სათაურებიხუტბა

მოხუცების მიმართ პატივისცემა
წყალობისა და გადარჩენის ნიშანია

ძვირფასო მორწმუნენო!
მექას გათავისუფლების დღე იყო. ესოდენ დიდი მონატრება უკვე დასრულდა. ძვირფასი შუამავალი და მისი შესანიშნავი ამალა წლების შემდეგ ისევ მექაში შევიდნენ. მორწმუნეთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ისინი ერთიმეორეს ეხვეოდნენ, ულოცავდნენ და ღმერთს მადლობას სწირავდნენ. შუამავლის უერთგულესი მეგობარი, ჰზ. აბუ ბაქარი მექაში შესვლისთანავე მამის მოსანახულებლად გაეშურა. აბუ ბაქარის მამა ჯერ კიდევ არ იყო მუსლიმი, მაგრამ ყოველ წამს სულმოუთქმელად ელოდებოდა მიეღო ჭეშმარიტი სარმწუნოება. აბუ ბაქარმა მაშინვე შუამავალთან წაიყვანა. შუამავალი უახლოესი მეგობრის მამას დიდი პატივისცემითა და სიყვარულით შეხვდა. მოხუცს თმა და წვერი გათეთრებოდა და თვალებიდანაც ვეღარ ხედავდა. შუამავალმა აბუ ბაქარს ასე უთხრა: „ნეტა მოხუცი მამა სახლში დარჩენილიყო და მე მივსულიყავი მასთან“. (იხ. იბნ ჰანბელი, 6, 350)

ძვირფასო მორწმუნენო!
მოხუცები ის ადამიანები არიან, რომელთა მიმართაც უდიდესი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც წარსულსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებენ. ჩვენ ყველაფერს მათგან ვსწავლობთ. ღვთისადმი სიყვარულს, შამავლის სამაგალითოებას ისინი გვასწავლიან. ამასთანავე, ისინი გვასწავლიან ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელია. ყველა სულიერი და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებას, სწორედაც, რომ მათ უნდა ვუმადლოდეთ. ისინი ჩვენი ოჯახების ბურჯი არიან.

ძვირფასო მორწმუნენო!
ძვირფასი შუამავალი, მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, მოხუცების მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას იჩენდა. ჰადისი მიხედვით ის ბრძანებს: „როდესაც ახალგაზრდა მოხუცებს ასაკის გამო პატივს სცემს, ღმერთი მოხუცებულობისას ისეთ ვინმეს მოუვლენს, რომელიც მასაც პატივს სცემს“. (იხ. თირმიზი, „ბირ“ 75)

ჩვენ, როგორც შუამავლის მიმდევრები, ვალდებული ვართ პატივისცემა გამოვიჩინოთ მოხუცების მიმართ და მარტო არ დავტოვოთ, როცა ისინი დაუძლურდებიან და მოვლა დასჭირდებათ. მოხუცებულობა ის პერიოდია, როდესაც ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. მათთან ურთიერთობისას მომღიმარი სახე და ტკბილი სიტყვა უნდა გვქონდეს. უხეშად არ უნდა მივმართოთ და გული არ ვატკინოთ. მათდამი გამოჩენილი მზრუნველობა და პატივისცემა, ღვთის წყალობის მიზეზი გახდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

და ვფიცავ, ჩვენ აღმატებულ ვჰქმენით ადმის შვილნი და მივეცით საშუალება ემოგზაურათ ზღვასა და ხმელეთზე. ჩვენ ვუწყალობეთ მათ სიკეთენი და უპირატესვჰყავით ისინი სხვა მრავალ ჩვენს გაჩენილებთან შედრებით!“ (ისრა, 17/70)

დიახ, ღმერთმა ადამიანები განსაკუთრებული სტატუსით გააჩინა და ყოველი მათგანი დასაფასებელია. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება მოხუცებს უნდა მივაქციოთ. შუამავალი ბრძანებს: „როდესაც ჭეშმარიტ გზაზე მდგომი მოხუცი ხელებს აღაპყრობს და გამჩენს შეევედრება, ღმერთი მის ვედრებას შეასრულებს“. (იხ. თაბერანი, ელ-მუჯემულ-ევსათ, 5, 270)

ამრიგად, მოდით განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა გამოვიჩინოთ მოხუცების მიმართ, რომლებმაც გაგვზარდეს, გვივლიდნენ და გვიცავდნენ. ხშირად მოვიკითხოთ ისინი და საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის ვიზრუნოთ.

 

Comment here