ძვირფასო მუსლიმებო!
გილოცავთ! დიდება გამჩენს, რომ კიდევ ერთხელ რამადანის თვის დადგომას მოვესწარით. ამ საღამოს, ღვთის ნებით, პირველი თერავიჰის ლოცვით შევეგებებით მოწყალებისა და მიტევების სეზონს. თერავიჰი არის ლოცვა, რომელსაც ჩვენი საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) თავად ასრულებდა, ასწავლიდა და მის შესრულებას ურჩევდა მორწმუნეებს. (იბნი ჰანბელი, VI, 267; ბუხარი, იღ’თისამი, 3) თერავიჰი ისლამის პირველივე წლებიდან დღემდე უცვლელი ფორმით სრულდება. (მუვატტა, რამადანი, 2; თირმიზი, სავმი, 81) თერავიჰი არის განსაკუთრებული ღვთისმსახურება, რომელიც ჩვენს დაღლილ სულებს განტვირთავს, გულებს სიხარულს მოჰგვრის და ცოდვების მიტევების საბაბი ხდება.
შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ვისაც რწმენით გულანთებული და მხოლოდ ალლაჰისგან საზღაურის მოლოდინით თერავიჰის ლოცვა აღასრულებს, მას წარსულში ჩადენილი ცოდვები მიეტევება.“ (ბუხარი, სალათუთ-თერავიჰი, 1)
ძვირფასო მორწმუნენო!
ამაღამ, ღვთის ნებით რამადანის ერთ-ერთი მადლმოსილ დროსზე – საჰურზე თბილი საწოლებიდან წამოვდგებით. საჰურის დრო თეჰეჯჯუდის ლოცვის დროცაა, ვედრების, მონანიებისა და მიტევების დროა. საჰურზე გაღვიძება ნიშნავს ცოცხალი სამყაროს განახლების მოწმედ ყოფნას, ძილის მიტოვებას, გულგრილობის უარყოფას და ჩვენი გამჩენის მატერიალური და სულიერი საჩუქრებით გამოცოცხლებას.
ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: فَإِنَّ فِى السُّحُورِ بَرَكَةً
„საჰურში ბარაქა დევს.“ (ბუხარი, სავმი, 20)
მან (ს.ა.ს.) დაგვიბარა, რომ თუნდაც ერთი ყლუპი წყლით მაინც შეგვესრულებინა საჰური, რადგან საჰურზე მყოფთ ალლაჰი წყალობას მოუვლენს და ანგელოზები მათთვის მიტევებას შეევედრებიან. (იბნი ჰანბელი, III, 44)
ძვირფასო მუსლიმებო!
რამადანი მარხვის თვეა. შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:
„მადლით აღსავსე რამადანის თვე დაგვიდგა. ამ თვეში უზენაესმა ალლაჰმა თქვენთვის მარხვა სავალდებულოდ დაადგინა. ამ თვეში ჯოჯოხეთის კარები იკეტება და სამოთხის კარები იღება.“ (ნესაი, სიამი, 5)
მარხვა ვალდებულებაა ყოველ იმ მუსლიმისთვის, რომელიც საღ გონებაზეა, სიმწიფის ასაკს მიღწეული და ჯანმრთელია.
მარხვა, რომელიც თავისი ნორმებისა და წესების შესაბამისად სრულდება, აძლიერებს ჩვენს ნებისყოფას, გვაშორებს ეგოიზმსა და ანგარებას. გვიცავს ცოდვისგან – ხელით, ენით, თვალითა და გულით. ეს არის ღვთისმსახურება, რომელიც გვაშორებს ჯოჯოხეთს და გვაახლოებს სამოთხეს.
ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანი ყურანის თვეა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „რამადანი არის თვე, რომელშიც გარდმოევლინა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისთვის და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზისა და განმასხვავებლად ჭეშმარიტებისა ბათილისგან…“ (ბაყარა, 2/185)
მაშ, ვიკითხოთ ყურანი, დავფიქრდეთ მის მნიშვნელობაზე და ვეცადოთ, ჩვენს ცხოვრებაში დავნერგოთ. ჩვენს შვილებს შევაყვაროთ ყურანი, მარხვა, ლოცვა და მეჩეთი. ბავშვები, რომლებიც მეჩეთებში მოდიან, სიხარულით მივიღოთ, არ გავუწყრეთ მათ, არამედ მათ სითბოთი და სიყვარულით მოვეპყროთ. ჩვენი სამლოცველოები უნდა იყოს მშვიდობის, სიყვარულისა და წყალობის ადგილები.
ძვირფასო მუსლიმებო!
რამადანის თვე ჩვენი პასუხისმგებლობების გადახედვის თვეა – ალლაჰისადმი, საკუთარი თავის, ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების მიმართ. განვამზადოთ ჩვენი გულები, სახლები, სამუშაო ადგილები, ქუჩები, სოფლები და ქალაქები რამადანისთვის.
ერთგულად მივყვეთ ისლამის სწავლებას ცხოვრების ყველა სფეროში – საკვებში, ჩაცმულობაში, ვაჭრობაში, ოჯახურ და სამეზობლო ურთიერთობებში. არ დავკარგოთ ჩვენი ძვირფასი დრო არაფრის მაქნის საქმეებში, რომლებიც არ შეესაბამება ისლამისა და რამადანის სულიერებას. შევეცადოთ, ლოცვების დროულად აღსრულებას და ყოველდღიური გრაფიკი ღვთისმსახურების ირგვლივ მოვაწყოთ.
არ მოვაწყოთ მდიდრული სუფრები, სადაც არ იქნებიან მიწვეულნი გაჭირვებულები. შევიფაროთ ღატაკნი, ობლები და ქვრივები. ჩვენი მარხვა არ გახდეს საბაბი უხეშობის სახლში, სამსახურში ან გზაში.
ღვთიურ წყალობას მოეცვას მორწმუნეთა გულები, ჩვენი ქვეყანა და მთელი სამყარო!
Comment here