სათაურებიხუტბა

მუსლიმი, როგორც პიროვნება

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამი არის სარწმუნოება, რომელიც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს. ისლამის მიერ დადგენილი პრინციპები და ღირებულებები, ერთის მხრივ ადამიანის გრძნობებს, აზროვნებასა და ქცევებს აყალიბებენ, ხოლო მეორეს მხრივ კი ადამიანი ყალიბდება პიროვნებად. ყველა ის კითხვა, რომელიც ადამიანის ცხოვრების აზრს, მიზანს, არსებობის საფუძველს, ცოდნის არსს და ზოგადად ადამიანის სწორად ცხოვრებას ეხება, ისლამის წიაღში ჩამოყალიბებულ პიროვნებაში უნდა ვეძებოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
მუსლიმის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში, ყველაზე მნიშვნელოვან როლს რწმენა ასრულებს. რწმენა ის უდიდესი განძია, რომელიც ადამიანს ცხოვრებისეული გზააბნეულობისგან იცავს და მუდმივ სამყოფელში ბედნიერებას უმზადებს.

მუსლიმი მტკიცე და ურყევ პიროვნებად რომ ჩამოყალიბდეს, როგორც უკვე აღინიშნა, ჯერ რწმენაა საჭირო, ხოლო შემდეგ ღვთისმსახურება. ღვთისმსახურება ადამიანს ღმერთთან აახლოვებს და სწორედ რწმენისა და ღვთისმსახურების თვალსაჩინო შედეგია მუსლიმისთვის მესამე უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი- საუკეთესო ზნეობა.  ეს ყველაფერი მუსლიმი ადამიანის სულიერების საკვებია. გამომდინარე აქედან, ყოველი მუსლიმისგან ამ ორ უმნიშვნელოვანეს რამეს უნდა ველოდეთ: ღვთისმსახურებასა და საუკეთესო ზნეობის გამოვლინებას. ღვთისმსახურება ადამიანის გაჩენის მიზანი და მისი არსია, ხოლო საუკეთესო ზნეობა იმ თვისებათა ერთობლიობაა, რომლებიც მუსლიმის პიროვნებას ქმნის.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

„ვფიცავ, ალლაჰის შუამავალი კარგი მაგალითი იყო თქვენთვის, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს! (აჰზაბი 33/21)

გამომდინარე აქედან, ჩვენი ვალია მივყვეთ შუამავალის გზას და მისი სამაგალითოება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გავითვალისწინოთ. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ მასავით მტკიცე რწმენა, სისტემატიური და გულწრფელი ღვთისმსახურება და საუკეთესო ზნეობა იყოს ჩვენი პიროვნულობის განმსაზღვრელი. უნდა გაგვაჩნდეს მტკიცე ხასიათი, რომელიც ისლამის ნათელით განპირობებული პატიოსნებითა და ღირსებით იქნება სავსე. ჩვენ ყოველთვის სიკეთისა და სასარგებლო საქმეებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ამავდროულად,  ცოდვას, უსამართლობასა  და ბოროტებას წინ უნდა აღვუდგეთ და ჩვენი მცდელობა უკომპრომისო უნდა იყოს. ამასთანავე, ჩვენი ვალია მშობლების, ოჯახის წევრების, ახლობლების, თანამორწმუნე ძმებისა და ზოგადად ყველას მიმართ შემწყნარებელი და სიკეთით აღსავსენი ვიყოთ.  გავიხსენოთ, რას ბრძანებს შუამავალი: „ მუსლიმი ის ადამიანია, რომლის ხელისა და ენისგან ვინმეს ზიანი არ მიადგება“. (იხ. იბნ ჰანბელი, 6, 22)
ხუტბას დასასრულს კი უზენაესის კიდევ ერთი აიათი მინდა გაგიზიაროთ:

„უეჭველად, რომელთაც თქვეს: „ღმერთი ჩვენი ალლაჰია“ მერე კი იყვნენ მტკიცენი, ([1]იწამეს ერთღმერთიანობა და აღასრულეს ყველა ვალდებულება) ზეგარდმოვლენ მათზე ანგელოზები: „ნუ გეშინიათ და ნუ დამწუხრდებით, და იხარეთ სამოთხით, რომელიც იყო აღთქმული“. (ფუსსილეთი 41/30)

 

Comment here