ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აიათის მიხედვით უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენდა მარხვა, როგორც სავალდებულო იყო მათთვის, ვინც თქვენ უწინარეს იყო, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისგან“. (ბაყარა, 2/183)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ვინც გულითადი რწმენით და მადლის ღვთისგან მოლოდინით რამადანის თვეში იმარხულებს, წარსულის ცოდვები მიეტევება“. (იხ. ბუჰარი, „სავმ“, 6)
ძვირფასო მორწმუნენო!
მარხვა ისლამის ხუთი საფუძვლიდან ერთ-ერთია. მარხვა ალიონიდან მზის ჩასვლამდე ჭამა-სმისგან, სქესობრივი კავშირისაგან და ყოველგვარი ცუდის გაკეთებისგან თავშეკავებას გულისხმობს. მარხვა ყოველ ზრდასრულ და ჭკუასრულ მუსლიმზე სავალდებულო ღვთისმსახურებაა. მარხვის გამოტოვება რელიგიურად მისაღები მიზეზების გამო შესაძლებელია, მაგალითად, როგორიცაა მგზავრობა და ავადმყოფობა.
ძვირფასო მორწმუნენო!
მარხვა მხოლოდ მშიერი და მწყურვალი ყოფნა არ გახლავთ. მარხვა თავის ნამდვილ მნიშვნელობას მაშინ აღწევს, როცა ის ჩვენს გონებას, სულს და ჩვენს ყველა ორგანოს უკავშირდება. ამ შემთხვევაში მარხვა ჩვენს სხეულს ჯანმრთელობას და ჩვენს გულებს სიმშვიდეს მიანიჭებს.
გონების მარხვა ჩვენი გამჩენის ძალისა და წყალობის გააზრებას ნიშნავს. მარხვის დროს თავი უნდა შევიკავოთ ყველა სახის ცუდი აზრებისგან, რომლებიც ადამიანებს გულს ტკენს. მარხვა ასევე ნიშნავს, რომ ადამიანი ამქვეყნიური საზრუნავის, ამბიციებისა და ვნებების მონა არ იყოს. გულის მარხვა ხვთისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულებაა. ეს არის ყველა ცუდი ემოციის მოშორება, როგორიცაა წყენა, სიძულვილი და შური და სხვა მსგავსი, რადგან ისინი გულს აზიანებს.
ძვირფასო მორწმუნენო!
მორწმუნემ ენითაც უნდა იმარხულოს. ენით მარხვა ტყუილის, ცილისწამების, ჭორისა და ბილწსიტყვაობისგან თავშეკავებას ნიშნავს. მორწმუნე მუსლიმი სხვის პატივსა და ღირსებას არ შეეხება. მორწმუნე ასევე უნდა შეეცადოს, რომ ცუდი სიტყვა არ მოისმინოს და რასაც გაიგონებს, გონივრულად აწონ-დაწონოს და დასკვნები ისე გააკეთოს. შუამავალი ასე გვასწავლის: „სანამ მორწმუნე ტყუილის თქმასა და მოტყუებით საქმის კეთებას არ შეეშვება, ღმერთს მისი შიმშილი და წყურვილი არ სჭირდება“. (იხ. ბუჰარი, „სავმ“, 8)
ძვირფასო მორწმუნენო!
მორწმუნე მუსლიმმა არამისკენ ხელი არ უნდა გაიწოდოს. რაც მას არ ერგება ის არ უნდა მიითვისოს. თუ რამეს ყიდის, დაუშვებელია ზომასა და წონაში მოტყუება. მორწმუნე მუსლიმმა თავისი ხელი სიკეთისთვის და სხვათა დახმარებისთვის უნდა გამოიყენოს და არა ძალადობისთვის. მორწმუნე მუსლიმი მხოლოდ სიკეთის გზით უნდა მიდიოდეს და მისი ცხოვრების გზამკვლევი ყურანი და სუნა უნდა იყოს.
ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანის თვეში გაჭირვებულებსა და ობლებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მოვიპატიჟოთ, დავაპუროთ და გავახაროთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც შიმშილისა და წყურვილისთვის არიან გაწირულნი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჩვენ, შეძლებისდაგვარად დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მძმე დღეები უდგათ, განსაკუთრებით ღაზასა და აღმოსავლეთ თურქესტანში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაჩაგრულთა მხარდაჭერა ჩვენი ხელით, ჩვენი ენით და მთელი ჩვენი შესაძლებლობებით.
ძვირფასო მორწმუნენო!
გილოცავთ ძვირფასი რამადანის მობრძანებას! დალოცვილ იყოს ეს ძვირფასი თვე. დაე, ჩვენმა გულმა და გონებამ ყურანის მიერ მოტანილი შვება იგრძნონ. ამ ძვირფასი თვის მადლით, ღმერთმა ქნას დასრულდეს ყველანაირი გაჭირვება და განსაცდელი, განსაკუთრებით კი მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები.
Comment here