სათაურებიხუტბა

მოდით სალოცავად,
მოდით გადარჩენისათვის!

 

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეში ხუთჯერ ეზანი გვესმის, რომელიც ლოცვისა და გადარჩენისაკენ მოგვიწოდებს. ეს მოწოდება სალოცავისკენ მოგვიხმობს. მივყვეთ ამ მოწოდებას და უზენაესი გამჩენის წინაშე წარვსდგეთ. ეს ლოცვისა და გადარჩენისკენ მოწოდებაა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ლოცვა რწმენის დედაბოძია, ნათქვამია ჰადისში. ასევე ჰადისის მიხედვით ვიცით, რომ ლოცვა ის ღვთისმსახურებაა, რომლის გამოც საიქიოში ადამიანი აუცილებლად განიკითხება. ასევე ჰადისი გვამცნობს, რომ ლოცვა სამოთხის გასაღებია. (იხ. ბეიჰაქი, „შუაბულ იმან, 3, 39; ნესაი, „მუჰარებე“, 2; თირმიზი, „თეჰარეთ“, 1)

ლოცვა ისლამის ხუთი საფუძვლიდან ერთ-ერთია. ლოცვა ღვთისამიდ მორჩილებასა და მასთან კავშირის სისტემატიურობას გამოხატავს. ეს არის ადამიანის მიერ ღვთისკენ ლტოლვა და მისდამი თაყვანისცემის საუკეთესო ფორმით გამოხატვა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ლოვას ვასრულებთ და ეს ლოცვა ჩვენს მორწმუნეობას გამოხატავს. ლოცვის გულწრფელად შესრულება ადამიანს სიკეთისკენ წარმართავს და ბოროტებისგან განაშორებს. ყურანში ნაბრძანებია:

„წაიკითხე ის, რაც შთაგეგონა წიგნიდან[1] და აღავლინე ლოცვა. უეჭველად, ლოცვა განდევნის სიავენს და უკეთურს. და რა თქმა უნდა, ალლაჰის ხსენება  მნიშვნელოვანია. და ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიხართ!“ (ანქებუთ, 29/45)

ძვირფასო მორწმუნენო!
ხუთი დროის ლოცვა ყოველი მუსლიმისთვის სავალდებულო ღვთისმსახურებას წარმოადგენს და მისი სალოცავში ერთად აღსრულება უფრო მეტი მადლის მომტანია. ერთად ლოცვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მუსლიმები ჯიჰადის დროსაც კი ერთად ლოცვას ახერხებდნენ. ყურანში ნაბრძანებია:

„და როცა შენ (ო, მუჰამმედ!) მორწმუნეთა შორის ხარ[2] და წარმართავ მათ ლოცვით[3], შენთან ერთად ილოცოს ერთმა ჯგუფმა იარაღით ხელში. როცა პირველი ჯგუფი ლოცვას დაასრულებს, შენ უკან დადგნენ და მოვიდეს მეორე ჯგუფი, რომელსაც ჯერ არ ულოცია და შენთან ერთად განაგრძოს ლოცვა. მაგრამ ფრთხილად იყვნენ და იარაღი ჰქონდეთ თან. ვინც ურწმუნოა, ნატრობს უგულისყუროდ დატოვოთ იარაღი და აღჭურვილობა[4], რომ მოულოდნელად დაგესხან თავს. ცოდვად არ გეთვლებათ, თუ იარაღს განზე გადადებთ წვიმით შეწუხებულნი ან ავად მყოფნი. და იყავით ფხიზლად! უეჭველად, ალლაჰმა გაუმზადა ურწმუნოებს სასჯელი დამამცირებელი!“ (ნისა, 4/102)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ახლა პარასკევის ლოცვას აღვასრულებთ. ეს არის მორწმუნეთა კვირეული შეხვედრისთვის განკუთვნილი დღესასწაული. ეს არის ნიშანი მორწმუნეთა ერთობისა. უზენაესი გამჩენი მოგვიწოდებს, რომ ამ დღეს ამქვეყნიური შფოთვებისგან გავნთავისუფლდეთ და ღვთის სალოცავს მივაშუროთ.

„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოგიხმობენ ლოცვისთვის პარასკევ დღეს, მაშინვე ისწრაფეთ ალლაჰის ხსენებისკენ და შეწყვიტეთ ვაჭრობა. ეს თქვენთვისვეა უკეთესი, რომ იცოდეთ თქვენ!“ (ჯუმა, 62/9)

ძვირფასო მორწმუნენო!
ეზნის მოწოდების შემდეგ უზენაესის წინაშე მდგარი მორწმუნე ღვთისადმი სიყვარულს, მასთან კავშირს, თაყვანისცემასა და მინდობას გამოხატავს. ამრიგად ნამაზის ლოცვის მომენტი მორწმუნისათვის სანატრელი დროა, როცა ის თავის გამჩენთან ყველაზე ახლოს იმყოფება. ეს არის წმინდა მოგზაურობა, რომელიც ყველა ამქვეყნიურ საფიქრალს უკან მიგვატოვებინებს და მხოლოდ და მხოლოდ ღვთის წინაშე წარსდგომის ბედნიერებით განვიმსჭვალებით. ეს არის სურვილი ადამიანისა, რომელსაც თავის რეალურ სამშობლოში, სამოთხეში დაბრუნება სწყურია. ამის შესახებ შუამავალი ბრძანებს: „ნამაზი სამოთხის გასაღებიაო“. (იხ. თირმიზი, „თაჰარეთ“ 1)

ნამაზი მადლიერების გამოხატვის მომენტია. ეს არის ყველა მორწმუნის ვალი, რომლის საშუალებითაც გამჩენის, მაცოცხლებელის, მფარველი ღმერთის წინაშე უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ამრიგად ნამაზი უკეთურებას განდევნის და მისგან გვიცავს. მორწმუნე, რომელიც ნამაზს თავიდან ბოლომდე მთელი გულისხმიერებითა და გულწრფელობით ილოცავს, ღვთისმსახურების არსს ჩაწვდება. ღვთისმსახურების არსზე ჩაწვდომა კი ადამიანს საკუთარი არსის შემეცნებას ასწავლის. ამ დროს მორწმუნემ იცის, რომ მის ყოველ ქმედებას ღმერთი ხედავს და ის შესაბამისი განწყობით ცხოვრობს.

გამომდინარე აქედან, ნამაზი არამარტო ადამიანის ვალია, არამედ ის სწორად ცხოვრებისა და მაღალი ზნეობის გარანტია. ნამაზის მლოცველი ადამიანი ყოველგვარი ზღვარსგადასულობის, ამპარტავნებისა და ძალადობისგან დაცულია. ნამაზის მლოცველი მორწმუნე სულიერად ძლიერდება და მასში მოკრძალება და წესიერება ვითარდება.

[1] ყურანიდან
[2] ომში
[3] და თუ საფრთხე მოგელით მტრისგან
[4] როცა ლოცვად დგახართ

Comment here