ძვირფასო მორწმუნენო!
მეჩეთები და მესჯიდები ის ადგილებია, სადაც მშვიდობისა და უსაფრთხოების, წყალობისა და სულიერების გარემო სუფევს. აქ ვეცნობით ყურანს, ვსწავლობთ ღვთსმსახურებას, ვეცნობით შუამავლის ცხოვრებას და მის მიერ ნაქადაგებ მორალურ პრინციპებს. მეჩეთები და მესჯიდები სულიერების ცენტრებია, სადაც ჩვენ მხარდამხარ ერთ რიგში ვდგავართ და ჩვენს ერთობას და ურთიერთსიყვარულს ვაძლიერებთ. ეს ის ადგილებია, სადაც ერთი ღმერთის რწმენის, სიკეთისა და ხსნის ქადაგებები ისმის. შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ქალაქებში მეჩეთები ის ადგილებია, რომლებიც ღმერთს ყველაზე მეტად უყვარს“. (იხ. მუსლიმი, „მესაჯიდ“, 288)
ძვირფასო მორწმუნენო!
მეჩეთები არ არის მხოლოდ ის ადგილები, სადაც ჩვენი ლოცვების აღსასრულებლად ვიკრიბებით. მეჩეთები, ამავდროულად საგანმანათლებლო ცენტრებია, სადაც ყველა, კაცი, ქალი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ცოდნასა და სიბრძნეს ეზიარება. აქ ადამიანი სწორად ცხოვრებას სწავლობს და პიროვნებად ყალიბდება. მუსლიმთა წინა თაობებმა შექმნეს შესანიშნავი ცივილიზაცია, რომელიც მეჩეთების ამ უნიკალური სულითაა შთაგონებული. ამ ცივილიზაციის ბირთვი ყურანისა და სუნასადმი ერთგულებაა. ისლამის სწავლება ადამიანისგან ითხოვს, იყოს ერთგული მეუღლე, კარგი შვილი, მზრუნველი მშობელი, სანდო მეზობელი და საზოგადოებისთვის სასარგებლო პიროვნება. როგორც მორწმუნენი, ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ ნათესავებზე, ობლებზე, ღარიბებსა და უსახლკაროებზე. ჩვენი შემოსავლები კანონიერი გზებით უნდა მოვიპოვოთ. ბიზნესსა და კომერციულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია სანდოობა და ხალხისა და საზოგადოების უფლებების დაცვა. ისლამურ ტრადიციაში ვაჭრებსა და ხელოსნებთან მიმართებაში წახალისებულია ისეთი ფასეულობები, როგორიცაა სანდოობა, თანაგრძნობა, პატიოსნება, სამართლიანობა, მორალი და შრომისმოყვარეობა.
ძვირფასო მორწმუნენო!
მეჩეთებისა და მესჯიდების აშენება, შეკეთება და განახლება, ჩვენი მორწმუნეობრივი და ადამიანური მოთხოვნილებაა. მათი დანგრევა, ლოცვის მსურველებზე თავიანთი სულიერი მოთხოვნილებების აღსრულებაზე ხელის შეშლა კი დიდი სისასტიკე და ცოდვაა. ყურანში ვკითხულობთ:
„და ვინაა იმაზე დესპოტი, ვინც აუკრძალა ალლაჰის სალოცავებში მისი სახელი იხსენებოდეს და მოიწადინა მათი (სალოცავების) განადგურება? სწორედ ასეთებს მართებთ იქ შიშით შესვლა. მათთვისაა დამცირება სააქაოს და მძიმე სასჯელი საიქიოს!“ (ბაყარა 2/114) ფაქტობრივად, ღაზაში მიმდინარე მოვლენებს თუ დავუკვირდებით, მათი ერთ-ერთი სამიზე მეჩეთები და მესჯიდებია. ამის საპასუხოდ მუსლიმთა მოვალეობა მეჩეთების აშენება და აღორძინებაა. მეჩეთების აღორძინება არა მარტო მათი აშენება და მოპირკეთებაა, არამედ მათი ფუნქციის დაბრუნებაცაა. ისინი ცოდნის, მეცნიერებისა და ზნეობრივი ღირებულებების მიღების ცენტრები უნდა გახდეს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ვალია, დიდი ძალისხმევით აშენებული მეჩეთები მლოცველების გარეშე არ დავტოვოთ. ნუ მივატოვებთ მათ. უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური ხუთი დროის ლოცვა მეჩეთებში აღვასრულოთ, როგორც ამას პარასკევისა და ბაირამის ლოცვების დროს ვაკეთებთ. ოჯახის წევრები და ჩვენი შვილებიც მივაჩვიოთ მეჩეთში სიარულს. ისინი ხომ ჩვენი მომავალი არიან. ვიცოდეთ, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ და ყოველი წამი, რომელსაც გულწრფელი განზრახვით ვატარებთ მეჩეთისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენი ცოდვების მიტევებამდე მიგვიყვანს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ყოველწლიურად, 1-7 ოქტომბერს, მეჩეთებისა და რელიგიური მოხელეების კვირეული აღინიშნება. რელიგიური მოხელეები გამორჩეული ადამიანები არიან, რომლებიც მეჩეთებსა და მესჯიდებში, ყურანის კურსებსა და სხვადასხვა მსგავს დაწესებულებებში მუშაობენ და ყველა ასაკის ადამიანს რელიგიურ განათლებას აძლევენ. ისინი ამ ცოდნას სანდო წყაროებიდან გვიზიარებენ. ისინი არიან განსაკუთრებული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე რელიგიის სამსახურს მიუძღვნეს და ჩვენს სულიერად განვითარებაზე ზრუნავენ.
ამასთან დაკავშირებით ღვთის წყალობას ვუსურვებ ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვან მოვალეობას ასრულებდა და დღეს ცოცხლები აღარ არიან, ვინც სიცოცხლე მიუძღვნა რელიგიის სამსახურს და ვინც ჩვენი მეჩეთების მატერიალური და სულიერი განვითარებისთვის იბრძოდა. ცოცხლებს კი ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ.
Comment here