სათაურებიხუტბა

ვედრება:
ღვთისადმი მინდობის
სიტყვიერი გამოხატვა

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძნაებს:

“და თუ შეგეკითხებიან შენ (მუჰამმედ) ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ, უეჭველად, მე ახლოს ვარ, შევისმენ მლოცველის ვედრებას, როცა ის შემევედრება. მაშ, შეისმინონ ჩემი და მირწმუნონ მე, ეგებ სწორი გზით წავიდნენ!“ (ბაყარა 2/186)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვასწავლის: „ისე შეევედრეთ ღმერთს, რომ გულით გჯეროდეთ მისი ასრულება… (იხ. თირმიზი, „დეავათ“ 65)

ძვირფასო მორწმუნენო!
ვედრება, ეს არის კარი, რომელიც ჩვენმა ყოვლისშემძლე უფალმა გაჭირვებისა და დალხინების დროს, სიხარულსა და განსაცდელში, ყველა მდგომარეობასა და სიტუაციაში თავშესაფრად გვიწყალობა.

ლოცვა-ვედრება ჩვენი რწმენისა და ღვთისადმი მინდობის სიტყვიერი გამოხატვაა. ის არის უზენაესი გამჩენის ყოვლისშემძლეობის აღიარება და ასევე დასტური იმისა, რომ ჩვენ ის მუდმივად გვჭირდება. ვედრებაც ღვთისმსახურებაა, რომლის დროსაც თაყვანისმცემლობასთან ერთად ღვთის წყალობას, შეწყალებას და შენდობას ვითხოვთ. ლოცვა სულიერი ძალაა, რომელიც გვაცოცხლებს. ეს არის ფარი, რომელიც გვიცავს ბოროტებისგან.

ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთმა ვედრების საუკეთესო მაგალითები ყურანში მოავლინა.

შუამავალი ადამი და მისი მეუღლე ევა ჩადენილი შეცდომის შემდეგ დიდ სინანულს განიცდიან და ღმერთს ასე ევედრებიან:

ღმერთო ჩვენო! უსამართლოდ მოვექეცით საკუთარ თავს და თუ არ მოგვიტევებ და არ შეგვიწყალებ, უეჭველად, ჩვენ წაგებულთა შორის აღმოვჩნდებით!“ (არაფ, 7/23)

შუამავალ აბრაამის ვედრება ღვთისადმი უპირობო მინდობის საუკეთესო მაგალითია. შუამავალი აბრაამი მძიმე გამოცდის გავლის შემდეგ ღმერთს ასე ევედრება: ღმერთო ჩვენო! გვქმენი ჩვენ შენდა მორჩილებად და ჩვენი შთამომავლებიდან  შენდამი მორჩილი თემი. გვასწავლე ჩვენი საღვთო წესები და მოგვიტევე”. (ბაყარა, 2/128)

შუამავალ ეუბის ვედრება მოთმინებასა და სიმტკიცეს გამოხატავს. მას მძიმე სენი შეეყარა და ღმერთს ასე შეევედრა:

„უეჭველად, მე მეწია უბედურება[1] და შენ ხარ ყოვლად მოწყალე მოწყალეთა შორის!“ (ენბია, 21/83)

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალ იოსების ვედრება გამოხატავს სურვილს კარგი, ზნეკეთილი და სასარგებლო ადამიანად ყოფნისა. მასაც მძიმე გამოცდის გავლა მოუწია. მას ცილი დასწამეს და ამის გამო მრავალი განსაცდელის გადატანა მოუწია. ის ღმერთს ასე ევედრებოდა:

„ღმერთო ჩემო! შენ მე მიბოძე ძალაუფლება და მასწავლე სიზმრების ახსნა. ცათა და დედამიწის გამჩენო, შენ ხარ ჩემი მფარველი წუთისოფელში და საიქიოში. მიმიბარე შენ მუსლიმად და დამამკვიდრე კეთილისმქმნელთა შორის[2]!“ (იუსუფ, 12/101)

შუამავალი მოსე ღმერთს დახმარებასა და შეწევნას სთხოვდა. სასტიკი და მოძალადე ფარაონის წინააღმდეგ მედგრად იბრძოდა და იმედი არასოდეს დაუკარგავს.

