სათაურებიხუტბა

დასვენება, რომელიც ბარაქით
აღივსება ნათესაური
კავშირების მეშვეობით

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი დიადი სარწმუნოება — ისლამი — გვასწავლის, რომ ვიცხოვროთ შეგნებულად და გაწონასწორებულად, არ დავივიწყოთ ჩვენი შექმნის სიბრძნე და არსებობის უმაღლესი მიზანი.

ყურანში ვკითხულობთ:

﴿وَهُوَ مَعَكُمْ أَيْنَ مَا كُنتُمْ﴾ იგი თქვენთანაა, სადაც არ უნდა იყოთ…“ (ჰადიდი, 57/4)

ამ აიათით, უზენაესი გამჩენი შეგვაგონებს, რომ მუდამ მისი ზედამხედველობის ქვეშ ვართ და ჩვენი ცხოვრების ყოველი წამი — მსახურებაა.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ისლამი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ შრომაზე, არამედ დასვენებაზე და განტვირთვაზეც. ჩვენს სარწმუნოებაში მუშაობა რამდენადაც მნიშვნელოვანია, დასვენება იმავე მნიშვნელობას ატარებს. დიადი ალლაჰი ამბობს: „ღამე დავადგინეთ დასასვენებლად და დღე, დროდ ზრუნვისა და შრომისა?! (ნებე, 78/10-11)

ამით, ჩვენი გამჩენი გვსწავლის, რომ ადამიანმა უნდა იპოვოს ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის. მორწმუნეს სჭირდება დრო ფიზიკური და სულიერი განახლებისთვის, ოჯახთან ხარისხიანი დროის გასატარებლად, დაფიქრებისა და ღვთიმსახურებისთვის.

თუმცა, ნუ დავივიწყებთ — მორწმუნეს დასვენებაც, შრომაც, სიხარულიცა და გართობაც უნდა მოექცეს ნებადართული, მორალური და ჰალალის საზღვრებში.

მუსლიმი, როცა ისვენებს, არც მაშინ უნდა განეშოროს ღვთისმოშიშობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას. როგორც ყურანშია ნათქვამი:

﴿فَإِذَا فَرَغْتَ فَانصَبْۙ، وَإِلَى رَبِّكَ فَارْغَبْ﴾
 „როცა ერთი საქმე დაასრულო, მტკიცედ შეუდექი შემდეგს და მხოლოდ შენი ღმერთისკენ გაესწრაფე!“ (ინშირაჰი, 94/7-8)

ძვირფასო მუსლიმებო!
ყურანი მორწმუნეთა თვისებებზე საუბრისას ბრძანებს: „უეჭველად, ნეტარ არიან მორწმუნენი! ისინი, რომელნიც თავიანთი ლოცვაში მოკრძალებულნი არიან! და ისინი, რომელნიც პირს იბრუნებენ ფუჭსიტყვაობისგან!“ (მუ’მინუნი, 23/1-3)

ეს აიათები გვასწავლიან, რომ ჩვენი სიცოცხლე უნდა იყოს შინაარსიანი და მნიშვნელობით აღსავსე — სასარგებლო როგორც ამქვეყნიური, ისე იმქვეყნიური ცხოვრებისათვის.

სამწუხაროდ, ჩვენს დროში ზოგიერთმა დასვენებამ დაკარგა ღვთიური საზღვრებისადმი პატივისცემა — ჰარამი და მორალური გადახვევა ნორმად იქცა, ფუფუნება და ამპარტავნება კი ჩვეულებრივ მოვლენად. ასეთ დასვენებას ისლამში ადგილი არ აქვს.

სინამდვილეში, დასვენება არ უნდა ნიშნავდეს სიზარმაცესა და გადაჭარბებულ ფუფუნებას; ის უნდა იქცეს ნაყოფიერ დროდ — დროდ, როცა ვიფიქრებთ გამჩენის ძალასა და სიბრძეზე, დავაკვირდებით სამყაროს არსსა და წესრიგს. ამგვარად გატარებული დასვენება თავადვე ხდება სწავლა, სულიერი ზრდა და თუნდაც — ღვთისმსახურება.

ძვირფასო მორწმუნეებო!
დასვენება — ეს არის შესაძლებლობა, შვილებს გავაცნოთ ჩვენი სამშობლოს სილამაზე, კულტურული მემკვიდრეობა და ისტორიული სიდიადე.

დასვენება ნიშნავს მშობლების ვედრების მისაღებად დაბრუნებას, ნათესავების მონახულებას, სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას.

დღესაც უამრავ ბებიას, ბაბუას, დედასა და მამას შვილები და შვილიშვილები ენატრება. ისინი ელიან მათ გამოჩენას — თუნდაც ერთი სიტყვით, მოკლე სალამითა და თბილი საუბრით.

ნუ დავივიწყებთ: მშობლისადმი მსახურება და მათი სულიერი თუ მატერიალური მხარდაჭერა მუსლიმის ერთ-ერთი უმთავრესი ვალია ღვთისმოშიშების შემდეგ.

ჩვენი საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ღმერთის კმაყოფილების მოპოვების დამსახურება მშობლის კმაყოფილების მოპოვებაშია, ხოლო ღმერთის რისხვა — მშობლის განაწყენებაში.“ (თირმიზი, ბირრი, 3)

ძვირფასო მუსლიმებო!
დასვენების პერიოდი შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი შვილების რელიგიური, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, აგრეთვე ნათესაური კავშირების გამყარებისა და განახლებისთვის.

როგორც შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ვისაც სურს, რომ სარჩო და სიცოცხლე ბარაქით აივსოს — უნდა მიაქციოს ყურადღება ნათესაურ კავშირებს.“ (ბუხარი, ედები, 12)

ამიტომ, დასვენების დღეებში ნუ დავივიწყებთ მშობლებს, ნათესავებსა და ჩვენს რელიგიურ პასუხისმგებლობებს. ნუ ვაქცევთ დასვენებას ღვთისმოშიშობის დავიწყებად ან ცოდვაში ჩაძირვის პერიოდად.

დასასრულს, გავიხსენოთ ხუტბის დასაწყისში წაკითხული ჰადისი: „ორი წყალობა არსებობს, რომელსაც ადამიანები უმეტესად სწორად ვერ აფასებენ: ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო.“ (ბუხარი, რიყაყი, 1)

Comment here