სათაურებიხუტბა

მორწმუნის ლმობიერი ხასიათი

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენს სარწმუნოებაში რწმენა, ღვთისმსახურება და მორალი ერთ მთლიანობას წარმოადგენს.  ისლამი ჩვენგან ღვთისმსახურების დროს გულწრფელობას ითხოვს და ასევე მოითხოვს, რომ ვიყოთ ლმობიერნი და ზნეკეთილნი. მორწმუნე მუსლიმი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ეპყრობოდეს ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებსა და მეგობრებს. მათთან ურთიერთობაში ძირითადი მამოძრავებელი ხაზი ლმობიერება, შემწყნარებლობა და სიყვარული უნდა იყოს. ამასთანავე, მუსლიმი უნდა აცნობიერებდეს, რომ ყველა და ყველაფერი ღმერთის გაჩენილია, შესაბამისად მათდამი ქცევას ეს ჭეშმარიტება უნდა განსაზღვრავდეს. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყოველი მისი გაჩენილი დავაფასოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!

შუამავალი საუკეთესო მაგალითია. მან საკუთარი ქცევებით გვასწავლა თუ როგორ უნდა მოვექცეთ ადამიანებს და ზოგადად როგორი ურთიერთბებია მისაღები. შუამავალი ლმობიერი, თავაზიანი და შემწყნარებელი ადამიანი იყო. ის ირგვლივმყოფებს იმედს, სანდოობას და სიმშვიდეს აძლევდა. მასთან ურთიერთობისას ადამიანებს სიმშვიდე ეუფლებოდათ და შიშებისგან თავისუფლდებოდნენ. ოჯახსა და მეგობრებთან დიდად მოსიყვარულე გახლდათ. კარგი დღეების გარდა, ძნელბედობის ჟამსაც მოთმინებას იჩენდა და წონასწორობას არასოდეს კარგავდა. ის ყოველთვის შემწყნარებელი და მიმტევებელი იყო. ღმერთმა შეაქო მისი თვისებები, რაც ყურანშია გადმოცემული:

„ალლაჰისგან ბოძებულმა მოწყალებამ ლმობიერი გაგხადა მათ მიმართ. არადა უხეში და ულმობელი გული რომ გქონოდა, შემოგეცლებოდნენ. აპატიე მათ, ითხოვე მათთვის მიტევება და დაეკითხე მათ საქმეების თაობაზე. და როცა რამე საქმეს გადაწყვეტ, ალლაჰს მიენდე, უეჭველად, ალლაჰს უყვარს მინდობილები!“ (ალი იმრან 3/159)

ძვირფასო მუსლიმებო!

ჩვენ, როგორც მორწმუნე ადამიანებმა, შუამავლის მაგალითი უნდა ავიღოთ და მის მიერ ნაჩვენები გზა ჩვენი ცხოვრების პრინციპად ვაქციოთ. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ გულწრფელობა, გულმოდგინება, შინაგანი სიწმინდე და სამართლიანობა ხასიათის ძირითად მახასიათებლებად ვაქციოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ თვალთმაქცობა, ორპირობა, ამპარტავნება და მსგავსი ნეგატიური დამოკიდებულებები არც ღმერთის მხრიდან დაფასდება და არც ადამიანების. მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში ავსიტყვიანობას, რისხვას, უხეშობასა და ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. შუამავალი გვასწავლის: „მორწმუნე საყვარელი ადამიანია. ვინც ადამიანს ვერ უახლოვდება და არც მას უახლოვდებიან, სიკეთეს არ მოიტანს“. (იხ. იბნ ჰანბელი, 2, 400). „გინდათ გაცნობოთ თუ ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ჯოჯოხეთის ცეცხლში არ მოხვდება? ეს არის სულთან ახლო, საყვარელი, ლმობიერი ადამიანი“. (იხ. თირმიზი, სიფათულ ყიამე, 45)

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენ იმ საზოგადოების ფასი უნდა ვიცოდეთ, სადაც ვცხოვრობთ და რომლის ნაწილსაც წარმოვადგენთ. ჩვენ  ერთმანეთის სიხარული და მწუხარება, ჭირი და ლხინი უნდა გავიზიაროთ. ურთიერთბებში დამთმობი და შემწყნარებელი უნდა ვიყოთ. ოჯახში, შინ და გარეთ სიყვარულსა და იმედს უნდა ვასხივებდეთ. მღიმარე სახე და ტკბილი სიტყვა, ლმობიერება და პატივისცემა ჩვენი ხასიათის ძირითადი მახასიათებლები უნდა იყოს და არავის უნდა დავამადლოთ. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ ირგვლივმყოფებს ცხოვრება გავუადვილოთ და იმედი მივცეთ.

Comment here