სათაურებიხუტბა

ლოცვა:
თვალის სინათლე ძვირფასო
მორწმუნენო!

წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
წაიკითხე ის, რაც შთაგეგონა წიგნიდან[1] და აღავლინე ლოცვა. უეჭველად, ლოცვა განდევნის სიავენს და უკეთურს. და რა თქმა უნდა, ალლაჰის ხსენება  მნიშვნელოვანია. და ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიხართ!“ (ანქებუთ, 29/45)

ჰადისის მიხედვით კი ძვირფასი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „განკითხვის დღეს ადამიანი უპირველესად ლოცვის გამო განიკითხება“. (იხ. ნესაი, „მუჰარებე“, 2)

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის ხუთი ძირითადი პრინციპიდან ერთ-ერთი ლოცვაა. როგორც შუამავალი გვასწავლის, ლოცვა სარწმუნოების დედაბოძია. ის მორწმუნეთა თვალის სინათლე და სამოთხის გასაღებია. ჩვენ, მორწმუნეობრივ თვითშეგნებას ლოცვის საშუალებით ვაღწევთ და ღვთის კმაყოფილებას მოვიპოვებთ. მორწმუნენი ლოცვის საშუალებით სულიერ ამაღლებას ვაღწევთ და გულში სიმშვიდე ისადგურებს. ლოცვის დროს მორწმუნენი მხარდამხარ დგებიან და ამით ერთიანობასა და ერთსულოვნებას განამტკიცებენ.   

ძვირფასო მორწმუნენო!
ლოცვა უზენაესი გამჩენის უსაზღვრო წყალობათა მიმართ მადლიერების გამოხატულებაა. მორწმუნე, ლოცვის დროს, გამჩენის წინაშე დგომის პასუხისმგებლობას გრძნობს. ლოცვა ღვთისადმი მინდობისა და სიყვარულის გამოვლინებაა. ლოცვა მუსლიმობის ნიშანი და რწმენის პრაქტიკულად განხორციელების საშუალებაა.   

ძვირფასო მორწმუნენო!
ლოცვა ყოველგვარი ბოროტებისგან გვიცავს. ლოცვა მრავალ კეთილ ჩვევას შეგვძენს. ლოცვის წინ მცირე განბანვას ვასრულებთ, რაც სისუფთავეს უზრუნველყოფს. როდესაც მლოცველი ქააბასკენ დგება, ის ამქვეყნიურ სადარდებელს განერიდება და მხოლოდ სულიერ განწმენდაზეა ორიენტირებული. ლოცვის დაწყებისას წარმოვთქვამთ სიტყვებს: „ალლაჰუ ექბერ!“ და ამით ღვთისადმი უპირობო მინდობას ვადასტურებთ. როდესაც ლოცვის დროს ფეხზე ვდგავართ, ეს სიმართლისათვის მედგრად დგომას გამოხატავს. როდესაც ყურანს ვკითხულობთ, ვადასტურებთ, რომ ყურანი ჩვენი ცხოვრების უმთავრესი გზამკვლევია და მისი დებულებები უნაკლო ჭეშმარიტებაა. ლოცვის დროს ღვთის წინაშე ქედს ვიხრით და ამით გამოვხატავთ, რომ მხოლოდ მას ვეთაყვანებით. ლოცვის დროს შესრულებული სეჯდე კი გამცენთან ყველაზე ახლოს ყოფნის მომენტია. მლოცველი ლოცვას მარჯვნივ და მარცხვნივ მისალმებით ასრულებს. ეს უკანასკნელი ადამიანთა შორის მშვიდობის, სიყვარულისა და დადებითი ურთიერთობის სიმბოლოა.    

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეში ხუთჯერ ლოცვა ყველა ზრდასრული და გონებასრული მუსლიმის ვალდებულებაა. თუ მორწმუნეს რელიგიურად მისაღები მიზეზი არ გააჩნია, ლოცვას არ გააცდენს. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს: და უბრძანე შენს ოჯახს ლოცვა და იყავი მომთმენი მასზე. ჩვენ არ გთხოვთ სარჩოს, ჩვენ თავად გასაზრდოებთ შენ. ხოლო კეთილი აღსასრული[2] ღვთისმოშიშებისთვისაა!“ (ტაჰა, 20/132)

ამრიგად, მორწმუნე მუსლიმი ცდილობს ოჯახის წევრები ლოცვას მიაჩვიოს და ამას ტკბილი ენით აგვარებს. შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „როდესაც ბავშვები შვიდი წლის ასაკს მიაღწევენ, ლოცვას მიაჩვიეთ“. (იხ. ებუ დავუდ,“სალათ“, 26).

ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით, მთელი გულწრფელობით, რწმენითა და მინდობით ღვთის წინაშე დავდგეთ და ლოცვა აღვავლინოთ. ოჯახის წევრები მეჩეთში წავიყვანოთ და იქაური სულიერი გარემო გავაცნოთ. ლოცვა ჩვენს გულებს სულიერ ამაღლებას მოუტანს. ლოცვა ცოდვების ჩადენისგან დაგვიცავს. ლოცვა ყოველდღიურ ჩვევად ვაქციოთ და მის დროულად შესრულებას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ.

ხუტბას ბოლოს კი ისევ ჰადისს შემოგთავაზებთ, სადაც შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ვინც გულით აღიარებს, რომ ხუთი დროის ლოცვა ღვთიური ბრძანებაა და განბანვის, დროის და ლოცვის პირობების გათვალისწინებით დღეში ხუთჯერად ლოცვებს რეგულარულად შეასრულებს, სამოთხეში შევა“.   (იხ. იბნ ჰანბელი, 4, 266)

[1] ყურანიდან
[2] სამოთხე

Comment here