სათაურებიხუტბა

ისლამური
ცივილიზაცია და
საქველმოქმედო ფონდები.

 

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის კიდევ ერთი ძვირფასი საჩუქარი, რომელიც მან კაცობრიობას აჩუქა, საქველმოქმედო ფონდებია. საქველმოქმედო ფონდები გვაძლევს საშუალებას, რომ ის სიკეთე,რომლის გაკეთებაც გვსურს, შესაბამის ადრესატებამდე მივაწვდინოთ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნით კეთდება. ქველმოქმედება ის საშუალებაა, რომლითაც ჩვენზე ბოძებულ წყალობას ღვთისმსახურებად გადავაცევთ. აღნიშნული ფონდების საშუალებით მორწმუნე ადამიანები ახერხებენ მიყვნენ შამავლის მოწოდებას: „ადამიანთა შორის საუკეთესო ისაა, ვინც ადამიანთათვის სიკეთეს აკეთებს“.

ძვირფასო მორწმუნენო!
საქველმოქმედო ფონდები იმ ინსტიტუტებს შორისაა, რომლებიც ერს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ფონდები აძლიერებს ერთიანობას და სოლიდარობას. ისინი მხარს უჭერენ ისეთ სასარგებლო ქმედებებს, როგორიცაა სარჩოს გაზიარება, თანადგომა და სოლიდარობა. ისინი აშენებენ უსაფრთხო და მშვიდობიან საზოგადოებას. ფონდები  თანაგრძნობისა და წყალობის ნერგს ახარებენ. ისინი ხელს უწყობენ მეცნიერებისა და სიბრძნის, კულტურისა და ხელოვნების განვითარებას და გავრცელებას. ისინი  მდიდრებსა და ღარიბებს შორის   ქველმოქმედებისა და სიკეთის ხიდებს აშენებენ. ისინი ხელს უწყობენ სამართლიანობის, ადამიანთა უფლებების, თანასწორობის და ცივილიზაციის განვითარებას, რომელიც  დედამიწაზე ჰუმანურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამში, საქველმოქმედო ფონდები ყოველთვის წახალისებული იყო და ისინი, ვინც მოწინავეა და მხარს უჭერს ამ საქველმოქმედო დაწესებულებებს, შექებას იმსახურებენ. წარსულში ასეთი ფონდების მუშაობის შედეგად აშენდა მეჩეთები, მედრესეები, საავადმყოფოები,  უფასო სასადილოები, ბიბლიოთეკები, ხიდები და შადრევნები. წარსულიდან დღემდე  ფონდები იყო უსახლკაროების, ობლებისა და მოხუცების თავშესაფარი. ის გაჭირვებულთათვის, იმედი და შვება იყო. ქველმოქმედების კულტურას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ისტორიაში, რომ გადამფრენი ფრინველებისთვისაც კი დახმარების ფონდი შეიქმნა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი ცხოვრების წიგნი იხურება. ამ სამი ადამიანის ცხოვრების წიგნი ღია რჩება და მადლის წერა გრძელდება. ადამიანი, რომლის დანატოვარი სიკეთე გაგრძელდება, ადამიანი, რომელიც ცოდნას ადამიანების სიკეთეს მოახმარს და ადამიანი, რომელიც კარგ შვილს დატოვებს, რომელიც მისთვის ვედრებას აღავლენს“. მუსლიმი, „ვასიე“, 14)

ამრიგად, მუსლიმი საზოგადოება ქველმოქმედებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ისინი ყველას ეხმარებიან, სადაც კი ამის საშუალება მიეცემათ.  

ძვირფასო მორწმუნენო!
საქველმოქმედო ფონდებში ერთ-ერთი მოწინავე და დამსახურებული საქმინობით გამორჩეული დიანეთის საქველმოქმედო ფონდია. თითქმის ნახევარი საუკუნეა ეს ფონდი ფუნქციონირებს და სიკეთის გაცემის თვალსაზრისით საზღვრებს არ ცნობს.  თავისი ქველმოქმედებით მთელ მსოფლიოში, ის ყველა დაჩაგრულს იმედს აძლევს, განურჩევლად რელიგიისა, ენისა თუ კანის ფერისა. ის ცდილობს აღზარდოს ადამიანები, რომლებიც ბუნებრივი გარემოსთვის, საზოგადოებისა და კაცობრიობისთვის სასარგებლონი იქნებიან.

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის ტრადიცია ისე ჩამოყალიბდა, რომ საქველმოქმედო ფონდებმა შუამავლის პერიოდიდან დღემდე წარმატებით მოაღწია. ჩვენი ვალია ხელი შევუწყოთ ასეთი ფონდების მუშაობას და ჩვენი წილი სიკეთე ჩვენც გავაკეთოთ. ასევე უნდა გამოვიჩინოთ გულისხმიერება, რათა ის სიკეთე, რომელიც გასაცემია, სწორ ადრესატებამდე მივიდეს.

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: „შეეწიეთ ერთმანეთს ღვთისმოსაობასა და ღვთისმოშიშობაში, მაგრამ არ შეეწიოთ ერთმანეთს ცოდვასა და მტრობაში. და გეშინოდეთ ალლაჰისა, უეჭველად, ალლაჰის საზღაური სასტიკია!“ (მაიდე, 5/2)

ყველაზე დიდი სიკეთე დაჩაგრულთა და დაზარალებულთა დახმარება და მათი მჩაგვრელთაგან დაცვაა. როგორც მუსლიმებმა, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მთელი ჩვენი რესურსის მობილიზება, რათა გადავარჩინოთ ღაზას უდანაშაულო მოსახლეობა, განსაკუთრებით ჩვილი ბავშვები და ქალები, რომლებიც მსოფლიოს თვალწინ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი არიან.

ბოლოს კი ისევ შუამავალის სიტყვებს შემოგთავაზებთ: „როდესაც ადამიანები მოძალადის სისასტიკეს ხედავენ და ამას წინ არ აღუდგებიან, ღვთის რისხვა აუცილებლად თავს დაატყდებათ“. (იხ. თირმიზი, „თეფსირულ ყურან“, 5)

Comment here