ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი რელიგია, ისლამი, მოგვიწოდებს შევინარჩუნოთ რელიგიის, სიცოცხლის, გონების, შთამომავლობისა და ქონების უსაფრთხოება. მან აკრძალა ყველა სახის მავნე ჩვევა, რომლებიც ჩვენს რელიგიასთან შეუთავსებელია და ჩვენს სხეულსა და გონებას ზიანს აყენებს.
ძვირფასო მორწმუნენო!
მავნე ჩვევების სათავეში ალკოჰოლი მოდის. ის ადამიანის გონებას არაადეკვატურს ხდის. შუამავალი ასე გვასწავლის: „ყველაფერი, რაც სიმთვრალეს იწვევს, ჰარამია“. (მუსლიმი, „ეშრიბე“, 74) ალკოჰოლური სასმელები ყველა ბოროტების სათავეა. ალკოჰოლის გამო ბევრი ოჯახი დანგრეულა. ალკოჰოლის მიზეზით მრავალი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და ადამიანები კარგავენ ჯანმრთელობას და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლესაც. ამ მიზეზით, ჩვენს რელიგიაში ალკოჰოლური სასმელების წარმოება, დალევა, ყიდვა-გაყიდვა აკრძალულია.
ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ-ერთი მავნე ჩვევა, რომელსაც კაცობრიობა კატასტროფამდე მიჰყავს, აზარტული თამაშებია. აზარტული თამაშები, რომელიც განიხილება, როგორც მარტივად ფულის შოვნის საშუალება, რელიგიურად არალეგიტიმურ შემოსავლად ითვლება. საბოლოო ჯამში, აზარტული თამაშები ადამიანს სასოწარკვეთისთვის წირავს. ისლამის მიხედვით, აზარტული თამაშები არამადაა შერაცხული. ყურანში ალკოჰოლი და აზარტული თამაშები დაგმობილია და სატანისეულ საქმეებად ითვლება:
„უეჭველად, ეშმაკს სურს მტრობისა და სიძულვილის ჩამოგდება თქვენს შორის ალკოჰოლური სასმელითა და აზარტული თამაშებით. ამით უნდა მოგაცდინოს თქვენ ალლაჰის ხსენებასა და ლოცვას. უკვე თავი ანებეთ არა?!“ (მაიდე, 5/91)
ძვირფასო მორწმუნენო!
კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც გავრცელდა ჩვენს ახალგაზრდებში და ჩვენი მომავლის საფრთხეში ჩაგდებას იწვევს, არის ნარკომანია. ნარკოდამოკიდებულება სერიოზული პრობლემაა და მისი გამომწვევი მიზეზებიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ოჯახურ სითბოს და ღირებულებებს მოკლებული ახალგაზრდები ნარკოდამოკიდებულების საფრთხის წინაშე დგანან. „ერთხელ ვცდი, არაფერი მოხდება“, ამბობენ ახალგაზრდები და ნარკოდამოკიდებულების ჭაობში ეფლობიან. უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: „საკუთარი ხელით თავი საფრთხეში არ ჩაიგდოთ!“. (იხ. ბაყარა 2/195)
ასე რომ, ჩვენი ვალია ოჯახებს, სკოლებს, მეჩეთებს, საჯარო დაწესებულებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდოთ, ერთად, შეთანხმებულად იმოქმედონ და ახალგაზრდობის პრობლემების მოგვარებისთვის იზრუნონ. უნდა ვებრძოლოთ ყველა სახის მავნე ჩვევას, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელები, ნარკოტიკები და მსგავსი, რომლებიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, გონებას და მისი ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება.
ძვირფასო მორწმუნენო!
ვირტუალური გარემო, როგორიცაა ინტერნეტი და სოციალური მედია, გადაჭარბებული და უპასუხისმგებლო გამოყენებისას მავნე ჩვევად იქცევა ხოლმე. ციფრული დამოკიდებულება, რომელიც ბოლო დროს სწრაფად გავრცელდა, ადამიანებს რეალური ცხოვრებისგან აშორებს და დროის ფუჭად ფლანგვას იწვევს. ზოგიერთ მედიაში პირადი და ოჯახური კონფიდენციალურობა იგნორირებულია და ასევე ირღვევა ადამიანების უფლებები ტყუილის, ცილისწამებისა და უსაფუძვლო ბრალდებების საშუალებით, შედეგად კი ადამიანის ღირსება ითელება.
ძვირფასო მორწმუნენო!
ალკოჰოლი და ყველა სხვა მავნე დამოკიდებულება თანამედროვე ეპოქაში ადამიანებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ჯანსაღი თაობების შენარჩნება მავნე ჩვევებზე უარის თქმითაა შესაძლებელი. ეს ჩვევები, რომლებიც ადამიანის ბუნებას არ შეესაბამება, საზოგადოებას სიმშვიდეს და ბედნიერებას ულმობლად ართმევს. არ დაგვავიწყდეს, რომ ის, რაც ბედნიერებას მოგვიტანს ამქვეყნად და საიქიოშიც, არის ალლაჰის მიერ დაწესებული საზღვრების დაცვა და ყოველგვარი ჰარამისა და ბოროტების თავიდან აცილება. ხვთის შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „არსებობს ორი სახის წყალობა, რომელთა შესახებ ადამიანთა უმრავლესობა სცდება. ესენია; ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო!“ (იხ. ბუჰარი, რიქაქ“, 1)
ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ ისევ ვიხსენებთ ღაზაში და აღმოსავლეთ თურქისტანში მიმდინარე სამწუხარო მოვლენებს და ვლოცულობთ მათი გადარჩენისათვის.
Comment here