სათაურებიხუტბა

მონანიება: ცოდვებისგან განწმენდის საშუალება

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აიათში უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შესთხოვეთ ალლაჰს მიტევება გულწრფელი მიტევებით. დაე, თქვენმა უფალმა დაფაროს თქვენი ცოდვები და შეგიყვანოთ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება“… (თაჰრიმ 66/8)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს:

„ვინც ცოდვას მოინანიებს, უცოდველის მსგავსია“. (იხ. იბნ მაჯე, „ზუჰდ“ 30)

ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანი მუდმივად სიკეთისა და სიმართლისკენ უნდა ილტვოდეს. ადამიანმა თავისი ცხოვრება ღვთის ბრძანებების შესაბამისად უნდა წარმართოს. სამწუხაროდ, ადამიანი ზოგჯერ ნებსით თუ უნებლიედ ცოდვას ჩაიდენს. ადამიანი ისეა გაჩენილი, რომ მას ორივე მხრივ მიდრეკილება გააჩნია; სიკეთისკენ და ბოროტებისკენ. ღმერთმა ადამიანებს დიდი წყალობა მოჰმადლა და მონანიების შანსი მისცა, რათა ჩადენილი ცოდვებისგან გათავისუფლების საშუალება ჰქონოდათ.

ძვირფასო მორწმუნენო!
მონანიება საკუთარი ეგოს მოთოკვა და მთელი გულწრფელობით ჩადენილი ცოდვების გამო სინანულის გამოხატვაა. ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ცოდვის ჩადენას აღარ გავაგრძელებთ. მონანიება ასევე პირობის დადებაა, რომ საკუთარი ეგოსა და ცდუნებების ტყვეობისგან გავთავისუფლდებით. მონანიება ცოდვებისგან დალაქავებული გულის განწმენდაა. ის სულიერი მდგომარეობის განახლება და ახალი ცხოვრების დასაწყისია. ამით უზენაესის კმაყოფილებისკენ ნაბიჯს ვდგამთ.


ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთი მოგვიწოდებს მოვინანიოთ, რადგან ის მოწყალე და მწყალობელია.

ჰეი მორწმუნენო! ერთბაშად შესთხოვეთ ალლაჰს მოტევება, ეგებ იქმნათ ნეტარნი!(ნურ 24/31)
მაშ, მოდით, ჩვენი სინანული არამარტო სიტყვით, არამედ გულით გამოვხატოთ. მოვინანიოთ და ღმერთს მივეკედლოთ. ჩვენი გულწრფელი მონანიებით გული განვიწმინდოთ. მონანიების დროს გულწრფელობა მთავარია, რათა გამჩენთან სულიერი კავშირი გავაძლიეროთ. ყოველთვის მოვინანიოთ ჩადენილი და ღმერთს პატიება ვთხოვოთ, რადგან ღირსეული მსახურები არ ვართ. ასევე პატიება ვითხოვოთ იმისათვის, რომ დედამიწაზე სიკეთის გამარჯვებისა და ბოროტების დამარცხებისათვის საკმარის მცდელობას არ ვავლენთ. მოვინანიოთ ყველა ის ცუდი საქმე რასაც ჩავიდნეთ. მოვინანიოთ ყველა ცუდი სიტყვა, ყველა ჭორი და ცილისწამება. მიტევება ვითხოვოთ, თუ ჩვენმა ხელმა ან ფეხმა არამისკენ გაიწია. მოვინანიოთ და ღმერთს ვთხოვოთ, რომ ჩვენი თვალი და სმენა არამისგან დაიფაროს. მოვინანიოთ და ღმერთს ვთხოვოთ დაგვიფაროს შურის, ბოღმის, ამპარტავნების, ეგოიზმისა და სხვა მსგავსი ნეგატიური გრძნობებისგან. მოვინანიოთ და ღმერთს ვთხოვოთ, რომ ჩვენი ცხოვრება კეთილი საქმეებით აღავსოს.

ხუტბას დასასრულს კი წარმოგიდგენთ მონანიების მაგალითს, რომელიც ძვირფასმა შუამავალმა გვასწავლა:

ღმერთო, ჩემი გამჩენი შენ ხარ. შენს გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს. შენ გამაჩნე და მე შენი მონა-მსახური ვარ. მე, სანამ ძალა შემწევს, შენთვის მოცემული პირობის ერთგულად ვრჩები და შენს მიერ მოცემულ პირობას ვენდობი. დამიფარე ჩემივე ჩადენილთაგან. ვაღიარებ ყველა იმ წყალობას, რაც მომმადლე. ასევე ვაღიარებ ყველა იმ ცოდვას, რაც ჩავიდინე. მომიტევე ჩემი ცოდვები, რადგან არავინ არს, გარდა შენისა, ვინც ჩემს ცოდვებს მომიტევებს“.(თირმიზი, „დეავათ“ 15),

Comment here