ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს ჩვენ მძიმე გამოცდას გავდივართ როგორც ინდივიდები, ისე საზოგადოება და კაცობრიობა. ღირებულებები, რომლებიც ადამიანებს ადამიანებად გვაქცევს, როგორიცაა ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები, კანონი, მორალი, სინდისი და თანაგრძნობა; ოკუპანტი ტირანების და მათი მომხრეების მიერ ფეხქვეშ ითელება. ჩვენი პალესტინელი ძმები თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში მსჯავრდებულნი არიან ჩაგვრის, ტყვეობისა და უსამართლობის ქვეშ ცხოვრებისათვის საკუთარ სამშობლოშივე. დღეს ღაზაში მსოფლიო საზოგადოების თვალწინ, ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ჩათვლით იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა და ტარდება დიდი გენოციდი.
ძვირფასო მორწმუნენო!
სასოწარკვეთილი კრიმინალები, რომლებმაც განახორციელეს ეს უპრეცედენტო გენოციდი, გამბედაობას მუსლიმთა დუმილისა და დეორგანიზაციისგან იღებენ. თუმცა ჩვენი უზენაესი რელიგია ისლამი ერთიანობისკენ მოგვიწოდებს. ის მოგვიწოდებს ვიყოთ ერთიანი და ვიმოქმედოთ ერთად. მას სურს, რომ გავაერთიანოთ არა მხოლოდ ჩვენი ლოცვა, არამედ ჩვენი ცოდნა, ძალა, მატერიალური და სულიერი საშუალებები და ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ.
ხალხო!
ეს სისასტიკე საერთო პრობლემაა არა მხოლოდ მუსლიმებისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. მთელი კაცობრიობის სირცხვილია დუმილი და გულგრილობა. ჩვენი ვალია დაჩაგრულთა გვერდში დგომა და ამ ამსიური მკვლელობების დაგმობა. მჩაგვრელები საკუთარ თავს დანარჩენ ერებზე მაღლა აყენებენ და ასე უტიფრად სჩადიან გაუგონარ სისასტიკეს. განურჩევლად ჩვენი ეროვნების, რელიგიის, ენისა თუ რასისა, ადამიანობის ვალდებულებაა წინააღმდეგობა გავუწიოთ ასეთ ხოცვა-ჟლეტას.
ბოროტება, სადაც არ უნდა იქნას ჩადენილი, ბოროტებაა და მას არც ეროვნება და არც რელიგია არ გააჩნია. ჩვენ უნდა დავგმოთ ბოროტება, რადგან ბოროტებაზე თანხმობა ცალკე ბოროტებაა.
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:
„მოკრძალებული იყავით გამოცდისადმი, რომელიც მხოლოდ მათ კი არ ეწევათ, რომელთაც ჩაიდინეს უსამართლობა. და იცოდეთ, უეჭველად, ალლაჰის სასჯელი მკაცრია!“ (ენალი, 8/25)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს:
„როდესაც ადამიანები მჩაგვრელის მიერ ჩადენილ ჩაგვრას დაინახავენ და წინ არ აღუდგებიან, ღვთის რისხვას ვერ გადაურჩებიან“. (იხ. თირმიზი, „თეფსირულ ყურან“, 5)
ამ აიათიდან და ჰადისიდან გვესმის, რომ; თუ ჩვენ არ დავუპირისპირდებით სისასტიკეს, როდესაც კლავენ უდანაშაულო ადამიანებს, ცეცხლი მთელ სამყაროს შემოეხვევა და არავინ იქნება დაცული. თუ ჩვენ ყურადღებას არ მივაქცევთ ბომბების ქვეშ უცოდველი ბავშვების მოთქმას, პასუხი ყველას მოგვეკითხება. არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის არის რაღაც ისეთი, რითიც ყველას შეუძლია ბოროტების წინააღმდეგ დადგეს და მასთან ბრძოლაში წვლილი შეიტანოს. ჩვენ უნდა ვითამაშოთ შემაკავებელი როლი ჩაგვრის თავიდან ასაცილებლად და ჩაგრულს იმედი მივცეთ; უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი ხელით, ენით და გულით. შეგახსენებთ შუამავლის დარიგებას:
„ვინც უსამართლობას შეხვდება, ხელით გამოასწოროს.თუ საამისოდ ძალა არ შესწევს, ენით გამოასწოროს. თუ ესეც არ შეუძლია, გულით დაგმოს.“ (იხ. მუსლიმი, „იმან“, 78)
ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით, თითოეულმა ჩვენგანმა, კაცმა და ქალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, შეასრულოს ჩვენი პასუხისმგებლობა მსოფლიოში მასობრივი ჩაგვრის დასასრულებლად. განვაგრძოთ დგომა ჭეშმარიტების მხარეს და სიცრუის წინააღმდეგ. გვჯერა, რომ ეს მძიმე დღეები აუცილებლად დასრულდება. მჩაგვრელთა ჩაგვრა აუცილებლად დასრულდება, ჩაგრულნი გაიღიმებენ და გამარჯვება მორწმუნეების მხარეს იქნება. ხუტბას ბოლოს კი კიდევ ერთ აიათს მოვუსმინოთ:
„და როცა ჯალუთისა და მისი ლაშქრის პირისპირ დადგნენ, თქვეს: ღმერთო ჩვენო! მოგვმადლე სიმტკიცე, მუხლი გაგვიმაგრე და შეგვეწიე ურწმუნო ხალხის წინაშე!“ (ბაყარა, 2/250)
Comment here