სათაურებიხუტბა

ბერათის ღამე:
ცოდვებისგან
განწმენდის დრო

ძვირფასო მორწმუნენო!
ხვალ საღამოს ბერათის ღამეა, რომელიც ძვირფასი რამადანის თვის მახარობლად ითვლება. უსაზღვრო მადლიერებას ვწირავთ უზენაეს გამჩენს, რათა კიდევ ერთხელ მოგვმადლა წყალობა და ამ ძვირფას პერიოდს მოგვასწრო. ასევე,  ვლოცავთ და ვესალებით ძვირფას შუამავალს. დალოცვილ იყოს ბერათის ღამე!

ძვირფასო მორწმუნენო!
ბერათის ღამე მიმდინარე ცხოვრების ანალიზის დროა. ამ ღამეს უნდა დავფიქრდეთ ჩვენს განვლილ ცხოვრებაზე და ჩვენი ცხოვრების სტილიდან უნდა ამოვიღოთ ყოველი სიტყვა და საქმე, რომლებიც ჩვენი გაჩენის მიზანს არ შეეფერება. უნდა დავივიწყოთ ყოველგვარი ნეგატიური გრძნობები, რომლებიც მორწმუნეთა ერთიანობას ხელს უშლის. უნდა უკუვაგდოთ შური, ბოღმა, რისხვა და წყენა და ურთერთობები სიყვარულით განვამტკიცოთ. უზენაესი გამჩენი მწყალობელია და ამის შესახებ ის წმინდა აიათით გვატყობინებს:

სიავის საზღაური მისი ტოლფასი სიავეა. მაგრამ ვინც მიუტევებს და მშვიდობას დაამყარებს, მაშინ გასამრჯელო მისი ალლაჰთანაა. უეჭველად, მას არ უყვარს უსამართლონი“. (შურა, 42/40)

ძვირფასო მორწმუნენო!
ბერათს ღამე მონანიების დროა. ჩვენ გულწრფელად უნდა მოვინანიოთ ჩვენი შეცოდებანი და ვეცადოთ, რომ აღარ გავიმეოროთ. ღმერთი მოწყალე და მიმტევებელია.

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შესთხოვეთ ალლაჰს მიტევება გულწრფელი მიტევებით. დაე, თქვენმა უფალმა დაფაროს თქვენი ცოდვები და შეგიყვანოთ სამოთხენში“… (თაჰრიმ,66/8)

ამრიგად, ჩვენ უნდა მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები და ეს ღამე ახალი, მორწმუნოებრივი ცხოვრების დასაწყისად მივიჩნიოთ. მოვერიდოთ არამს და ყველა იმ ქმედებას, რაც ღმერთთან დაახლოებაში ხელს შეგვიშლის. არასოდეს დავიავიწყოთ, რომ ღმერთი მოწყალეა და მისი იმედი არ მოვიშალოთ. შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ღმერთს ჩვენი მონანიება იმაზე მეტად უხარია, ვიდრე იმ მსახურს, რომელმაც მნიშნელოვანი რამ დაკარგა და შემდეგ ის იპოვა“. (იხ. მუსლიმი, „თევბე“, 2)

ძვირფასო მორწმუნენო!
ბერათის ღამე, ამავდროულად ვედრების დროა. ვედრება არსია მსახურებისა და თაყვანისცემისა. ვედრება უბადლო წყალობაა, რომელიც განსაცდელის ჟამს მოთმინებას ადა გამძლეობას გვაძლევს. ვედრება, ღვთის წინაშე, ჩვენი უმწეობის, ჩვენი მდგომარეობის გამოხატვის საუკეთესო ფორმაა. ვედრება ღვთისადმი მინდობა და შედეგის მისდამი მოლოდინია: გამჩენი ასე ბრძანებს:

და ბრძანა თქვენმა ღმერთმა: „შემევედრეთ და შევისმენ თქვენს ვედრებას. უეჭველად, რომელნიც მედიდურობას ავლენენ ჩემდამი მსახურებაში, შევლენ ჯოჯოხეთში დამცირებულნი“. (მუმინი, 40/60)

ბერათის ღამის შესახებ შუამავალი გვასწავლის, რომ ამ ღამით ღმერთი მსახურებს ასე მიმართავს: „მიტევება არავის სურს, რომ მივუტევო?! სარჩო არავის სურს, რომ ვუწყალობო?! უბადურება არავის სჭირს, რომ შემევედროს და შვება მოვჰგვარო?! (იხ. იბნ მაჯე, „იქამეთ“, 191)

ამრიგად, მოდით, გულწრფელი ვედრება აღვავლინოთ ღვთის წინაშე და მისი წყალობის იმედი ვიქონიოთ. ჩვენთან ერთად ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, მეგობრების და ყველა მორწმუნე ძმის სიკეთე ვისურვოთ. ასევე შევევედროთ ჩვენი სამშობლოს სიძლიერისა და კეთილდღეობისათვის. ასევე გავიხსენოთ ყველა ის ადამიანი ვინც განსაცდელშია და ღმერთს ვთხოვოთ მათი უბედურება მალე დასრულდეს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ღაზაში და აღმოსავლეთ თურქისტანში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა.       

ძვირფასო მორწმუნენო!
იმისათვის, რომ განვიწმინდოთ და ამ წყალობით ვისარგებლოთ, ვეცადოთ ვიყოთ გულწრფელი მორწმუნეები, როგორც ეს აღწერილია ყურანში და სუნაში. სრულად დავემორჩილოთ ჩვენი გამჩენის ბრძანებებს და მთელი ძალისხმევით მოვერიდოთ მის აკრძალვებს. შორს ვიყოთ ყოველგვარი ბოროტებისგან, უსამართლობისა და მჩაგვრელობისგან. დავეხმაროთ ყველა გაჭირვებულს და ჩვენი მორწმუნე ძმების გული მოვიგოთ. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს ტვირთი შევუმსუბუქოთ.  

ამრიგად, კიდევ ერთხელ უსაზღვრო მადლიერებას ვწირავთ სამყაროს გამჩენს და ვევედრებით, განსაცდელში ჩავარდნილი ღაზას მოსახლეობა და სხვა ჩაგრული  ადამიანები მჩაგვრელთა აგრესიისაგან გაათავისუფლოს.

Comment here