
ძვირფასო მორწმუნენო!
უსაზღვრო მადლიერებას ვწირავთ უზენაეს გამჩენს, რათა ურიცხვი წყალობით სავსე რამადანის თვესა და რამადანის ბაირამს დაგვასწრო. ვლოცავთ და მივესალმებით ძვირფას შუამავალს, რომელმაც ბაირამი ღვთის ხსენების, ერთიანობის, სიხარულისა და ბედნიერების დღედ გამოაცხადა.
ძვირფასო მორწმუნენო!
ბაირამი დღესასწაულია. ეს არის ერთმანეთთან გულის გადაშლის, სიხარულის გაზიარების დრო. ეს არის დღე, როდესაც ჩვენი ძმობა უფრო მყარდება და მორწმუნეთა გულები თანადგომის სიხარულით ფეთქვას იწყებენ. ბაირამის დღეებში ყველა მორწმუნე მუსლიმი განსაკუთრებულ სიხარულს განიცდის.
ძვირფასო მორწმუნენო!
როგორც ყოველი წყალობა, ბაირამიც მადლიერების გამოხატვის საშუალებაა. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, მადლიერება გამოვხატოთ გამჩენის წინაშე, რომელიც ჩვენი მაცოცხლებელი და სარჩოს მწყალობელია.
ამასთანავე, ცხადია, რომ ბაირამის დღესასწაულად გადაქცევა და სადღესასწაულო განწყობის შექმნა ჩვენს ხელთაა. გამომდინარე აქედან, მოდით, ამ ბაირამის სიხარული და ბედნიერება ყველას გავუზიაროთ. სიკეთე და თანადგომა გავავრცელოთ. მორწმუნე ძმებს ტკივილები დავუამოთ და ნუგეში ვცეთ. დარდი და ცხოვრების ტვირთი შევუმსუბუქოთ.
ასევე გვახსოვდეს შუამავლის შეგონება: „მორწმუნენი ერთმანეთისთვის ერთი შენობის აგურების მსგავსი არიან“. (იხ. ბუჰარი, „სალათ“ 88; მუსლიმ, „ბირ ვე სილა“ 65)

ძვირფასო მორწმუნენო!
ბაირამი ერთმანეთის გახსენებაა. ამ დღეებში სასურველია მშობლების, ნათესავების, მეგობრებისა და მეზობლების მონახულება. ამ დღეებში განსაკუთრებით კარგია ობლებისა და ღარიბების მიმართ გამოჩენილი კეთილი დამოკიდებულება და მათი გახარება. ასევე მნიშვნელოვანია ავადმყოფების მონახულება და ნუგეშისცემა. ამ დღეებში ღიმილი და გულის სითბო არ უნდა დავიშუროთ.
ბაირამი სიყვარულის, მშვიდობისა და შერიგების დღეა. ამ დღეს ერთმანეთს შორის უკმაყოფილება, კამათი, დამდურება უნდა დავივიწყოთ და მთელი ჩვენი გული ძმობასა და მეგობრობას მივუძღვნათ.
ბაირამი ვედრების დროა. დედამიწის რომელ კუთხეშიც არ უნდა ვიყოთ, ხელები აღვაპყროთ და იმ მორწმუნე ძმებისთვის ღმერთს შევევედროთ, რომლებსაც უჭირთ და განსაცდელში არიან. უზენაეს ღმერთს ვთხოვოთ, რომ სისხლისღვრა შეწყდეს და დედამიწაზე მშვიდობამ დაისადგუროს.
ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აიათის მიხედვით, უზენაესი გამჩენი ასე გვიბრძანებს:
„თაყვანი ეცი შენს ღმერთს, ვიდრე არ აღესრულები!“ (ჰიჯრი, 15/99)
სრული მორჩილება გამოვხატოთ ამ ბრძანების მიმართ და ყველა ის ქცევა და კარგი საქმე, რაც რამადანის პერიოდში გვახასიათებდა, მთელი ცხოვრების მანძილზე განვავრცოთ. რამადანის თვის სიმშვიდე, ბარაქა და გულწრფელობა ჩვენი ცხოვრების ყოველი წამში გადავიტანოთ და ვიგრძნოთ.
ამ გრძნობითა და განწყობით ჩვენს ქვეყანასა და მთელ ისლამურ სამყაროს ვულოცავ ამ ძვირფას დღესასწაულს და უზენაეს გამჩენს ვთხოვ, ეს დღე ჩვენი ერთიანობის, თანადგომის, ურთიერთსიყვარულისა და მეგობრობის საწინდარი იყოს. დაე, მთელ მსოფლიოში მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს! გილოცავთ ბაირამს!





Comment here