„ღმერთო ჩემო! გამიფართოვე[3] გული ჩემი და გამიადვილე მე საქმე ჩემი!” (ტაჰა, 20/25-26)

შუამავალი იესო ღმერთს შეწევნასა და ალალ სარჩოს ევედრებოდა:

„ღმერთო ჩემო! გარდმოგვივლინე ზეციდან ჩვენდა სუფრა, იყოს ჩვენთვის დღესასწაული, პირველისათვის ჩვენგან და უკანასკნელისათვის ჩვენგან და სასწაულად შენგან. მოგვმადლე, რამეთუ შენ ხარ საუკეთესო სარჩოს მომმადლებელი!“ (მაიდე, 5/114)

ძვირფასო მორწმუნენო!
არსებობს მრავალი ჰადისი, სადაც შუამავალი ვედრების მაგალითებს გვასწავლის. მის მიერ ნასწავლები ვედრებით ჩვენი გაჩენის მიზანს, ჩვენი გაჩენის არსს, ჩვენს როლსა და ფუნქციას ვიაზრებთ. ამ ვედრებით ვსწავლობთ გზებს, რომლებიც ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერებისკენ წაგვიყვანს. მისი მოძღვრება  რწმენას, ღვთისმსახურებას და საუკეთესო ზნეობას გვასწავლის.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ვედრება დიდი წყალობაა. ნუ მოვაკლებთ ამ წყალობას ჩვენს სულსა და ცხოვრებას. მოდით, ჩვენი ოჯახი, ჩვენი ქვეყანა და მთლიანად კაცობრიობა ღმერთს შევავედროთ და მსოფლიოში სიკეთისა და კეთილდღეობის დამკვიდრებისთვის ვიზრუნოთ. ღმერთს შევევედროთ, რომ ღაზასა და მსოფლიოს სხვა კუთხეებში მიმდინარე ძალადობა დასრულდეს და დედამიწაზე მშვიდობამ დაისადგუროს.  

ახლა კი მოვუსმინოთ ვედრებას, რომელიც ბაყარას სურას ბოლო აიათშია მოცემული:
„ღმერთო ჩვენო! ნუ მოგვკითხავ, თუკი დაგვავიწყდა ან შევცდით! ღმერთო ჩვენო! არ გვატვირთო მძიმე ტვირთი, როგორც იმათ ატვირთე, ვინც ჩვენ უწინარეს იყო!... ღმერთო ჩვენო! არ დაგვაკისრო ის, რისი ძალაც არ შეგვწევს და მოგვიტევე ჩვენ, შეგვინდე და შეგვიწყალე! შენ ხარ მბრძანებელი ჩვენი და დაგვეხმარე ურწმუნო ხალხის წინაშე! (ბაყარა, 2/286)

[1] ეიუბ შუამავალი მდიდარი იყო, მაგრამ მას ეწია უბედურება, ქონებაც დაკარგა და შვილებიც. ასევე მას თავს დაატყდა ავადმყოფობა და იგი  უზენაეს ალლაჰს მიეკედლა. ამ აიათით ნათლად ჩანს ვედრების მეთოდი. ის უზენაეს ალლაჰს ავადმყოფობისგან გათავისუფლებას კი არ სთხოვს, არამედ მისთვის რაც საუკეთესო იყო, იმას ევედრებოდა. ყოველი მუსლიმის ვერდებაც ასეთი უნდა იყოს. ეიუბ შუამავლის ვედრება უზენაესმა ალლაჰმა მიიღო და იგი გაათავისუფლა ავადმყოფობისგან. მას უბოძა ადრინდელზე მეტი ქონება და შვილები. ეიუბ შუამავალი ისლამის ლიტერატურაში მოთმინების მაგალითად მოიხსენიება

[2] ჩემს წინაპრებს შორის, ამის შემდეგ იცოცხლა დაახლოებით ერთი კვირა და გარდაიცვალა 120 წლის ასაკში

[3] რათა შევძლო ამ დიდი მისიის, შუამავლური მისიის ტარება

Comment here