველ წამსა და სფეროში დომინანტური გავხადოთ. ვეცადოთ, შორს ვიყოთ ყოველგვარი არასწორი სიტყვების, დამოკიდებულებისა და ქცევებისგან, რომლებიც აზიანებს ჩვენს ღირსებას და შეუთავსებელია ადამიანის ღირსებასთან. გვახსოვდეს, ჩვენი რწმენა, კარგი საქმეები, კარგი მორალი და პასუხისმგებლობის გაცნობიერება სააქაო და საიქიო ბედნიერების საწინდარია.
ბოლოს კი გთვაზობთ ვედრებას, რომელიც შუამავალმა გვასწავლა: „ღმერთო, მომმადლე ღვთისმოსაობა, პატიოსნება და სულიერი სიმდიდრე“. (იხ. მუსლიმი, „ზიქირ“, 72)
Comment here