სათაურებიხუტბა

მსხვერპლშეწირვის დღესასწაული:
ღვთისკენ სწრაფვის სიხარული

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰიჯრით მეორე წელი იყო. შუამავალი თავის მეგობრებთან ერთად მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს პირველად აღნიშნავდა. მორწმუნენი მსხვერპლს შესწირავდნენ და ყველანი ერთად ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს იზეიმებდნენ. ყველას სადღესასწაულო განწყობა დაუფლებოდა. შუამავალი სალოცავში მივიდა და მეგობრებს მიესალმა. ჯერ ღვთისადმი დიდება აღავლინა და შემდეგ იქ მყოფებს მიმართა: „დღეს ჩვენი პირველი საქმე ბაირამის ლოცვის შესრულება ხოლო შემდეგ მსხვერპლის შეწირვაა. ვინც ასე მოიქცევა, ის სუნას მიჰყვება“. (იხ. იბნ ჰანბელი, 4, 283; ბუჰარი, „იდეინ“ 3)

ძვირფასო მორწმუნენო!
მსხვერპლის შეწირვა მხოლოდ სამსხვერპლე პირუტყვის დაკვლას არ ნიშნავს. ეს არის ღვთისადმი გულწრფელი თაყვანისცემისა და მისდამი ლტოლვის გამოხატულება. ეს არის ღვთისადმი უპირობოდ მინდობის სიმბოლო. ეს არის ღვთის გზაზე ყველაფრის შეწირვის მზაობის დეკლარირება. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:

უთხარი: უეჭველად, ჩემი ლოცვა და შესაწირი[1] ჩემი და სიცოცხლე და სიკვდილი ჩემი სამყაროთა ღმერთის, ალლაჰისთვისაა“. (ენღამი, 6/162)

მსხვერპლი ღვთის მიერ მსახურებისთვის ბოძებული წყალობაა. მსხვერპლის შეწირვა ის ჰზ. აბრაამის რწმენასა და ჰზ. ისმაილის ერთგულებას გამოხატავს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ეს სადღესასწაულო დღეები ღვთისმსახურების განწყობით უნდა გავატაროთ. შესაწირი პირუტყვი ღვთისადმი დაახლოების სიმბოლოა, ამიტომ კარგად უნდა მოვეპყროთ. უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლები ტკივილი მივაყენოთ. მსხვერპლის შეწირვის რიტუალის შესრულებისას სისუფთავეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. შეწირვამდე და შეწირვის შემდეგ გარემო შეძლებისდაგვარად უნდა დავასუფთავოთ.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ეს დღესასწაული, აგრეთვე, სხვებზე ხელის გაწოდების, ურთიერთდახმარებისა და გაჭირვებულების გახარების დღესასწაულია. ამრიგად, მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს ყურადღება მივაქციოთ, მოვიპატიოთ, გავუმასპინძლდეთ და ყველას გულები გავახაროთ. გარდა მატერიალური დახმარებისა, ჩვენ მათ სიყვარული და თანაგრძნობა უნდა ვაჩვენოთ და გავუზიაროთ.

ამ დღეებში ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები უნდა მოვინახულოთ. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ მოხუცებს, ავადმყოფებს, ღარიბებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენგან თანადგომა სჭირდება. უნდა ვეცადოთ, რომ ამ დღესასწაულის განწყობა ყველას ერგოს და ყველამ შვება იგრძნოს. ამ დღეებში დამდურებულები უნდა შევარიგოთ და ერთმანეთს შორის ძმობისა და სიყვარულის ხიდები ავაგოთ. შური, ბოღმა და ქიშპობა საერთოდ უნდა დავივიწყოთ, რადგან ის საზოგადოებრივი სიმშვიდისა და კეთილდღეობის მტერია.   

ძვირფასო მორწმუნენო!
მსხვერპლშეწირვის დღესასწაული რწმენას გვიძლიერებს. არ დავიავიწყოთ ის მორწმუნე ძმები, რომლებიც ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს სისხლითა და ცრემლით ხვდებიან. ღმერთს შევევედროთ, რომ მათი ტანჯვა დასრულდეს და შვება იგრძნონ. ასევე ღმერთს ვევედროთ, რომ მსოფლიოში მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს.

გილოცავთ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს და უზენაეს გამჩენს ვევედრები ჩვენს ოჯახებსა და მთელ ისლამურ სამყაროს სულიერი სიმშვიდე, ყოველგვარი სიკეთე, ხვავი და ბარაქა არ მოჰკლებოდეს.  

[1] ღვთისმსახურებანი

Comment here