სათაურებიხუტბა

მორწმუნე მოსიყვარულე ადამიანია

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთხელ შუამავლის ერთ-ერთი მეგობარი გზაზე მიდიოდა. წინ ძალიან ლამაზი მინდორი შემოხვდა. ამ მინდორში წყალიც ძალიან გემრიელი იყო და არემარეც ძალიან მიმზიდველი ჩანდა. მგზავრმა იფიქრა, მოდი გავეცლები საზოგადოებას და აქ დავსახლდებიო. შემდეგ შუამავალთან მივიდა და თავისი განზრახვის შესახებ აუწყა. შუამავალმა ცანაფიქრი არ მოუწონა და უთხრა, ხალხთან მხარდამხარ დგომა და მათთან ერთად ღვთის გზაზე ბრძოლა უფრო სასარგებლოა, ვიდრე საკუთარ სახლში წლების განმავლობაში განმარტოება და ღვთისმსახურებაო.  (იხ,თირმიზი, ფედილუ-ლ ჯიჰად, 17)

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის წესებით ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, ღვთის წინაშე ვალდებულების შესრულებას და ამასთანავე ადამიანებთან ჯანსაღ ურთიერთობებს გვასწავლის. საზოგადოებისგან განდგომა, მარტოსულობა, განდეგილობა, ეგოისტური დამოკიდებულებები და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი სწორი არ არის. თუ დავაკვირდებით, ყველა ღვთისმსახურებაში, ლოცვა იქნება, მარხვა, ზექათი, ჰაჯი, მსხვერპლშეწირვა თუ სხვა, ღვთის წინაშე ვალებულების შესრულების გარდა ადამიანებთან ურთიერთობა და მათდამი სიყვარულის განმტკიცებაა ჩადებული.  

ძვირფასო მორწმუნენო!
თანამედროვე ეპოქაში, სამწუხაროდ, საკუთარი ცხოვრების ტყვეები გავხდით. შედეგად მარტოსულობამ და ჩაკეტილობამ დაისადგურა. ჩვენი საცხოვრებელი სახლები დაახლოვდა, რადგან მოსახლეობის სიმჭიდროვეა, მაგრამ ჩვენი გულები საგრძნობლად დაშორებულია. მეგობრობა და მეზობლობა ძალიან სახეცვლილია და ამგვარი ურთიერთობები გაუფერულდა. იქამდეც კი მივედით, რომ მისალმება, ერთმანეთის მოკითხვა, მხარში დგომა და ნუგეშისცემა უკვე გვეზარება და ერთმანეთთან დისტანციას ვინარჩუნებთ. სამწუხაროდ, ზოგჯერ ახლო მეზობლის ავადმყოფობას ან გარდაცვალებას ჩვენზე ადრე სხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანები იგებენ და ჩვენ შეიძლება სულ ვერ გავიგოთ.

თანამედროვე ციფრული სამყარო მრავალ შესაძლებლობას გვთავაზობს. ჩვენ ასეთმა შესაძლებლობებმა ძალიან გაგვიტაცა და ამასობაში საკუთარი თავი დავკარგეთ. ამ ციფრული ინოვაციების ორომტრიალში ზნეობის დაცვაც უკიდურესად გართულდა. ასევე გაიოლდა ადამიანის უფლებების დარღვევა და დანაშაულის ჩადენაც. ჩვენ კომპიუტერებისა და სმარტფონების ტყვე გავხდით. ამის შედეგად რეალურ ცხოვრებას მოვწყდით და ამდენ ხალხში მარტონი ვართ. ჩვენ შეილძლება დედამიწის მეორე კუთხეში ვიღაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობას ვაგებდეთ და ამავდროულად კარის მეზობელს ან ნათესავს ვეღარ ვცნობდეთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:

„ალლაჰისგან ბოძებულმა მოწყალებამ ლმობიერი გაგხადა მათ მიმართ. არადა უხეში და ულმობელი გული რომ გქონოდა, შემოგეცლებოდნენ. აპატიე მათ, ითხოვე მათთვის მიტევება და დაეკითხე მათ საქმეების თაობაზე. და როცა რამე საქმეს გადაწყვეტ, ალლაჰს მიენდე, უეჭველად, ალლაჰს უყვარს მინდობილები!“ (ალი იმრან, 3/159)

ამრიგად, ჩვენ უნდა დავიცვათ შუამავლის გზა და მივყვეთ მას. შუამავლის ზნეობა ჩვენთვის სამაგალითოა და ჩვენი ცხოვრებაც ამ ზნეობის მიხედვით უნდა დავგეგმოთ. უნდა ვეცადოთ, ვიყოთ შემწყნარებელნი, გულისხმიერნი და მოსიყვარულენი. ეს ყოველი მუსლიმისთვის შესაფერისი ქცევებია. პატივი ვცეთ ოჯახის წევრებს, ახლო ნათესვებს, მეზობლებს, მეგობრებს, ახლობლებს, მთელ კაცობრიობას და გარემომცველ ბუნებას. ბედნიერება მარტოობაში არ არის, ბედნიერება ჯანსაღ ურთიერთობებში უნდა ვეძებოთ.

ხუტბას დასასრულს კი შუამავლის ჰადისს შეგახსენებთ: „მორწმუნე მოსიყვარულეა. ვინც ადამიანებთან ურთიერთობას ვერ ამყარებს და  არცმასთანაა ურთიერთობის დამყარება შესაძლებელი, სიკეთეს ვერ მოიტანს“. (იხ. იბნ ჰანბელი, 2, 400)

Comment here